კრემლის ყოფილი რუხი კარდინალის, პუტინის მთავარი იდეოლოგის, ვლადისლავ სურკოვის ანალიტიკურმა სტატიამ, სახელწოდებით, "სად გაქრა ქაოსი?", დასავლურ მედიაში დიდი აურზაური გამოიწვია. ახლა, როდესაც ფაქტობრივად, დაანონსებულია რუსეთის უკრაინაზე თავდასხმა, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ პუტინის მთავარი იდეოლოგი, რომელსაც დღესაც აქვს გავლენები რუსულ პოლიტიკაზე მეზობელ სახელმწიფოებთან დაკავშირებით სწორედ კრემლის გეგმებს ახმოვანებს.
ყოფილი რუხი კარდინალი და კრემლის იდეოლოგი, რომელიც გასული წლის თებერვლიდან არავითარ ოფიციალურ თანამდებობას არ იკავებს, მაგრამ გავლენებით მაინც სარგებლობს, პოლიტიკური იდეების გენერირებას მაინც განაგრძობს...
"ნებისმიერმა დიდმა და ძლიერმა სახელმწიფომ მეზობელ ქვეყნებთან ქაოსის გამომწვევი პოლიტიკა უნდა აწარმოოს, თუმცა, თუ შეუძლია, არა მხოლოდ მათთან და ასეთი პოლიტიკის ფარგლებში თუ რუსეთი გაფართოვდება, ეს ბუნებრივი კანონზომიერება იქნება" - წერს სურკოვი თავის სტატიაში, რომელსაც svoboda.org ავრცელებს.
"საუკუნის დასაწყისში რუსული ძალაუფლების სისტემამ სოციალური ქაოსის ზვავი შეაჩერა და ქვეყანა ტრავმირებული "პერესტროიკის" ნანგრევებიდან გამოიყვანა. თანამედროვე რუსეთის ფედერაციას 20-წლიანი სტაბილურობა აქვს, რაც ბევრს აკლია. ჯერჯერობით სამყარო ტკბება თავისი მრავალპოლარულობით, პოსტსაბჭოთა ნაციონალიზმისა და სუვერენიტეტების აღლუმით, თუმცა შემდგომ ისტორიულ ციკლში დღეს დავიწყებული გლობალიზაცია და ინტერნაციონალიზაცია დაბრუნდება, ამ ბუნდოვან მრავალპოლარულობას დაფარავს და მსოფლიოს ახალი მიწებიდან რუსეთი, როგორც ერთ-ერთი გამონაკლისი გლობალიზატორი, თავის წილს მიიღებს, კვლავ დაამტკიცებს თავის სტატუსს, როგორც თუნდაც მესამე რომის ეპოქებში ხდებოდა, რუსეთი გაფართოვდება და არა იმიტომ, რომ ეს პროცესების ლოგიკური შედეგია, კარგია ან ცუდი, უბრალოდ, გარდაუვალია, იმიტომ, რომ ასეთია ფიზიკა..." - წერს სურკოვი.
"სურკოვი "ღირსეულად" აგრძელებს პუტინის ნდობას, ათასგვარად შეფუთული სისულელეებით, მასებზე გათვლილი ჭეშმარიტებად შეფუთული ბოდვით, პუტინის ტელევიზიების მაყურებელი მოსახლეობის გამოსაფხიზლებლად ამბობს, თუ რამხელა როლი აქვს თურმე პუტინის რუსეთს გადაგვარებულ მსოფლიოში და როგორი მადლიერი უნდა იყოს იმ ქვეყნების მოსახლეობა, რომელიც ნაწილობრივ დაიპყრო ან დაპყრობას უპირებს..." - წერს რუსი ბლოგერი იური ბოგომოლოვი.
სხვების მოსაზრებით, სურკოვი პუტინს "თავს ახსენებს, მისი ნდობისა და კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობს".
"სტატიის კითხვის დაწყებისას, კინაღამ ვიფიქრე, რომ სურკოვი გონიერი, განათლებული და კულტურული ადამიანი ყოფილა-მეთქი, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ მას გარკვეული ფრაზების მნიშვნელობაც არ ესმის... თურმე, სამყარო თვითგანადგურებისკენ მიდის, ჩვენთან კი, რუსეთში, სტაბილურობაა. მეტიც, ბოლო 20 წელია, პუტინის მმართველობის პირობებში ოქროს ეპოქა დაიწყო... გამჭრიახი მკითხველი, რუსეთის გაფართოებაზე ალბათ დაიწყებს ვარაუდს, რომ ეს უნდა მოხდეს დნესტრისპირეთის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, ასევე ბელარუსის, დონეცკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ხარჯზე, რომლებიც ახლა რუსეთის ბიუჯეტის ხარჯზე არსებობენ. აქ მთავარი გათვლა იმაზეა, რომ ვიღაცამ წაიკითხოს, საბჭოთა კავშირის დროინდელი გაფართოება დაინახოს და გაიფიქროს - სურკოვი, რა გონიერია! რა კარგი იქნებოდა, კრემლის მთავარ იდეოლოგად დააბრუნონ" - წერს ბლოგერი ნიკოლაი ტრავკინი.
"პუტინისთვის თავი მოწონება-შეხსენების უბადრუკი მცდელობაა. სტატიის ქვეტექსტია, რომ რუსეთის მიერ აღიარებულ აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, ლუგანსკსა და დონეცკის საცოდავ რესპუბლიკებში, იქაურ ხელმძღვანელებს პუტინის დამსახურება შეახსენოს... არადა, იქ მოსახლეობა რუსეთზე ღრმა რუსულ ჭაობში ცხოვრობს. თუმცა, სამწუხარო ის არის, რომ იქაც და რუსეთის პერიფერიებშიც, სურკოვის იდეებს გამზიარებელი ჰყავს..." - წერს ინტერნეტმომხმარებელი ნატალია აბაისი.