ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე არსებულ მეწყრულ ზონაში, მთის ფერდის მცირე ნაწილი ჩამოიშალა, რის გამოც აღნიშნულ გზაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ადგილზე დედაქალაქის მერიის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები, გეოლოგები და კონსტრუქტორები იმყოფებოდნენ.
ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ფერდის გამაგრების საპრევენციო ღონისძიებები დაიგეგმა.
„პრევენციული სამუშაოების წარმოების მიზნით, 26 ნოემბერს, 00:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე და ასევე, 27 ნოემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“, - აღნიშნულია განცხადებაში.