"არცერთ ცივილურ, დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელსაც, სამწუხაროდ, “ქართული ოცნების” ხელში საქართველო არ მიეკუთვნება, არ ხდება, რომ ძველი მოწვევის საკრებულოს დეპუტატებმა დაამტკიცონ მომავალი წლის ბიუჯეტი - ეს არის ნონსენსი და ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში არაფერი შეიცვლება და სწორედ ეს უნდა “ქართულ ოცნებას”,- ასე გამოეხმაურა “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს.
როგორც ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველმა გუნდმა არჩევნების არსი მოკლა.
“ქართულმა ოცნებამ” აზრი დაუკარგა დემოკრატიას და გადასულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნის აღსრულებაზე - ყველა მეთოდით ძალაუფლების შენარჩუნებაზე. არცერთ ცივილურ, დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელსაც, სამწუხაროდ, საქართველო არ მიეკუთვნება “ქართული ოცნების” ხელში, არ ხდება, რომ ძველი მოწვევის საკრებულოს დეპუტატებმა დაამტკიცონ მომავალი წლის ბიუჯეტი. ეს არის ნონსენსი. ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში არაფერი შეიცვლება და სწორედ ეს უნდა “ქართულ ოცნებას”. ეს არის რუსული ტიპის მმართველობა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის და მისი “ქართული ოცნების” პოლიტიკა, რომ ამ ქვეყანაში სულ ასეთი არეულობა იყოს. დესტაბილიზაციის გამომწვევი ძალა არის არა ოპოზიცია, არამედ თავად “ქართული ოცნება”,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებმა 2022 წლის ბიუჯეტი ხმაურის ფონზე დაამტკიცეს. ბიუჯეტის დამტკიცების პარალელურად, ბათუმის საკრებულოს შენობასთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა, აქციის მონაწილეები პოლიციელებს შეძახილებით „მონებო“ მიმართავენ. არსებული ინფორმაციით, აქციის მიმდინარეობისას 3 ადამიანი დააკავეს.
რაც შეეხება ზუგდიდს, ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების პარალელურად, სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან სამართალდამცავებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. არსებული ინფორმაციით, აქციის მიმდინარეობისას 2 ადამიანი დააკავეს