პატიმრობაში მყოფმა მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გორის ჰოსპიტლიდან მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ოპოზიციას მეტი აქტიურობისკენ და მისი გათავისუფლებისთვის საინიციატივო ჯგუფის შექმნისკენ მოუწოდა. ამ გზავნილით სააკაშვილმა საზოგადოებას ასევე შეახსენა, რომ საკუთარ თავს მომავალი ხელისუფლების ვერც ერთ კონფიგურაციაში ვერ ხედავს და მოითხოვს, რომ უსამართლო სასამართლოს პირობებშიც კი საზოგადოების წინაშე ისაუბროს. გუშინდელ, მეორე გზავნილში, ექსპრეზიდენტმა ოპოზიციას დეკემბერში ერთი დიდი საერთო ეროვნული აქციის ჩატარებისკენ და 29 ნოემბერს, სასამართლოსთან შეკრებისკენ მოუწოდა, რათა ამ ორი თვის განმავლობაში პირველად, მათთვის მიმართვის საშუალება მიეცეს.
ამის პარალელურად ვრცელდება ხმები, რომ "ნაციონალურ მოძრაობის" შიგნით დაპირისპირებაა და რომ სააკაშვილი ნიკა მელიას მოქმედებებით უკმაყოფილოა. პარტიის ლიდერები ამ საკითხზე საუბარს თავს არიდებენ და ყოველგვარ კონფლიქტს გამორიცხავენ, მაგრამ ყველაფერი რომ რიგზე ვერ არის, ეს ამ პარტიის გულმხურვალე მხარდამჭერების პოზიციაში ჩანს. ისინი სოციალურ ქსელში არ ერიდებიან მელიას კრიტიკას და ამბობენ, რომ მან ორჯერ "მოახერხა" მასშტაბურ აქციებზე შეკრებილი ხალხის შინ გაშვება და საპროტესტო მუხტის განიავება.
სანდო წყარო "ნაციონალური მოძრაობიდან" გვიყვება, რომ პარტიაში მართლაც არის აზრთა დიდი სხვადასხვაობა.
"ნიკა მელიას დაძაბული ურთიერთობა აქვს ვანო მერაბიშვილთან, რომელიც წყალს ამღვრევს და სააკაშვილს მელიას წინააღმდეგ განაწყობს. გადახედეთ "ფეისბუქს“ და ნახავთ, რა პირით აგინებს მელიას "ნაციონალების" ერთი ფრთა, ანუ ვანოს დაჯგუფება. ეს უკმაყოფილო ნაწილი რადიკალიზმის მომხრეა და ნიკა მელიას გრანდიოზული აქციის დაშლას არ პატიობს, მას საპროტესტო მუხტის დაგდებაში ადანაშაულებს. სააკაშვილიც, ზოგადად, რომელიც ძალიან ეჭვიანია, მერაბიშვილის გავლენით მელიას აშკარად უკვე ალმაცერად უყურებს. რაც თვალსაჩინოდ გამოჩნდა მაშინ, როცა ექსპრეზიდენტმა სამადლობელ წერილში, მელიას გარდა, ყველას მადლობა გადაუხადა.
არ არის გამორიცხული, მომავალში ელენე ხოშტარიასა და ზურა ჯაფარიძესთან მელიას პოლიტიკურ ტანდემიც ვიხილოთ. არის ასეთი ვერსიაც, რომ მამუკა ხაზარაძე ცდილობს მელიას "ლელოში“ გადაბირებას. "ნაციონალების" ნაწილი კარგად ხვდება, რომ რევოლუციას ვერ მოახდენენ, მეორე ნაწილი ამაზე ჯიუტად ფიქრობს და ეს რომ არ გამოდის, ახლა უნდათ მოძებნონ განტევების ვაცი, ვისაც ხელს შეაწმენდენ და ამაში დაადანაშაულებენ. ეს, დიდი ალბათობით, ნიკა მელია იქნება. როგორც ვიცი, სააკაშვილი აპირებს მელია პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან გაუშვას, მის ადგილას კი ორი კანდიდატურა განიხილება. ესენია: ლევან ვარშალომიძე და ნიკა გვარამია“, - გვეუბნება წყარო.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ მოარული ხმები "ნაციონალურ მოძრაობაში“ გაჩენილ ბზარსა და ლიდერებს შორის დაპირისპირებაზე, სიმართლეს შეესაბამებოდეს, ვინაიდან სააკაშვილის მოლოდინები არ გამართლდა. ნიკა მელიას პოსტიდან გადაყენების მიზეზი კი შესაძლოა გახდეს მის მიერ აქციების არააქტიურ ფაზაში გადაყვანა. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ მელიამ ხვალ გააკეთოს ძალზე რადიკალური განცხადებები, წავიდეს რადიკალურ ზომებზე და ეს იმისთვის, რომ პარტიის თავმჯდომარეობა შეინარჩუნოს.
