ისრაელმა, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა - ლესოტო, ბოტსვანა, ზიმბაბვე, მოზამბიკი, ნამიბია და ესვატინი ე.წ. წითელ სიაში შეიტანა და საკუთარი მოქალაქეებისთვის - აღნიშნულ ქვეყნებში გამგზავრება, უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის კი, ამ ქვეყნებიდან ისრაელში შესვლა აკრძალა.
"საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან ახლოს ვართ, უნდა ვიმოქმედოთ მკაცრად და სწრაფად", - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა კორონავირუსის სამხრეთ აფრიკულ შტამზე საუბრისას განაცხადა.
თუ როგორ ემზადება ისრაელი ახალ შტამთან გასამკლავებლად, ამის შესახებ ისრაელიდან ქართველი ექიმი, ანესთეზიოლოგი, ირაკლი კილაძე გვესაუბრა. იგი ამჯერად თელ-ავივის ახლოს, კერძო კლინიკა "ასუტაში“ მოღვაწეობს...
- ბატონო ირაკლი, კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული ვარიანტს, სახელწოდებით "ომიკრონს“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ "შემაშფოთებელი" ვარიანტის კლასიფიკაცია მიანიჭა და აღნიშნა, რომ მას სავარაუდოდ, რეინფიცირების მაღალი მაჩვენებელი ახასიათებს. როგორ ემზადება ისრაელის სახელმწიფო ამ დიდ პრობლემასთან გასამკლავებლად?
- როგორც ვიცი, მსოფლიოში "ომიკრონის“ ას შემთხვევამდეა. ეს გასაკვირიც არ იყო, რადგან სამხრეთ აფრიკაში ვაქცინაციის მაღალი პროცენტი არ არის. ეს მუტაციაც მოსალოდნელი იყო და კიდევ შეიძლება უამრავი მუტაცია გამოჩნდეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ძალიან ცუდი შეფასება მისცა, თუმცა რეალობაც ეგ არის, რომ ახალი შტამი "დელტასავით" გადამდებია და სავარაუდოდ, შეიძლება ებოლასავით დამაზიანებელი იყოს. ეს სიტყვები არ ნიშნავს, რომ პანიკაში ჩავარდეთ და წინასწარ თავი მოვიკლათ, ეს უბრალოდ სიფრთხილისკენ მოწოდებაა. პირველ პლანზე ისევ ვაქცინაცია უნდა იყოს! დისტანცია და ნიღაბი კვლავ აუცილებელია.
ამჯერად ისრაელმა სამხრეთ აფრიკის ყველა ქვეყანასთან მიმოსვლა დაკეტა. ისრაელთან მიმოსვლა დახურა შვეიცარიამ და ტურისტებს არ იღებს.
- სამედიცო პერსონალს კონკრეტული მითითებები მოგეცათ?
- ამ ახალი შტამის გამოვლენამ ისრაელში ვაქცინაციის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება გამოიწვია. დღეს დიდი რიგები იყო, ძალიან ბევრი 11 წლამდე ასაკის ბავშვი მოიყვანეს მშობლებმა ასაცრელად. ეს პრობლემა გაგრძელდება სამწუხაროდ და მინიმალიზაცია მხოლოდ ვაქცინაციით თუ მოხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მუტაციის მეტი საშუალება იქნება.
ახალი შტამი იმდენად გადამდებია, ყველა ფრთხილად უნდა ვიყოთ. ექიმებმა მოსახლეობა კი არ უნდა შეაშინონ და არც ის მინდა ვინმემ ისე გაიგოს, თითქოს მე გაშინებთ, უბრალოდ გაფრთხილებთ, სხვა გამოსავალი არ გვაქვს ჩემო კარგებო, თუ არა ვაქცინაცია.
ისრაელში ამ თვეში ვაქცინირებული მოსახლეობის 9 პროცენტი დაინფიცირდა, ერთი თვის წინ 6 პროცენტი იყო. არავინ არ ამბობს, რომ ვაქცინირებული ადამიანის დაავადება აღარ მოხდება, მაგრამ აქ სიკვდილ-სიცოცხლეზეა ლაპარაკი და ვაქცინაცია საშუალებას გვაძლევს, ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოვიდეთ. ეს ომია და საზოგადოებამ უნდა გაიგოს! მსოფლიოში უკვე 5 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვეპლა და რომელი მსოფლიო ომი შეედრება?! საშინელებაა.
აუცილებლად უნდა ვთქვა, საქართველოში რა დღეშიც ყავთ ხალხი თავიანთი უცოდინრობით. დაუჯერებელია ამ პოლიტიკურ პარტიებს სამედიცინო კუნსულტანტები არ ჰყავდეთ, რომლებმაც უნდა უთხრან, რომ ეს უვიცობა კი აღარაა, არამედ ქვეყნის მტრობაა. ახლა მიტინგები დანაშაულია ხალხის, სამშობლოს წინაშე, ვისგანაც არ უნდა იყოს მართული. ხალხი უფსკრულისკენ მიჰყავთ და ამიტომ მოვუწოდებ მთავრობას, სახელმწიფოს - ნუ იქნება ორმაგი სტანდარტები და კანონი ყველასთვის კანონობდეს.
ჩაკეტვები არ მოქმედებს, ვერ ჩავკეტავთ ვერ დავამწყვრევთ ამ ვირუსს. რეგულაციებს თუ არ დავიცავთ და ვაქცინაცია არ იქნება, წინ კატასტროფა გველოდება. არ ვიცი ლიდერები რას ფიქრობენ, ამდენი ხალხის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს რომ საფრთხის ქვეშ აყენებენ. ცოტა მეტი პატივი ვცეთ სიცოცხლეს. ასე აბუჩად აგდება სიცოცხლის მიმართ, როგორიც საქართველოშია, არ ვიცი კიდევ თუ სადმეა და ძალიან გული მტკივა.
თავი თუ არ გიყვართ - დედას, მამას, დედმამიშვილებს, შვილებს გაუფრთხილდით, მოხუცებს მითუმეტეს, ძალიან დაუცველია საზოგადოება საქართველოში და რის იმედად ვართ აღარ ვიცი.
ვაქცინაცია გვიცავს, დაანებეთ თავი მოჩვენებებს და მოუსმინეთ ჭკვიან, პროფესიონალ ადამიანებს, რომ მხოლოდ ვაქცინაცია გადაგვარჩენს.