ავტორი:

"სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებულია - ვერ ვხედავ საჭიროებას, პაციენტმა უცხოეთში გააგრძელოს მკურნალობა" - ეკატერინე ტიკარაძე

"სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებულია - ვერ ვხედავ საჭიროებას, პაციენტმა უცხოეთში გააგრძელოს მკურნალობა" - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მკურნალობის გაგრძელებას უცხოეთში არ საჭიროებს.

როგორც ტიკარაძე აღნიშნავს, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის გაუმჯობესებულია.

"პაციენტი დღესდღეობით თერაპიულ საწოლზე თერაპიული კოდით მკურნალობს, ჩვენ ექიმებს გააჩნიათ სრული გამოცდილება, თუ როგორ უნდა მართონ მსგავსი პაციენტი, ჯანდაცვის სამინისტრომ ამ მიმართულებით ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა დამატებით პროტოკოლი, რომელიც რა თქმა უნდა, საერთაშორისო გამოცდილებაზეა დაყრდნობილი, ის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ჩვენგან რეკომენდებულია გორის ჰოსპიტალზე, ისევე როგორც პენიტენციურ სამსახურზე, აქტიურად მართავენ პაციენტის გამოჯანმრთელების პროცესს, მისი მდგომარეობა დღესდღეობით გაცილებით გაუმჯობესებული და დამაკმაყოფილებელია. პირადად მე, ვერ ვხედავ ვერანაირ საჭიროებას იმისას, რომ პაციენტმა უცხოეთში გააგრძელოს მკურნალობა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

კითხვაზე, თუკი მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში მკურნალობის გაგრძელებაზე ექიმების რეკომენდაცია იქნება, რა პოზიცია ექნება ჯანდაცვის მინისტრს, ტიკარაძე პასუხობს, რომ „არიან ექიმები, რომლებიც პაციენტის ნახვის გარეშე სვამენ დიაგნოზებს“.

"ექიმების რეკომენდაცია არის ძალიან ხშირად არაერთგვაროვანი, ასევე არიან ექიმები, რომლებიც პაციენტის ნახვის გარეშე სვამენ გარკვეულ დიაგნოზებს და გარკვეულ გადაწყვეტილებას იღებენ, ამ პაციენტს ჰყავს რამდენიმე მკურნალი ექიმი, რომელიც უშუალოდ მართავს მას თავის საწოლთან და ჩემთვის გაცილებით უფრო კომპეტენტური იქნება იმ ექიმების შეფასება და რეკომენდაცია, რომელიც უშუალოდ არის პროცესში ჩართული და არა მათი, რომლებსაც ერთხელაც არ ჰყავს პაციენტი ნანახი“, - განაცხადა ტიკარაძემ.