"ლიდერებს შორის დაპირისპირებას არ გამოვრიცხავ. როგორც ჩანს, არ გამართლდა სააკაშვილის მოლოდინები - როცა ის საქართველოში ჩამოვიდა, სხვა რეალობა დახვდა, მოსახლეობის აქტივობა და მოლოდინი ერთმანეთს არ დაემთხვა. "ნაციონალებმა" ან უნდა დაიჯერონ და ირწმუნონ, რომ ქუჩის აქციებს აზრი არ აქვს, რომ არ და ვერ ხერხდება ქუჩის გააქტიურება, ან ვიღაც უნდა მოიძებნოს, რომელსაც დაბრალდება ის, რომ ქუჩა არ არის ისეთი აქტიური, როგორც ეს "ნაცმოძრაობას" უნდა.
თითქმის პირდაპირ ითქვა, რომ მელიას არ უნდა დაეშალა ის მასშტაბური აქცია, 14 ოქტომბერს რომ გაიმართა, რის შემდეგაც მელიამ თქვა, დავიშალოთ, სხვაგვარად გავაგრძელებთ ბრძოლასო. როგორც ჩანს, ამ აქციის დაშლას და არააქტიურ ფაზაში გადაყვანას ნიკა მელიას შეცდომად უთვლიან და, შესაბამისად, ბუნებრივად დგება მისი პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენების საკითხი. არ ვიცი, ვინ შეიძლება იყოს ახალი ფავორიტი, მაგრამ ეს ბევრს არაფერს შეცვლის. დღეს ფრონტის ხაზი ორი მიმართულებით მიდის. ერთი ხაზია სააკაშვილის დახსნა (თვითონვე გამოაცხადა საინიციატივო ჯგუფის შექმნა, რომელიც მხოლოდ მის გათავისუფლებაზე იმუშავებს), მეორე ხაზი კი ქუჩის პროტესტი.
მათ, როგორც ჩანს, რეალობა გაცნობიერებული აქვთ, პროცესი მიდის იქით, როგორ უზრუნველყონ სააკაშვილის დაბრუნება არა რუსთავის ციხეში, არამედ - უკრაინაში. ამ მიმართულებით მიდის მუშაობა. ვითარება ისეთია, რომ ქუჩის სერიოზული პროტესტის აგორება, ფაქტობრივად, გამორიცხულია და ახლა უკვე ლაპარაკია ძირითადად იმაზე, როგორ დაიხსნან ციხიდან სააკაშვილი. ამიტომ იქნება მუდმივად ლაპარაკი სააკაშვილის ჯანმრთელობასთან და ფსიქიკასთან დაკავშირებულ გართულებებზე.
აი, ეს არის დღეს "ნაციონალური მოძრაობის“ ძირითადი მოტივი. ოპოზიციის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქუჩის აქციების პროტესტი არ იქნება მძლავრი და შედეგს ვერ მოიტანს, ამიტომ სხვა გზის ძებნას ცდილობს, არ იცის, რა გააკეთოს, ისინი მუდმივად გატკეპნილი გზით აპირებდნენ რაღაცის შეცვლას, ეს არ გამოვიდა და სხვა გზასაც ვერ პოულობენ. სახალხოდ იმის აღიარება, რომ მოსახლეობა მათ მხარს არ უჭერს, კატასტროფაა.
არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ მელიამ ხვალ გააკეთოს ძალზე რადიკალური განცხადებები, წავიდეს რადიკალურ ზომებზე და ეს იმისთვის, რომ პარტიის თავმჯდომარეობა შეინარჩუნოს.
