ავტორი:

"საზოგადოების პოლარიზებაში მედიას ლომის წილი აქვს" - ქართული ტელევიზიების მიერ შექმნილი პარალელური რეალობა: სად არის გამოსავალი?

"საზოგადოების პოლარიზებაში მედიას ლომის წილი აქვს" - ქართული ტელევიზიების მიერ შექმნილი პარალელური რეალობა: სად არის გამოსავალი?

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, პროფესიულ თუ აკადემიურ წრეებში ხშირია ლაპარაკი მიკერძოებული მედიასაშუალებების როლზე პოლიტიკურ პოლარიზაციაში. არახალია, რომ პოლარიზებული მედიაგარემო საზოგადოებასაც შუაზე ჰყოფს და პოლიტიკური სივრცის რადიკალიზებასაც უწყობს ხელს. ამასობაში, ორ ბანაკად გაყოფილი მაყურებელი ტელეეთერებში ორ რეალობას ხედავს და ტყუილ-მართლის გარჩევა უჭირს. ვინაიდან საქართველოში ინფორმაციის გავრცელების მნიშვნელოვან წყაროდ კვლავ ტელევიზია რჩება, პრობლემა სატელევიზიო სივრცეში განსაკუთრებით შესამჩნევია. ჩვენში ტელევიზიების დიდი ნაწილი ერთი და იმავე პოლიტიკურ, თუ ეკონომიკურ მოვლენას სხვადასხვანაირად აშუქებს, რაც პოლიტიკური ძალების გავლენაზე მიანიშნებს.

მედიის ანალიტიკოსების აზრით, ქართული მედია არჩევნების მოახლოებასთან ერთად, უფრო მეტად პოლარიზებული და დაუბალანსებელი ხდება, რაც შესაბამისად აისახება ყველა ძირითადი პოლიტიკური თემის გაშუქებაზე. მათივე შეფასებით, წამყვანები ხშირად იყენებენ სიძულვილის ენას და აშკარად გამოხატავენ სიმპათიას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მიმართ.

ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) პრესის თავისუფლების 2021 წლის ანგარიშში ვკითხულობთ: "საქართველოს მედია პლურალისტულია, მაგრამ მაინც ძალიან პოლარიზებული“.

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი მიიჩნევს, რომ ქართული მედიის, განსაკუთრებით კი ტელევიზიების პრობლემა სწორედ ის არის, რომ ეს არხები უკვე წლებია ჩამოყალიბდნენ ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად, მედიის ასეთი პოლარიზაცია კი საზოგადოების არაჯანსაღ გაყოფას ზრდის.

სოციოლოგი ambebi.ge-სთან ინტერვიუში განმარტავს, რა უწყობს ხელს პოლარიზებული პოლიტიკური სივრცის წარმოშობას, რა როლი აქვს ამ ყველაფერში მედიას და ასეთ პირობებში, როგორ უნდა წაიკითხოს ინფორმაცია მაყურებელმა ისე, ტყუილ-მართლის გარჩევა რომ შეძლოს.

- საზოგადოებისა და პოლიტიკური სივრცის პოლარიზებაში მიუძღვის თუ არა წვლილი მედიას, რომელიც ორ რეალობას აჩვენებს და ფაქტების სხვადასხვა ინტერპრეტაციას სთავაზობს მაყურებელს?

