აი, ასე, ადგნენ და სოფელში წავიდნენ. ცხოვრება იქ გადაწყვიტეს, რადგან ამ ახალგაზრდა ოჯახმა სამომავლო პერსპექტივა სწორედ ამ ნაბიჯის გადადგმაში დაინახა. არადა, კაკი ლობჟანიძე საეკლესიო გალობას და ქართულ ხალხურ სიმღერას შოთა რუსთაველის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტში სწავლობდა. პროფესიით ლოტბარ-შემსრულებელია. ორ სახელმწიფო ანსამბლში - "ერისიონსა" და "რუსთავში" ცეკვავდა.
როგორც ამბობს, მარნეულში ბავშვებს ქართულ ხალხურ სიმღერასაც ასწავლიდა, მაგრამ ყოველთვის იცოდა, რომ მშობლიურ კუთხეს უნდა დაბრუნებოდა და დაუბრუნდა მას შემდეგ, რაც დაოჯახდა.
ჩვენი რესპონდენტი ლაგოდეხშია დაბადებული, მისი მეუღლე მარიამ უზნაძე კი - არა. კაკი მეუღლის მადლიერია, რომ გადაწყვეტილებაში სოფლად ეცხოვრათ, მხარი აუბა. მოკლედ თბილისი დატოვეს და ლაგოდეხში, ნაკრძალთან, ოჯახის კუთვნილ მიწის ფართობზე დასახლდნენ, სადაც მეურნეობაც წამოიწყეს. მეურნეობის მთავარი მიმართულება კენკროვანი კულტურებია.
- ახალგაზრდა ოჯახის თბილისიდან სოფელში გადასვლა არ არის ადვილი...
- 13 წლის მანძილზე თბილისში ვცხოვრობდი - ჯერ ვსწავლობდი, მერე სახელმწიფო ანსამბლებში ვცეკვავდი. ოჯახი რომ შევქმენი, რაღაცებს ცოტა სხვანაირად შევხედე. ცეკვით ოჯახს ვერ შეინახავ, თან წლებიც გემატება, ამან დამაფიქრა, მერე შვილის დაბადების მოლოდინმაც იმოქმედა და ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. სასურველია, ბავშვი ჯანსაღ გარემოში გაიზარდოს. წინ გავიხედე და ცხოვრების სტილი შევიცვალე და ჩვენს კუთხეში დავბრუნდი.
- მეურნეობის წამოწყებაც არ არის ადვილი...
- კი... გვქონდა მიწის ფართობი, სადაც სხვადასხვა კულტურა მოჰყავდათ - სიმინდი, ხორბალი, ქერი. მიწას მეზობლები იყენებდნენ, ოჯახს მიწა იქ 15 წელი არ დაუმუშავებია. მთლიანობაში 2 ჰექტარია და 5.000 კვადრატი და ეს ყველაფერი პირდაპირ კავკასიონის ძირშია...
- ამ ფართობზე რა მოაშენეთ?
- მრავალწლოვანი კულტურა გვინდოდა, თუმცა არ ვიცოდით, რაზე შევჩერდებოდით, უფრო მევენახეობისკენ ვიხრებოდით. მაგრამ მევენახეობა გვაფიქრებდა, რომ სარისკოა, 3-4 წელი უნდა ელოდო და თან, არც ისე დიდ ფართობზე მისი გაშენება არ ღირდა, შესაძლოა, მოსავალი სეტყვამაც გაგინადგუროს. როგორც გავარკვიეთ, სწრაფ და უდანაკარგო შედეგს რაც მოგვცემდა, ეს კენკროვანი კულტურები იყო. სამ წელიწადში სრულ მოსავალს იძლევა. უფრო დიდი რაოდენობით ჟოლო გვაქვს, თუმცა მარწყვიც და მაყვალიც. ამასთან, გავაკეთეთ კაკლის, თხილის, ქლიავის ბაღი.
- თბილისიდან რომ გემართათ ეს ყველაფერი?
- სანამ ჩამოვიდოდით, მანამდე ერთი წელი თბილისიდან კი ვიარეთ. მერე ბავშვის დაბადების შესახებ რომ შევიტყვეთ, ეს ამბავი უფრო დავაჩქარეთ. რაჭისუბანში ვცხოვრობთ, ლაგოდეხს მიბმული პირველივე სოფელია. სოფელში სახლი გვაქვს და სახნავ-სათესი ფართობი, მაგრამ ჩემი სახლი მეურნეობაში ავაშენე, იმ ტერიტორიაზე, სადაც მოსავალი მომყავს.
ისე, პატარა სოფელია, სულ ორი ქუჩაა და 40 კომლი ცხოვრობს. ჩვენი მეურნეობა განაპირას არის, შეიძლება ითქვას, რომ მესამე ქუჩას ჩავუყარე საფუძველი, ახალი მოსახლე ვარ.
- რაჭისუბანში რაჭველები ცხოვრობენ?
