ავტორი:

2022 წლის სადღესასწაულო საჩუქრების გზამკვლევი

2022 წლის სადღესასწაულო საჩუქრების გზამკვლევი

ყველასათვის საყვარელი დღესასწაულები ახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დროა, საჩუქრებზე ფიქრი დავიწყოთ.

- რა დავდოთ ნაძვის ხის ქვეშ? რა წავიკითხოთ არდადეგების პერიოდში? როგორ შევარჩიოთ კარგი საჩუქარი? - ეს კითხვები ალბათ ყველა ადამიანს ზამთრის მოახლოებისთანავე უჩნდება. საყვარელი ადამიანებისთვის „სწორი“ საჩუქრის არჩევა ნამდვილად არ არის ადვილი. რაც უფრო მრავალფეროვანი არჩევანი არსებობს, მით უფრო გვიჭირს გადაწყვეტილების მიღება. მაგრამ, საბედნიეროდ, არსებობს ისეთი უნივერსალური საჩუქრებიც, რომლებიც ყველას უხარია. სწორედ ასეთი საჩუქარია წიგნი!

არ არსებობს წიგნის მაღაზიაზე საუკეთესო და ჯადოსნური ადგილი არდადეგებისა და დღესასწაულებისთვის. წიგნის მაღაზიაში ყოველთვის შეიძლება კარგი სადღესასწაულო საჩუქრის შერჩევა!

გამომცემლობა „პალიტრა L“ წიგნების სადღესასწაულო სეზონს გახსნილად აცხადებს და წიგნების ყოველკვირეულ გზამკვლევს გთავაზობთ. საუკეთესო წიგნების მიმოხილვები საუკეთესო საჩუქრის არჩევაში დაგეხმარებათ.

ჯერომ სელინჯერი - „თამაში ჭვავის ყანაში“

მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს მწერალს, ჯერომ სელინჯერს სახელი და დიდება ამ ერთადერთმა რომანმა მოუტანა. წიგნის სიუჟეტი ძალიან მარტივია. ის გვიყვება 16 წლის მოზარდზე, ჰოლდენ კოლფილდზე, რომელიც სკოლიდან გარიცხეს და სახლში მიემგზავრება. გმირს არ მოსწონს საზოგადოება და თავის გარშემო ყველაფერი ყალბი ეჩვენება. მას უჩნდება პროტესტის გრძნობა და ცდილობს იპოვოს გამოსავალი ამ მდგომარეობიდან. ცდილობს იპოვოს რაღაც ნამდვილი და ფასეული, რის გამოც ღირს ცხოვრება.

ადამიანები, რომლებმაც ეს წიგნი წაიკითხეს, ორ ნაწილად იყოფიან. არიან ისეთები, ვისაც ძალიან უყვარს და არიან ისეთები, რომლებმაც ვერ გაიგეს წიგნის არსი. ამისდა მიუხედავად, „თამაში ჭვავის ყანაში“ მსოფლიო ლიტერატურის და თანამედროვე პროზის კლასიკად იქცა.

ჰოლდენ კოლფილდი საბოლოოდ პოულობს თავისი ცხოვრების აზრს და პასუხს სცემს თავის მთავარ კითხვას - ვინ უნდა რომ იყოს და რა უნდა, რომ აკეთოს ცხოვრებაში. მიდის დასკვნამდე, რომ უნდა დაიჭიროს პატარა ბავშვები უფსკრულის წინ, ჭვავის ყანაში, რომელიც მეტაფორულად წარმოადგენს ზიზღს ჩვეულებრივი ცხოვრების მიმართ. მას სურს ადამიანები გადაარჩინოს მათივე ცრუ ფასეულობებისგან, აპათიასა და რუტინაში ჩავარდნისაგან, რაც თავად მას დაატყდა თავს. თუ ჯერაც არ წაგიკითხავთ ეს წიგნი, აუცილებლად წაიკითხეთ! და, ვინც წაიკითხეთ, მაგრამ ვერ გაიგეთ - კიდევ ერთხელ წაიკითხეთ.

აგათა კრისტი - „ვილა ჩალისფერი ცხენი“

აგათა კრისტის ტიპური დეტექტივი ერკიულ პუაროს სტილში. თავიდან წიგნს მისტიკის ელფერი დაჰკრავს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ამ ავტორისთვის ყველაფერს რაციონალური ახსნა აქვს. არსებობს ადამიანთა სია, რომლებიც ერთი შეხედვით ბუნებრივი სიკვდილით მოკვდნენ, მღვდელი, რომელიც ამ სიის ფლობისთვის მოკლეს; ქალი, რომელმაც სიკვდილის წინ ამ ადამიანების გვარები დაასახელა. ასევე, ძველი ვილა, სადაც სამი ექსცენტრიული ქალბატონები ბნელ სპირიტულ რიტუალებს ატარებენ. მთავარი გმირი - მწერალი - ცდილობს ამ ჩახლართული საქმის გახსნას. ამ წიგნში აგათა კრისტიმ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად კარგად იცნობდა ის ადამიანის ბუნებას.

შავი მაგიით და მისტიკის ელემენტებით გაჯერებული რომანი „ვილა ჩალისფერი ცხენი“ გულგრილს ნამდვილად არავის დატოვებს!

ჟან-პოლ დიუბუა - „ყველა ერთნაირად როდი ცხოვრობს“

თანამედროვე ფრანგი მწერლის და ჟურნალისტის - დიუბუას რომანი „ყველა ერთნაირად როდი ცხოვრობს“ ქართულ ენაზე გამოცემული პირველი რომანია.

