ავტორი:

რატომ იზრდება საწვავის ფასი პატარა ქსელებში - კომპანიების წარმომადგენლების განმარტებები

რატომ იზრდება საწვავის ფასი პატარა ქსელებში - კომპანიების წარმომადგენლების განმარტებები

საქართველოში ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდის ტენდენცია გრძელდება. საწვავის ფასი გაიზარდა როგორც მსხვილ ქსელურ სადგურებზე, ისე მცირე ბენზინგასამართ სადგურებზე.

როგორც „ოპტიმას“ ქსელის დირექტორი ერეკლე ვარდოსანიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნავს, ბოლო თვეების განმავლობაში საერთაშორისო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასი 70.65 დოლარიდან (31 აგვისტო) 81,25 დოლარამდე (1 ნოემბერი) გაიზარდა. ეს კი ნავთობპროდუქტების იმპორტიორ ქვეყნებში საწვავის საცალო ფასის სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ნიშნულით, თუმცა აუცილებელ ზრდას იწვევს.

„საქართველო სრულად არის დამოკიდებული იმპორტირებულ საწვავზე, სწორად ამან გამოიწვია საქართველოს ბენზინგასამართ სადგურებზე გასაყიდი ფასების ზრდაც, რამაც ციფრებში კონკრეტულად ჩვენს ქსელში 14 თეთრი შეადგინა. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მაქსიმალურად ვეცადეთ ფასის ზრდის ტვირთი არ გადაგვეტანა მომხმარებელზე და ნაწილი ამ ტვირთის ჩვენს თავზე ავიღეთ,” - აცხადებს ერეკლე ვარდოსანიძე.

მისივე განმარტებით, ფასის ზრდაზე მოქმედებს ოპეკი +-ის შეზღუდვა ნავთობის მოპოვების მიმართულებით.

„ოპეკის ქვეყნებმა, რომლებიც საწვავზე მთლიანი მოთხოვნის დაახლოებით 40% -ს აკმაყოფილებენ, მიიღეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2020 წელს შეემცირებინათ ნავთობის მოპოვება. ეს გამოწვეული იყო იმით რომ პანდემიურ პერიოდში მოლოდინი იყო მოთხოვნის შემცირების. პანდემიამდე პერიოდში 31 მლნ ბარელის მოპოვება ხდებოდა. მოთხოვნის შემცირებასთან ერთად ოპეკმა წარმოება საშუალოდ დაახლოებით 26 მლნ -ამდე დაიყვანა (გარკვეულ თვეებში, 24 მლნ ბარელამდეც კი), ანუ 16 % იანი კლება იყო მიწოდების ნაწილში. თუმცა საწვავზე მოთხოვნა იმაზე მალე აღდგა, ვიდრე ამას მოელოდნენ. შესაბამისად, მაღალი მოთხოვნის და დაბალი მოპოვების პირობებში საწვავის ფასმა დაიწყო ზრდა. რეალურ გამოსავალზე რომ ვიმსჯელოთ ერთია, რომ მოპოვება და მიწოდება გაიზარდოს საწვავის იმ დონემდე, რომ გაუთანაბრდეს მოთხოვნას, რაც აღმოფხვრის დეფიციტურ სიტუაციას და დაასტაბილურებს და დაწევს საწვავის ფასს. სხვა მოლოდინები, ვფიქრობ, ნაკლებად რეალისტურია,” - აცხადებს „ოპტიმას“ დირექტორი.

საწვავის ფასი გაიზარდა ქსელ „სენტაშიც“. ავტოგასამართ სადგურებზე სექტემბრის შემდეგ ბენზინის (ევრო რეგულარი) ფასი 4-ჯერ დაკორექტირდა და 14 თეთრით გაიზარდა. დიზელის კი ექვსჯერ შეიცვალა და 44 თეთრით გაიზარდა.

„სენტას“ დირექტორის ზაალ იაკობიძის განმარტებით, საქართველოში ფასების დინამიკა მსოფლიო ტენდენციას მიჰყვება.

„ბოლო კვირების განმავლობაში საწვავის ფასის ცვლილების დინამიკა როგორც ჩვენს ქსელში, ისე მთლიანად ქვეყანაში მზარდი ტენდენციით ხასიათდება. მიზეზი მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდაა. ფასი ქართულ ბაზარზე იმ შემთხვევაში შემცირდება, თუ ნავთობის საერთაშორისო ფასზე კლების სტაბილური ტენდენცია იქნება. ქვეყანაში ფასის კლებაზე დადებით გავლენას მოახდენს აქციზის შემცირებაც.

„თუ აქციზის გადასახადი ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, ფასის 20-25 თეთრით შემცირება გახდება შესაძლებელი. მოსახლეობისთვის ეს ცალსახად დიდი შვება იქნებოდა. თუმცა ცალკე საკითხია, რამდენად მისაღები და შესაძლებელია ასეთი ცვლილება ბიუჯეტისთვის. აღნიშნულს გათვლა და დაანგარიშება სჭირდება,“ - განმარტავს ზაალ იაკობიძე.

„საქართველოს ნავთობიმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის განმარტებით, საწვავის ფასის ზრდა ლოგიკურად აისახება როგორც მსხვილ ბრენდულ, ისე მცირე ქსელების ავტოგასამართ სადგურებზე. აღსანიშნავია ერთი ტენდენციაც. როგორც წესი, არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე ფასის მატება უფრო მკვეთრად ფიქსირდება ხოლმე.

„პირველი სექტემბრიდან დღემდე ბრენდირებულ ქსელებში საწვავის ფასი დაახლოებით 15 თეთრით გაიზარდა. არაბრენდირებულ ქსელებში კი ეს ზრდა 25 თეთრია. მსხვილ კომპანიას არსებული მარაგების ხარჯზე შეუძლია შედარებით ხანგრძლივად შეინარჩუნოს დაბალი ფასი და ზრდა მოგვიანებით მოახდინოს. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ზრდისა ტენდენცია თანაბრად აისახება სხვადასხვა მასშტაბის კომპანიაზე თუ ის პირნათლად ახორციელებს საქმიანობას,“ – აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პირველი ოქტომბრიდან დღემდე საწვავის ფასი საქართველოში 15–45–ითაა გაზრდილი. ფასის ზრდა განპირობებულია საერთაშორისო ფასის ზრდით, რასაც საფუძვლად მოთხოვნა-მიწოდებას შორის წარმოქმნილი დისბალანსი უდევს.