ავტორი:

"ყველაზე მეტად იმის მრცხვენოდა, ჩემს კლასელებს არ გაეგოთ, რომ დევნილების საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი" - ნათია თოდუა

"ყველაზე მეტად იმის მრცხვენოდა, ჩემს კლასელებს არ გაეგოთ, რომ დევნილების საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი" - ნათია თოდუა

25 წლის ნათია თოდუას საზოგადოება კარგად იცნობს. 2017 წელს მომღერალი გერმანული "ახალი ხმის" გამარჯვებული გახდა. მას შემდეგ, ნათია გერმანიაში ცხოვრობს და წარმატებულ მუსიკალურ კარიერას აგრძელებს.

თბილისში დაბადებულმა და გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში გაზრდილმა გოგონამ, გალის მე-13 სკოლა დაამთავრა. თუმცა მის ცხოვრებაში იყო პერიოდი, როდესაც რამდენიმე წლის განმავლობაში თბილისში ცხოვრობდა და დედამ დედმამიშვილებთან ერთად დედაქალაქის სკოლაში მიიყვანა.

გადაცემაში "დავით გორგილაძის აუტანელი სიმბუქე“, ნათია თავისი ცხოვრების იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც სკოლაში თავისი სახლის მისამართის დამალვა უწევდა, რათა კლასელებს არ გაეგოთ, რომ დევნილების საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა

ნათია თოდუა

- დღემდე მახსოვს და არასოდეს დამავიწყება აფხაზეთიდან თბილისში რომ გადმოვედით, დედამ მე, ჩემი და-ძმები და ბიძაშვილები აქაურ სკოლაში შეგვიყვანა. მთელი ღამე არ მეძინა, ჩემთვის იყო ჩვეულებრივი გამოცდა, რადგან სკოლაში ქართულად უნდა მესაუბრა, ბავშვებთან კომუნიკაცია უნდა დამემყარებინა, რომლებიც სულ სხვა გარემოში გაიზარდნენ და ცხოვრობდნენ ისეთ ქალაქში, როგორიც თბილისია.

35 ბავშვი ვიყავით კლასში და როდესაც გამოაცხადეს, ჩვენი ახალი მოსწავლე ნათია თოდუა აფხაზეთიდან, ყველა მეკითხებოდა, შენ აფხაზი ხარ არა? - არასოდეს დამავიწყდება ეს გამოცალკევება. ყოველი დღე რაღაცის დამტკიცება მჭირდებოდა სკოლაში. ყველაზე მეტად იმის მრცხვენოდა, ჩემს კლასელებს არ გაეგოთ, რომ დევნილების საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი. ეს დღესაც ხინჯად მაქვს.

ერთხელ კლასელებმა გადავწყვიტეთ, რომ ყველას ერთმანეთი გაგვეცილებინა, ძალიან არ მინდოდა იმ კორპუსში მიმეყვანა, სადაც ვცხოვრობდი. ამიტომ სხვა კორპუსში მივიყვანე, სხვა სადარბაზოში შევედი, ხელს ვუქნევდი რომელიღაც სართულიდან, მოვედი, აქ ვარ. როდესაც დაბნელდა და მივხვდი, რომ სახლში უნდა წავსულიყავი. იმ ღამეს მშვიდად დავიძინე, რომ ჩემმა კლასელებმა ვერ გაიგეს სად ვცხოვრობდი. მეორე დღეს სკოლაში რომ მივედი, მითხრეს, თოდუა, გავიგეთ უკვე სადაც ცხოვრობ.

რეალობას შევეჯახე, ჩემი გადმოსახედიდან ეს იყო ყველაზე ძლიერი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში რამაც ჩამოაყალიბა ნათია თოდუა ისეთად, როგორიც ახლა არის. გამიმართლა, რომ შევძელი ამ ბრძოლით მეცხოვრა და მესწავლა ამ ყველაფერთან გამკლავება. დღეს მეამაყება, მაგრამ მაშინ ცოტა რთული იყო ამის გაგება...“