ავტორი:

"არ დარჩენილა ცივილიზებული სამყაროს წარმომადგენელი, რომელსაც არ ეთქვას, რომ საქართველოსთვის უმწვავესი პრობლემაა სასამართლოს სისტემა" - ბადრი ჯაფარიძე

"არ დარჩენილა ცივილიზებული სამყაროს წარმომადგენელი, რომელსაც არ ეთქვას, რომ საქართველოსთვის უმწვავესი პრობლემაა სასამართლოს სისტემა" - ბადრი ჯაფარიძე

"კარლ ჰარცელმა პირდაპირ თქვა, რომ საქართველომ ვერ მიიღო მაკროფინანსური მხარდაჭერა, რადგან "ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა აღებული ვალდებულება სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. ამის ფონზე, "ოცნების“ სპიკერები ურცხვად ამბობენ, რომ "ჩვენ ისეთი სასამართლო რეფორმა გავატარეთ, რომელიც შექებას იმსახურებს ყველა ექსპერტის მხრიდან“ - ამის შესახებ "ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს მართლმსაჯულების სისტემა.

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, ევროკავშირის ელჩმა ღიად განაცხადა, რომ "ქართული ოცნება“ ქვეყნისთვის დამაზიანებელ ნაბიჯებს დგამს.

"ქვეყანას ახლა აქვს ძალიან მძიმე გამოწვევები ბევრი მიმართულებით და პირველ რიგში, ეს არის მართლმსაჯულების პრობლემა. საუბარი რაიმე ეკონომიკურ ინიციატივაზე და რეფორმაზე, იმ დროს, როდესაც ჩვენ გვაქვს ასეთი მართლმსაჯულება, ასეთი სასამართლო, არის არასერიოზული.

დღეს ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის ელჩის პირდაპირი, ღია პოზიცია გამოხატული, იმ დამაზიანებელი ნაბიჯების მიმართ, რომელსაც "ქართული ოცნება“ დგამს. შეერთებული შტატები, ყველა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, თვე არ გავა, არ უთხრან "ქართულ ოცნებას“, რომ შეაჩერეთ ეს დანიშვნები ქვეყანაში იმისათვის, რომ დაიწყოს რეალური რეფორმა სასამართლო სისტემის. პირდაპირ თქვა კარლ ჰარცელმა, რომ საქართველომ ვერ მიიღო მაკროფინანსური მხარდაჭერა იმის გამო, რომ "ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა აღებული ვალდებულება სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. ამის ფონზე, "ქართული ოცნების“ სპიკერები ურცხვად ამბობენ, რომ "ჩვენ ისეთი სასამართლო რეფორმა გავატარეთ, რომელიც შექებას იმსახურებს ყველა ექსპერტის მხრიდან“. ამასობაში, არ დარჩენილა, ცივილიზებული სამყაროს წარმომადგენელი, რომელსაც არ ეთქვას, რომ ეს არის უმწვავესი პრობლემა ქვეყნისთვის, ის სასამართლოს სისტემა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ“ ჩააცემენტა და ამით ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას და მის პერსპექტივას“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.