ავტორი:

ვინ არის მაგდალენა ანდერსონი, რომელიც შვედეთის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს, თუმცა მხოლოდ რამდენიმე საათით: არჩევა და გადადგომა

ვინ არის მაგდალენა ანდერსონი, რომელიც შვედეთის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს, თუმცა მხოლოდ რამდენიმე საათით: არჩევა და გადადგომა

ამ ორიოდე დღის წინათ მაგდალენა ანდერსონი შვედეთის ისტორიაში პირველი ქალი - პრემიერ-მინისტრი გახდა, მაგრამ მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე მან ძალიან მცირე ხანს დაჰყო: რამდენიმე საათიც არ იყო გასული დანიშვნიდან, რომ მაგდალენა თანამდებობიდან გადადგა.

გადადგომის მიზეზი, როგორც შვედეთის რადიო აცხადებს, არის ის, რომ შვედეთის "მწვანეთა“ პარტია გავიდა სოციალ-დემოკრატებთან (ანუ მაგდალენა ანდერსონის პარტიასთან) ერთად შექმნილი სამთავრობო კოალიციიდან. თავის მხრივ, "მწვანეთა“ უკმაყოფილების მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ შვედეთის პარლამენტმა (რიკსდაგმა) უარი განაცხადა მთავრობის მიერ შემუშავებული ბიუჯეტის დამტკიცებაზე და უპირატესობა ოპოზიციის მიერ წარდგენილ პროექტს მიანიჭა, რომელიც კოალიციის კიდევ ერთი წევრი პარტიის - "შვედი დემოკრატების“ მიერ იყო მომზადებული.

რასაკვირველია, შვედეთი პრემიერ-მინისტრის გარეშე არ დარჩება. სხვათა შორის, თვითონ მაგდალენა ანდერსონსაც დიდი შანსი აქვს თანამდებობაზე დაბრუნდეს - "მწვანეებმა“ განაცხადეს, რომ მისი კანდიდატურის ხელახალი განხილვისა და კენჭისყრისას ქალბატონს მხარს დაუჭერენ. იგივეს აცხადებენ მემარცხენეთა პარტიის დეპუტატებიც.

თუ სიტუაცია ამ სცენარით განვითარდება, მაგდალენა ანდერსონს შეუძლია ისევ დაიკავოს პრემიერ-მინისტრის სავარძელი და უხელმძღვანელოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ ჩამოყალიბებულ მთავრობას.

  • პირველი ქალი - პრემიერ-მინისტრი შვედეთში

მაგდალენა ანდერსონის დანიშვნამდე შვედეთი ერთადერთი სკანდინავიური ქვეყანა იყო, სადაც ისტორიულად არასდროს ყოფილა ქალი ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელი.

54 წლის მაგდალენა შვედეთის პარლამენტმა პრემიერად სტეფან ლევენის შემდეგ დაამტკიცა. შვედური კანონების მიხედვით, პრემიერ-მინისტრად არჩევა-დამტკიცებისთვის პარლამენტის წევრთა უმრავლესობის თანხმობაა აუცილებელი. მაგდალენა ანდერსონის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 174-მა დეპუტატმა, 11 წინააღმდეგი იყო, თავი შეიკავა 57-მა. ამრიგად, იგი ხმების მინიმალური რაოდენობით აირჩიეს, თუმცა მის დამტკიცებას რიკსდაგის წევრები ოვაციით შეხვდნენ.

მაგრამ დანიშვნიდან პირველივე საათებში მაგდალენა ანდერსონი დიდი სირთულის წინაშე დადგა: მემარჯვენე ოპოზიციურმა პარტიებმა იგი გააფრთხილეს, რომ ქვეყნის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერდნენ. მან დაინახა, რომ სიტუაცია ჩიხში შედიოდა და ამიტომაც პოსტი დატოვა.

  • ვინ არის მაგდალენა ანდერსონი?