- არსებობს ასეთი გადმოცემა - რაჭველი მზარეულები სამუშაოდ აზერბაიჯანის სოფლებს გამოუყვნენ. საქართველოში რომ შემოვიდნენ, ეს ადგილი მოეწონათ - მთის ძირას იყო, წყალი მოდიოდა, ბუნება გარკვეულად რაჭას წააგავს და რაჭაში შეტყობინება გააგზავნეს, - კარგ ადგილას დავსახლდით, საცხოვრებლად ვარგისიაო. ეს ის პერიოდი იყო, როცა იქ გაჭირვების გამო სოფლები იცლებოდა და ხალხი ბარში გადმოდიოდა. ჩვენც რაჭველები ვართ - წინაპრები ონის რაიონიდან არიან, სოფელიც გვაქვს იქ.
- ბოსტნეული არ მოგყავთ?
- კი, ამისთვის ცალკე 1000 კვადრატია გამოყოფილი, სადაც ოჯახისთვის ლობიო, კარტოფილი და სხვადასხვა რამ მოგვყავს და არ ვყიდულობთ. თავიდან მიზანიც ეგ იყო, რომ არ მეყიდა და ჯანსაღი პროდუქტი მომეყვანა. რატომაც არა, როცა საშუალება არის, ყველაფერი ჩემი ხელით მოვიყვანო, როცა ცხოვრება, ბუნება გაძლევს ამხელა საჩუქარს, უნდა გააკეთო. ყოველდღე ვუყურებთ, როგორ იზრდება ჩვენი დარგულ-მოვლილი ბოსტნეული, კენკრა. ჟოლოს ნარგავები უკვე სამი წლისაა, გადაყოლილი ვართ სარეველას. ამ ბრძოლაში ვართ ახლა ჩართული. პირველი 5 წელი სჭირდება, რომ ბაღიდან ამოიძირკვოს.
- ნაკრძალთან ხართ, სადაც უამრავი გარეული და მტაცებელი ცხოველი - მელა, ტურა მგელი, დათვი, ტახი ბინადრობს... არ არის საშიში?
- ოფიციალური ნაკრძალის ტერიტორიასა და ჩემს ტერიტორიას ღობე ყოფს. ღობის იქით უკვე დაცული ტერიტორიაა. არც მე და არც არავის იქ არაფრის მოჭრის უფლება არ გვაქვს. მიწა რომ მიწაა, იმის გამოტანისაც. ჩემი კარიდან რომ გამოვდივარ, ტყეში შევდივარ... ასეთ ადგილას ვარ... საშიში არის, რა თქმა უნდა, ბევრჯერ შემშინებია, რადგან რამდენჯერმე დამაღამდა ტყეში. სარწყავი წყალი ტყიდან მოდის, რომელსაც 2 სოფელი იყენებს.
იმ პერიოდში როცა ნარგავებს წყალი მეტად სჭირდება, წყლის პრობლემა მაშინ ჩნდება. ამიტომ ტყეში წყლის გადმოსაგდებად წასვლა მიწევს. ჟოლო ყოველდღე თუ არ მოირწყა, ნაყოფზე ცუდად იმოქმედებს. მოკლედ ტყეში შესულს დამაღამდა და ტურების წრეში ამოვყავი თავი... როცა იქ ამდენი ცხოველი ბინადრობს, დღეც საშიშია, მაგრამ ეს ყველაფერი რაღაცნაირად მისტიკურიც არის, სასიამოვნოც - დილას ისეთი ჩიტების ხმაური, ჭიკჭიკი, გალობა გაღვიძებს, რომ მათ ხმას ქალაქში ვერ გაიგებ. არის საოცარი სიმშვიდე, თვითონ ეზო-კარი მაძლევს საკვებ საშუალებას... მოკლედ ჩემს თავს ტყის კაცად წარმოვიდგენ. აქ ფიქრის საშუალებაც მეტად მაქვს...
- ასეთ ადგილზე ცხოვრება რას აძლევს თქვენს ახალგაზრდა ოჯახს?
- პირველ რიგში, გამოცდილებას ბევრ საკითხში და არა მარტო მიწასთან ურთიერთობაში, სერიოზული გამოწვევაა... ამასთან, ჩემი პროფესიითაც ვსაქმიანობ, ლაგოდეხში სტუდია დავაარსე და ბავშვებს ცეკვას ვასწავლი. მეუღლეც აქვე დასაქმდა. ადვილად მოვახერხეთ ამ გარემოსთან ადაპტაცია. მე კი ვარ აქ გაზრდილი და არ გამჭირვებია, მეუღლისთვის არ იყო ადვილი, რადგან უცხო სიტუაციაში მოხვდა. ჩემთან ერთად მოუხდა ახალი მეგობრების შეძენა.
მადლობა ჩემს მეუღლეს მარიამ უზნაძეს...ბავშვი წლის და 6 თვის არის. ალექსანდრე ყველაზე ბედნიერია, ზუსტად იცის, სად უნდა მივიდეს, რომ მისთვის სასურველი ტკბილეული დახვდეს. თავისი მომავალი სახლ-კარი უყვარს და მიხარია. ჩვენს ტერიტორიას რომ მივუახლოვდებით, ცნობს... მიხარია, რომ ჩემი ხელით მოწეულს და დაკრეფილს ვაჭმევ. მინდა, უყვარდეს სოფელი, ბაღი, ბუნება, გარემო... ამ ყველაფერს თუ როგორი მოვლა სჭირდება, როგორი შრომა, ამას თანდათან ისწავლის, რაც მას განვითარებაში ხელს შეუწყობს.