წიგნში, როგორც ცხოვრებაში, ჩვენ ყველა არ ვართ „მთავარი გმირები“. მუდამ ვეძებთ ადგილს, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის და სადაც შევძლებთ ჩავუშვათ ჩვენი ემოციური ღუზა, რომელიც ამ სამყაროში დაგვაკავებს და არ მოგვცემს საშუალებას, გავცუროთ სრულიად გაურკვეველი მიმართულებით. გვაიძულებს დავფიქრდეთ საკუთარ ცხოვრებაზე და ღირებულებებზე.

წიგნის მთავარი გმირი, პოლ ჰანსენი მონრეალის პროვინციულ ციხეშია გამოკეტილი - პირქუშ და თითქოს სულიერ არსებაში. ახლა მისი ცხოვრება შმორის სუნისგან, სისასტიკისა და სასოწარკვეთილებისგან შედგება. ამიტომაც ხშირად წარსულს აფარებს თავს - იმ დროს, როცა ბედნიერი იყო თავის ლამაზ ინდიელ ცოლსა და საყვარელ ძაღლთან ერთად; იმ დროს, როცა დედა ჰყავდა. ძალიან ლამაზი, ესთეტი ქალი, და მამა, დანიელი პასტორი, რწმენის ურწმუნო ტყვე; როცა გულღია, კეთილი ადამიანი იყო და ერთ დღესაც სხვების უგულობამ დანაშაულამდე მიიყვანა.

ბერნარდინ ევარისტო - „გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი“

რომანში წარმოდგენილია თორმეტი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული შავკანიანი ბრიტანელი ქალის პოლიფონია, რომელთა ცხოვრება იმაზე ახლოსაა, ვიდრე შეიძლება წარმოიდგინო. მათი ისტორიები ერთმანეთში იხლართება. ეს ისტორიები შესამჩნევს და მნიშვნელოვანს ხდის იმ ადამიანთა ცხოვრებას, რომლებზეც ხშირად არ ვფიქრობთ.

ამა ბონზუ - აფრიკული ფესვების მქონე ბრიტანელი რეჟისორი - თავისი ბოლო წარმოდგენის პრემიერისთვის ემზადება და ღელვისგან გული უსკდება. ასე იწყება 12 ქალის ცხოვრების ამსახველი რომანი-პანო. ამამ, რადიკალმა ფემინისტმა, უნდა გადალახოს უამრავი წინაღობა და უკომპრომისოდ იაროს თავისი ოცნებებისკენ მიმავალ გზებზე. ეს ოცნებები იმდენად კონკრეტული და მკაფიოა, რომ მამაკაცსაც კი ამ ნიშნით ირჩევს დროებით პარტნიორად - ზუსტად იცის, როგორი შვილი უნდა გააჩინოს. და ეს, ალბათ, ერთადერთი კომპრომისია შემოქმედის პირად ცხოვრებაში. ამ პოლიფონიურ რომანში, ამა ბონზუს გარდა, 19 წლის იაზის, 93 წლის ჰეტისა და კიდევ 9 ქალის ამბებია მოთხრობილი.... ეს გულის ამაჩუყებელია, შთამაგონებელი, დამთრგუნველი და ზოგჯერ შემაძრწუნებელი ამბები ისეთივე ნამდვილია, როგორიც მილიონობით სხვა ქალის ცხოვრება, რომელზეც არავის დაუწერია. ეს წიგნი მათზეც არის.

მარიამ გურგენიშვილი - „მარგალიტები“

„15 წლის მარგო სვანეთის უბანში ცხოვრობს, ანანასებზე ოცნებობს, ძალიან ბევრს კითხულობს და ამჩნევს ყველაფერს, რასაც სხვები ვერ ხედავენ. მისი ცხოვრება სავსეა წვრილმანი სასწაულებით და ამ სასწაულების შუაგულში სამნი არიან: მარგო, მისი უმშვენიერესი და, ანა, და პუტკუნა, საყვარელი ბიძაშვილი, ბელა. დიდი ქალაქის ამ პატარა უბანში დღეები ერთმანეთს ჰგავს - უდენობის გამო ტელევიზორს იშვიათად რთავენ, სამეზობლოში ყველას პირად თუ საჯარო ამბებს ხან უბნის ბირჟაზე, ხან ეკლესიაში და ხანაც სამზარეულოებში, ლამპის შუქზე, ფინჯანი ყავის თანხლებით განიხილავენ, ჭორაობენ, ჩხუბობენ, კამათობენ, სიყვარულს უხსნიან... მარგო, რომელსაც უნდა, რომ მწერალი და შინაბერა გამოვიდეს“, დეტალურად გვიყვება ამ ამბებს - ” ხან გვაბრაზებს, ხან გვაცინებს... და ამასობაში ხდება რაღაც, რაც ყველაფერს ცვლის... დებიუტანტი მწერლის, მარიამ გურგენიშვილის, რომანი 1990იანი წლების დასაწყისის თბილისს სრულებით ახლებურად დაგანახვებთ. მკითხველის თვალწინ დროზე ადრე გაზრდილი პერსონაჟები ყველაფერს უძლებენ, რისი გაძლებაც, ერთი შეხედვით, შეუძლებელია. ეს არის სიცილითა და ცრემლებით სავსე ამბავი ქვეყანასა და გოგონებზე, რომლებიც ცდილობენ, ცხოვრება გააგრძელონ და გადარჩნენ. "