ავტორი:

რა ვიცით კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი ვარიანტის შესახებ და რა იწვევს მეცნიერთა შეშფოთებას - "ეს მიუთითებს, რომ შეიძლება უფრო გადამდები იყოს"

რა ვიცით კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი ვარიანტის შესახებ და რა იწვევს მეცნიერთა შეშფოთებას - "ეს მიუთითებს, რომ შეიძლება უფრო გადამდები იყოს"

მედიაში კორონავირუსის კიდევ ერთ ახალ ვარიანტზე წერენ, რომლის გარშემოც სპეციალისტების "მზარდი შეშფოთებაა.“ ახალი ვარიანტის აღმოჩენის შესახებ რამდენიმე დღის წინ სამხრეთ აფრიკელმა მეცნიერებმა განაცხადეს, დღეს კი უკვე მის შესახებ პირველი შეფასებები ხდება ცნობილი.

ბოლო ცნობები კოვიდის ახალი შტამის შესახებ ისაა, რომ სწრაფად განიცდის მუტაციას. როგორც BBC-ი სპეციალისტებზე დაყრდნობით წერს, ახალი ვარიანტის შემთხვევების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ კონცენტრირებულია სამხრეთ აფრიკის ერთ პროვინციაში, მაგრამ არის მინიშნებები, რომ ის შეიძლება უფრო გავრცელდეს.

ჩნდება კითხვები - რამდენად სწრაფად ვრცელდება, რამდენად გადამდებია, რამდენად რთულად მიმდინარეობს დაავადება და არის თუ არა ეფექტიანი არსებული ვაქცინები. როგორც გამოცემა წერს, არსებობს უამრავი სპეკულაცია, მაგრამ ძალიან ცოტა პასუხი.

  • ამგვარად, რა ვიცით კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ?

მეცნიერები მას B.1.1.529 ვარიანტს უწოდებენ და ჯანმო ბერძნული ანბანის მიხედვითაც გეგმავს სახელის მინიჭებას. გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრი, საჯიდ ჯავიდი კორონავირუსის სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ ახალ ვარიანტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ არსებული ვაქცინები მის მიმართ, შესაძლოა, ნაკლებად ეფექტიანი იყოს.

  • "რაც ჩვენ ვიცით, არის მუტაციების მნიშვნელოვანი რაოდენობა, შესაძლოა, "დელტა“ ვარიანტის მუტაციების რაოდენობაზე ორჯერ მეტიც კი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ახალი ვარიანტი შეიძლება უფრო გადამდები იყოს და არსებული ვაქცინები მის მიმართ, შეიძლება, ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდეს“- აღნიშნა საჯიდ ჯავიდმა.

ამასთან, Imperial College London-ის ეპიდემიოლოგმა, ნილ ფერგიუსონმა განაცხადა, რომ B.1.1.529-ს ე.წ. სპაიკ ცილაში მუტაციების "უპრეცედენტო“ რაოდენობა აქვს, რაც სამხრეთ აფრიკაში ბოლო დროს დაინფიცირების შემთხვევების სწრაფ ზრდას განაპირობებს.

  • რას აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში?

"ის, რაც კორონავირუსის ახალი ვარიანტის შესახებ ვიცით, არის, რომ სხვადასხვა სახის მუტაციას განიცდის და შეშფოთებას იწვევს, როდესაც ამდენი მუტაციაა, ამან შესაძლოა, ზეგავლენა მოახდინოს ვირუსის შემდგომ ქცევაზე", - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარია ვან კერხოვემ კორონავირუსის ახალ, სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილ ვარიანტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მეცნიერები ერთად შეიკრიბნენ იმისთვის, რომ გაარკვიონ, სად არის ეს მუტაციები და რას შეიძლება ნიშნავდეს პოტენციურად არსებული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებისთვის, ვაქცინებისთვის.

  • "რამდენიმე კვირა დაგვჭირდება იმისთვის, რომ გავიგოთ, რა ზეგავლენა აქვს ამ ვარიანტს. შემდგომ გადავწყვეტთ, მას საინტერესო თუ შემაშფოთებელი ვარიანტის კლასიფიკაცია მივანიჭოთ,“- აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

მისი თქმით, რაც უფრო მეტად ვრცელდება ვირუსი, მით მეტი შანსია, მან ცვლილება განიცადოს.

"ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ რაც უფრო მეტად ვრცელდება ვირუსი, მით უფრო მეტი შესაძლებლობა ჩნდება, რომ ის შეიცვალოს, მეტი მუტაცია ვიხილოთ,“- აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა. მანვე დასძინა, რომ თითოეულ მოქალაქეს შეუძლია საკუთარი როლი შეასრულოს ვირუსის გავრცელების შემცირებაში.

"აიცერით, როცა შეძლებთ. მიიღეთ ზომები, ვირუსისგან თავის დასაცავად და ხელი შეუშალეთ ვირუსის სხვებისთვის გადაცემას,“- აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.