"ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" საპარლამენტო ფრაქციის ფორმით აღარ იარსებებს - ის ე.წ. პოლიტიკურ ჯგუფად გარდაიქმნა.
ახალი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნის თაობაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში იმსჯელეს.
კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც მამუკა ხაზარაძემ პარლამენტი დატოვა, ფრაქციას "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ ერთი წევრი გამოაკლდა.
რეგლამენტით განსაზღვრული შვიდი დღის ვადაში ფრაქციის ახალი წევრით შევსება არ მომხდარა. შესაბამისად, ფრაქცია დაიშალა.
ქადაგიშვილის ინფორმაციით, "ლელოს" პარტიული სიით შესულმა დეპუტატებმა: ანა ნაცვლიშვილმა, ბადრი ჯაფარიძემ და დავით უსუფაშვილმა, რომელთაც პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბების საშუალება აქვთ, მიმართეს პარლამენტს, რომ რეგლამენტის შესაბამისად შეიქმნას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“.
კომიტეტმა ახალი პოლიტიკური ჯგუფის შექმნის საკითხი ცნობად მიიღო, რის შესახებაც შესაბამისი დასკვნა ბიუროს წარედგინება.