მაგდალენა პროფესიით ეკონომისტია - ჯერ უფსალის უნივერსიტეტში სწავლობდა, შემდეგ დაამთავრა სტოკჰოლმის უმაღლესი ეკონომიკური სკოლა და 1992 წელს ბაკალავრის ხარისხი მიიღო.1995 წელს სწავლა ჰარვარდის უნივერსიტეტში გააგრძელა და წარმატებით დაასრულა. მაგდალენა სპორტსმენიც გახლდათ - იგი ყოფილი ჩემპიონია ცურვაში უფსალის უნივერსიტეტის გუნდიდან. თავისი პოლიტიკური კარიერა მაგდალენამ 1996 წლიდან დაიწყო, როცა პოლიტიკური მრჩევლის სტატუსით მუშაობას ქვეყნის იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის იორან პერსონის ოფისში შეუდგა. 2014 წელს მაგდალენა ანდერსონი შვედეთის ფინანსთა მინისტრი გახდა - მის დანიშვნამდე ამ პოსტზეც ქალს არ უმუშავია.

როგორც ბი-ბი-სი-ს სტოკჰოლმელი კორესპონდენტის მადი სევეჯი ამბობს, შვედეთი ცნობილია თავისი "ფემინისტური მთავრობებით“ და გენდერული თანასწორობის პოლიტიკით, სადაც მამაკაცები და ქალები თანაბრად არიან წარმოდგნელინი საზოგადოებაში, ერთნაირი უფლებები და მოვალეობები აქვთ - მაგალითად, ბავშვის მოვლისთვის დადგენილი შვებულებით მამაკაცებიც სარგებლობენ.

თუ მხედველობაში მივიღებთ ამ ყველაფერს, პარადოქსული შეიძლება ვუწოდოთ იმ სიტუაციას, რომ შვედეთს ქალი - პრემიერ-მინისტრი აქამდე არასოდეს ჰყოლია, თანაც იმ ფონზე, როცა სკანდინავიის სხვა ქვეყნებში ქალები მთავრობას ხშირად ხელმძღვანელობდნენ და ახლაც არიან აღმასრულებელი ხელისუფლების სათავეში. მაგალითად, ნორვეგიაში პირველი ქალი - პრემიერ-მინისტრი ჯერ კიდევ 20 წლის წინათ, 1981 წელს დაინიშნა.

  • რატომ ჩამორჩა მეზობლებს შვედეთი?

ძნელია იმის თქმა, თუ რატომ ჩამორჩა შვედეთი თავის მეზობლებს, მით უმეტეს, რომ ამ ქვეყანაში ქალები დიდი ხანია აქტიურად მოღვაწეობენ ყველა სფეროში, მათ შორის პოლიტიკაშიც. რიკსდაგის წევრთა ნახევარს ქალები შეადგენენ, ხოლო ამჟამად პარლამენტში წარმოდგენილი რვა პარტიიდან - ექვსის ლიდერები ქალები არიან.

ერთ-ერთ ფაქტორი შეიძლება ის იყოს, რომ სოციალ-დემოკრატები დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ მთავრობაში, მმართველ პარტიებს კი ძალიან ხშირად ლიდერების შეცვლის ნაკლები შანსი აქვთ.

რა თქმა უნდა, ადრე შვედეთშიც იყო პრემიერ-მინისტრის პოსტზე ქალის დანიშვნის მცდელობები: მაგალითად, 2000-იანების დასაწყისში ანა ლინდი რეალურ კანდიდატად მიიჩნეოდა სოციალ-დემოკრატ იორან პერსონის შემდეგ, მაგრამ იგი ტრაგიკულად დაიღუპა დანით მიყენებული ჭრილობების შედეგად.

კიდევ ერთი პოტენციური პრემიერი შეიძლებოდა გამხდარიყო მონა სალინი, რომელიც სოციალ-დემოკრატიულ პარტიას 2007 წლიდან 2011 წლამდე ხელმძღვანელობდა, თუმცა იგი ხალხში მაინცდამაინც პოპულარობით არ სარგებლობდა და ამიტომ 2010 წელს არჩევნები წააგო.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