მაგალითად, ისევ ქუჩის აქციები, ან შიმშილობა დააანონსოს არა სააკაშვილის გათავისუფლების, არამედ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით. პრინციპში, ნიკა მელია თავიდანვე წაგებულ თამაშში ჩაება. პირადად მელიას გავლენა ოპოზიციურ ამომრჩეველზე არის საკმაოდ მცირე, ამიტომ სადაც უნდა წავიდეს, არა მგონია, რამის მომტანი იყოს. დღეს ოპოზიციურ ფლანგზე, პატარა პარტიებში არ არსებობს ლიდერი პარტია და ესაა პრობლემა. პოტენციურად ამის ყველაზე დიდი შანსი აქვს პარტიას "საქართველოსთვის“ და ყოფილ პრემიერ გახარიას, მაგრამ თუ ის არ გააქტიურდა, ეს შანსი სულ უფრო მეტად დაიკლებს.
ახლა ოპოზიციამ იმაზე კი არ უნდა იმუშაოს, წაგებული რაუნდი მოიგოს, არამედ ახალი რაუნდი მოიგოს, თავიდან უნდა დაიწყოს ყველაფერი, უმთავრესი უნდა იყოს პარლამენტში მუშაობა, განსაკუთრებით კულუარულად... უნდა ეცადონ, ხელისუფლებას შეცდომა დააშვებინონ და როცა ნახავენ, ამ შეცდომაზე საზოგადოების რეაგირება როგორი იქნება, ამას უნდა მიაყოლო საპროტესტო აქცია. ესაა ზოგადი სქემა. მანამდე პროტესტი და ბოიკოტი არ შველის საქმეს. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის, მათ შორის მათიც, ვინც მიშას უჭერს მხარს, იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, სააკაშვილი იქნება თუ არა ციხეში, უფრო მნიშვნელოვანია ის პრობლემები, რომლებიც მათ აწუხებთ..."
რა იკითხება სააკაშვილის გზავნილებში და ზოგადად, რა მიზანს ემსახურება მისი საქართველოში ჩამოსვლა, ამაზე ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ბუნდოვანია, რისი გადაწყვეტა უნდა მიხეილ სააკაშვილს აქტიურობით და აქციებით, როცა ქვეყანაში რევოლუციური მუხტი არ არის.
"მიხეილ სააკაშვილი ასეთია, გასაკვირი არაფერია. ის ყოველთვის აქტიურობისკენ მოუწოდებს, მაგრამ გეგმა რა არის, რისი გადაწყვეტა უნდა ამ აქციებით, ეს ძალიან ბუნდოვანია. მუხტი არ დავარდესო, წერს და სად და რაში გამოიხატება მუხტი? მან უნდა გაიგოს ერთი რამ, რომ ქვეყანაში არ არის რევოლუციური სიტუაცია. მისი ფიგურა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, მაგრამ ეს არ არის ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა. გადაწყვეტილებას, საბოლოო ჯამში, იღებს უმრავლესობა. რაც უნდა მუხტი იყოს, ობიექტურად არ არის რევოლუციური სიტუაცია. ჯობია, რომ ამაში ენერგიის ხარჯვას, პოლიტიკურ პროცესში რაღაც სხვა გზები გამოინახოს. რევოლუცია უნდა, აბა, აქციებით სხვა რისი მიღწევა სურს? შენ თუ აქციები გაქვს პოლიტიკურ იარაღად, აქციები იმას ნიშნავს, რევოლუციურად განვითარდეს მოვლენები, ხომ? რევოლუციას თუ აქვს საფუძველი, ზოგადად, რევოლუციაც ლეგიტიმურია, მაგრამ დღეს არ არის საზოგადოებაში ამის საფუძველი. კი, ბატონო, შეიქმნას ის საინიციატივო ჯგუფიც, რომელიც მის გათავისუფლებაზე იმუშავებს, მაგრამ ეს რას მოიტანს, მიშას ჰკითხეთ, მე არ მგონია, რომ ამას რაიმე სერიოზული შედეგი ჰქონდეს. მან იცის, ეტყობა, რაღაცა.
რა მუხტი დააგდო მელიამ, რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ, რას იძლევა ეს მუხტი ბოლოს და ბოლოს?“ - აცხადებს ექსპერტი.