ავტორი:

რატომ ჰქვია წლის ყველაზე დიდი ფასდაკლებების დღეს "შავი პარასკევი" - ისტორია, რომელსაც ფასდაკლებებთან საერთო არაფერი აქვს

რატომ ჰქვია წლის ყველაზე დიდი ფასდაკლებების დღეს "შავი პარასკევი" - ისტორია, რომელსაც ფასდაკლებებთან საერთო არაფერი აქვს

"შავი პარასკევი" მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში წლის მთავარი სავაჭრო მოვლენაა. ეს დღე გრანდიოზულ ფასდაკლებებთან, ხელსაყრელ შეთავაზებებთან ასოცირდება. ეს არის დღე, რომელსაც ბევრი მთელი წელი ელოდება, რათა საოცნებო კოსმეტიკა, სამოსი, ავეჯი, ტექნიკა თუ სხვა ნივთები ხელსაყრელ ფასად შეიძინონ.

"შავი პარასკევი" ამერიკული მადლიერების დღის შემდგომი პარასკევია. საინტერესოა, რომ ისტორიულად, "შავ პარასკევს" საერთო არაფერი აქვს მის თანამედროვე გაგებასთან და პირველად ის სულ სხვა მოვლენის აღსანიშნად გამოიყენეს.

  • "შავი პარასკევი" და ფინანსური კრიზისი

თავდაპირველად ტერმინი "შავი პარასკევი“ დაკავშირებული იყო არა "შოპინგთან", არამედ ფინანსურ კრიზისთან. ორმა უოლ სტრიტელმა ფინანსისტმა, ჯიმ ფისკმა და ჯეი გოლდმა ამერიკული ოქროს დიდი რაოდენობა იმ იმედით იყიდა, რომ ოქროს ფასი გაიზრდებოდა და მის გაყიდვას უზარმაზარი მოგებით შეძლებდნენ.

1869 წლის 24 სექტემბერს, პარასკევს, ამერიკის ოქროს ბაზარი ფისკისა და გოულდის მოქმედების გამო განადგურდა, ხოლო უოლ სტრიტელი ბარონები გაკოტრდნენ. სწორედ ამიტომ ამ დღეს "შავი პარასკევი" ეწოდა.

შემდეგ იყო 1929 წლის უოლ სტრიტის კიდევ ერთი კრახი, როდესაც ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე აქციების ფასი ერთ დღეში 6.3 პროცენტით გაუფასურდა, რასაც მოჰყვა მომდევნო დღეებში აქციების კიდევ უფრო გაუფასურება. ამ დღეებს ეწოდა "შავი პარასკევი", "შავი ორშაბათი" და "შავი სამშაბათი"

  • რატომ აირჩიეს საფონდო ბირჟის კრახთან დაკავშირებული ფრაზა დატვირთული სავაჭრო დღისა და ფასდაკლებების აღსაწერად?

არსებობს მოსაზრება, რომ ყოველივე ამერიკული მაღაზიების მეპატრონეებს უკავშირდება. უფრო ზუსტად კი, როდესაც აშშ-ის მაღაზიებში ხელით აღრიცხავდნენ საბუღალტრო დეტალებს, მოგებას შავად წერდნენ, ხოლო წაგებას წითლად.

ბევრი მაღაზია, სადაც ხშირად წაგება მოგებას აჭარბებდა, თავს მადლიერების დღის შემდგომ პარასკევს, ფასდაკლებული საქონლის დიდი რაოდენობით გაყიდვის შედეგად გადაირჩენდა ხოლმე.

  • ხალხური გადმოცემა

არსებობს დაუდასტურებელი და ხალხური გადმოცემა იმის შესახებ, რომ სამხრეთ პლანტაციების მფლობელებს 1800-იან წლებში შეეძლოთ მონები ეყიდათ იაფად მადლიერების დღის შემდეგ. თუმცა მკვლევართა აზრით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ტერმინ "შავი პარასკევის“ გაჩენა ამას უკავშირდებოდეს.

  • ფილადელფიელი პოლიციელები

ტერმინ "შავ პარასკევს" თავდაპირველად მხოლოდ მაღაზიის მეპატრონეები იყენებდნენ, ფართო საზოგადოებაში კი 1950 წლიდან დამკვიდრდა. ფილადელფიაში, მადლიერების დღის შემდეგ, ტურისტებისა და მყიდველების დიდი ნაკადი მიედინებოდა, რომელსაც ერთვოდა ასევე ამერიკის საზღვაო ძალების საფეხბურთო მატჩზე მიმავალი ადამიანების დიდი ჯგუფი, რაც ქმნიდა ქაოსს, საცობს, გარდა ამისა იყო მაღაზიების მასობრივად გაქურდვის ფაქტები.

ფილადელფიაში განვითარებული მოვლენების ამსახველი კადრი

პოლიციის ოფიცრებმა კი განვითარებულ მოვლენებს სარკასტულად "შავი პარასკევი" უწოდეს.. მას შემდეგ ეს სახელი მთელ ფილადელფიაში გავრცელდა და დამკვიდრდა, როგორც მადლიერების დღის შემდგომ სავაჭრო ქაოსის აღმნიშვნელი ტერმინი, მიუხედავად იმისა, რომ იყო მცდელობა შეეცვალათ და შავის ნაცვლად "დიდი პარასკევი“ ეწოდებინათ.

1980-იანი წლების ბოლოს ეს ტერმინი უკვე საყოველთაოდ ცნობილი იყო მთელ შტატებში. დღეს შავი პარასკევი აშშ-ში წლის ყველაზე დიდი სავაჭრო მოვლენაა - მაღაზიები ამცირებენ ფასებს და სადღესასწაულო სეზონი ოფიციალურად იწყება.

  • "შავი პარასკევი" მსოფლიოში

"შავი პარასკევისა" და ფასდაკლებების იდეა მალე მოედო მთელ მსოფლიოს. ეს დღე მთავარ სავაჭრო მოვლენად იქცა დიდ ბრიტანეთში, ბრაზილიაში, ინდოეთში, საფრანგეთში, ნორვეგიაში, რუმინეთში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში.

საინტერესოა, რომ მექსიკაში "შავ პარასკევს“ სახელი შეუცვალეს და მას "El Buen Fin"-ს, ანუ "კარგ დასასრულს“ უწოდებენ, გაერთიანებულ არაბთა საემიროებში კი ყველაზე დიდი ფასდაკლებების დღეს "თეთრი პარასკევი“ დაარქვეს.

მომზადებულია telegraph-ის მიხედვით