- საზოგადოების პოლარიზებაში, რასაკვირველია, მედიას აქვს ლომის წილი, ვინაიდან თანამედროვე საზოგადოებაში და სამყაროში მედია არა მხოლოდ ასახავს რეალობას, მეტიც, ის ქმნის რეალობას. რა რეალობასაც მედია აჩვენებს, ის რეალობა იბეჭდება ადამიანების გონებაში. ადამიანები ცხოვრობენ მედიის მიერ შექმნილ რეალობაში, ამიტომ ამ პოლარიზებაში მედიის როლი ძალზე მნიშვნელოვანია. აქ ძალიან რთულია მოქალაქემ ტყუილ-მართალი გაარჩიოს. საბედნიეროდ, ჯერ კიდევ დარჩენილია ე.წ. მედიასტანდარტები და არსებობს გარკვეული მაკონტროლებელი ინსტიტუტები, რომლებიც ამ მედიასტანდარტების შესრულებას ადევნებს თვალყურს. მაგალითად, საქართველოში ასეთია "ჟურნალისტური ეთიკის ქარტია". აღსანიშნავია სასამართლოს როლიც - მედია თუ მნიშვნელოვან გადაცდომას სჩადის, ცილისწამებას ეწევა, მედიასაშუალებას ვინმემ ამაზე პასუხი უნდა აგებინოს სასამართლოს ძალით. იმის თქმა მინდა, რომ მედიასტანდარტის მიხედვით, ჯერ კიდევ არსებობს ორი რამ - ერთია ფაქტი და მეორეა ფაქტის ინტერპრეტაცია. მედიებს მოეთხოვებათ, რომ ფაქტი არ დაამახინჯონ, ე.ი. ფაქტების დამახინჯება უკვე არის მედიასტანდარტის დარღვევა. თავისუფალი ინტერპრეტაციის თვალსაზრისით, აქ შემოდის "საზოგადოებრივი მაუწყებელი", რომელსაც ცოტა სხვა სტანდარტი წაეყენება - "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" ფაქტების ინტერპრეტაცია უნდა მოახდინოს ყველა შესაძლო პოზიციის და ინტერესთა ჯგუფების გათვალისწინებით, მაგრამ კერძო მედიას ეს მოთხოვნა უკვე აღარ წაეყენება. კერძო მედიას შეუძლია ფაქტების ინტერპრეტაცია მისი იდეოლოგიური და ღირებულებითი ორიენტაციის, მათ შორის, პარტიულ-იდეოლოგიური ორიენტაციის მიხედვით. ასე რომ, მედიასტანდარტის დარღვევა ის კი არ არის, რომ ის რომელიმე პოლიტიკური ძალის ლოიალობის მიხედვით აფასებს ფაქტებს, არამედ მედიის გადაცდომა, პირველ რიგში, ფაქტების დამახინჯებაზე გადის. აქ უკვე მედიის მომხმარებელმა, მაყურებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს სწორედ იმას, რომელი მედია ამახინჯებს ამბავს და რომელი მიმართავს ცილისწამებას. ფაქტის დამახინჯებაა სწორედ ცილისწამება და ეს არის გამყოფი კრიტერიუმი იმისა, რომელ მედიას ვენდოთ და რომელს - არა. რომელიმე მედია თუ ამახინჯებს ფაქტებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ცუდი მედიაა. რაც შეეხება ფაქტების ინტერპრეტაციას, მომხმარებელმა შეიძლება აირჩიოს რომელიმე მედია მისი გემოვნების და ღირებულების მიხედვთ.

- მედიასაშუალებებს, რომლებიც, როგორც ამბობთ, ფაქტებს ამახინჯებენ, ამასთანავე, თავს არიდებენ ბალანსის დაცვას, რა გავლენის მოხდენა შეუძლიათ როგორც ზოგადად საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე, ასევე სხვა მედიასაშუალებების ახალი ამბების დღის წესრიგზე?

- მათ შეუძლიათ შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება. ფაქტების დამახინჯებას და ინფორმაციის არაობიექტურად გადმოცემას შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში და ასეთ საზოგადოებას, რასაკვირველია, მოვლენებზე არაადეკვატური რეაქციები აქვს. უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება ამ მიმართულებით.

- ცნობილია, რომ მედიის პოლიტიკურ მიკერძოებულობასა და პოლარიზებას რისკები ახლავს. მას პოლიტიკური სივრცის რადიკალიზებაც შეუძლია?

- პოლიტიკური ნიშნით რადიკალიზება არის საზოგადოების გაყოფის ყველაზე მძლავრი წყარო. როდესაც რადიკალიზაცია პოლიტიკურ შეხედულებებს, რომელიმე პარტიის მიმართ პოლიტიკურ ლოიალობას, მხარდაჭერას ეხება, ასეთი რადიკალიზაცია ყველაზე მეტად ჩანს და ყველაზე სტაბილურია. რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ მედიის ლოიალობაც სწორედ პოლიტიკური რადიკალიზაციის წყაროა.

- რა ასპექტები გამოკვეთს და რა მიანიშნებს ტელევიზიების მიკერძოებას, რაზე არიან უმეტესად ორიენტირებული პოლარიზებული მედიასაშუალებები?

- შეგვეძლო გვეთქვა, რომ პოლარიზებული ტელევიზიები ურთიერთსაპირისპირო პოლიტიკური იდეოლოგიებით საზრდოობენ (როგორც ეს ამერიკაში და ევროპის განვითარებულ ქვეყნებშია). თუმცა, საქართველოში იდეოლოგიურ განსხვავებებზე უფრო მეტად მუშაობს პოლიტიკური ლიდერების მიმართ ლოიალობა. ჩვენთან პოლიტიკა მაინც პერსონიფიცირებულია და ის დადის სხვადასხვა პოლიტიკოსების მიმართ ლოიალობაზე. მეორეს მხრივ, ვერ ვიტყვი, რომ ჩვენთან თავად პოლიტიკურ ძალებს თანმიმდევრული და მკვეთრად ჩამოყალიბებული იდეოლოგიური ნიშა აქვთ (იშვიათი გამონაკლისია, მაგალითად, "გირჩი“, მეტ-ნაკლებად -"ლელო“). ჩვენთან პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური ძალები იდეოლოგიური თვალსაზრისით, ზიგზაგებით მოქმედებენ და არათანმიმდევრულები არიან. მედიის მიკერძოებულობაზე მიანიშნებს განსხვავებული პოლიტიკური ლიდერების და პოლიტიკური იდეოლოგების მიმართ მხარდაჭერა. ტელევიზიების მიერ თემების და რესპონდენტების შერჩევა არის ამ ლოიალობის გამოძახილი - ვისაც რომელი პოლიტიკური ძალა მოსწონს, რომელ პოლიტიკურ იდეოლოგიას ემხრობა, მისი მხარდამჭერი და მისი წარმომადგენელი მოჰყვას სტუდიაში. ვერ ვიტყვი, რომ ეს არანორმალურია. პრინციპში, საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა იმიტომ გაჩნდა მსოფლიოში, რომ უნდა არსებობდეს ტელემედია საზოგადოებაში, რომელსაც არა მხოლოდ ფაქტების დამახინჯება ეკრძალება, ასევე, მოეთხოვება დააბალანსოს ფაქტების ინტერპრეტაციები, სხვადასხვა იდეოლოგიური პოზიციიდან, სხვადასხვა პოლიტიკური ძალების პოზიციიდან შეაფასოს მოვლენები და არ იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალის, ან პოლიტიკური იდეოლოგიის დომინანტური გავლენის ქვეშ. საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ დაკვეთას ისე არ ასრულებს, როგორც უნდა ასრულებდეს. საბოლოო ჯამში, ასეთი მედიები რომელიმე პოლიტიკური ძალის ხელში პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტებს წარმოადგენენ.

ის, რომ, რომელიმე პოლიტიკური ძალა მის მიმართ ლოიალურად განწყობილ მედიას იყენებს ძალაუფლებისთვის ბრძოლაში, არ არის უჩვეულო რამ. ასე მარტო საქართველოში კი არა, მაღალგანვითარებულ ქვეყნებშიც იქცევიან. კერძო მედიებს აქვთ "ფუფუნება“, რომ ისინი პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად იქცნენ. მედიასტანდარტების დარღვევა გადის ცილისწამებაზე და არა იმაზე, თუ როგორ წარმოაჩენ ამა თუ იმ მოვლენას, რა დატვირთას მისცემ მათ. ვინმემ შეიძლება ჩათვალოს, რომ სამწუხარო რეალობაა, როდესაც მედია პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იქცევა, მაგრამ ასეა მთელ მსოფლიოში "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გარდა. "საზმაუს" მოეთხოვება დაბალანსება და ნეიტრალიტეტი, ანუ სხვადასხვა პოზიციების შეჯერებულად წარმოდგენა.

- ასეთ ვითარებაში ალბათ, დიდი მნიშვნელობა აქვს სივრცეს, სადაც ყველას მოუსმენენ, სადაც მაყურებელს ეძლევა საშუალება, მიიღოს ინფორმაცია ფაქტზე და არა ჟურნალისტების მიერ შეთავაზებულ პოლიტიკურ მოცემულობაზე...

- დაბალანსებული მედიები უნდა არსებობდნენ და ასეთი ტელემედიისთვის ნიშა უნდა იყოს "საზოგადოებრივი მაუწყებელი". ჩვენს რეალობაში "პალიტრანიუსმა“, როგორც ტელევიზიამ, ჩემი აზრით, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ფუნქციას იტვირთა. მე რასაც ვაკვირდები, "პალიტრანიუსი“ ცდილობს, რომ იყოს ერთგვარი ალტერნატივა "საზმაუსი" და იყოს დაბალანსებული. ეს ნამდვილად ემჩნევა მას სტუმრების მოწვევის, მოვლენათა გაშუქების და მათი ინტერპრეტაციების თვალსაზრისითაც. ის ფაქტების დამახინჯებასაც მაქსიმალურად ერიდება, ყოველ შემთხვევაში, მე არ მახსოვს, ამ თვალსაზრისით რაიმე მძიმე შემთხვევა. რა თქმა უნდა, "პალიტრანიუსს“ არ აქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იმხელა ფინანსური გარანტიები, რაც აქვს "საზმაუს", მაგრამ ფუნქციას, რომ მოვლენები შეაფასოს სხვადასხვა იდეოლოგიის, ღირებულებების და დაბალანსების გათვალისწინებით, ის ზედმიწევნით ასრულებს.