"სულ რამდენიმე დღის დაჭერილი იყო სააკაშვილი, ინფორმაცია მოგაწოდეთ, რომ იგეგმებოდა მისი სიკვდილი და ეს იქნებოდა დასხივებით - საკუთარ თავს არასოდეს ვკადრებ, ჰაერზე ინფორმაცია ვისროლო" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც თაკო ჩარკვიანი აღნიშნავს, მთავარია ახლა გვიანი არ იყოს.
"მეგობრებო, ხომ გახსოვთ ეს ჩემი 6 ოქტომბრის ბრიფინგი?! მაშინ სულ რამდენიმე დღის დაჭერილი იყო მესამე პრეზიდენტი სააკაშვილი. დიახ, მე მაშინ ინფორმაცია მოგაწოდეთ ყველას, რომ იგეგმებოდა მისი სიკვდილი და ეს იქნებოდა ან დასხივებით - რადიო ტალღებით მისი ნერვიული აშლილობა და დემორალიზება და ძალიან ვჩქარობდი 10 ოქტომბერს დიდი გრანდიოზული აქციის ჩატარებას, რადგან 30 ოქტომბერი გვიან იქნება მეთქი, ( არაო არაო და არაო) საბოლოოდ 14 ოქტომბერი გადაწყვიტეს.......მოკლედ შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვსო ასეა...
არასოდეს საკუთარ თავს არ ვკადრებ, რომ ჰაერზე ინფორმაცია ვისროლო! აი, ზოგიერთ უსაფუძვლოდ " ამბიციურს, ეჭვიანს და ჯიბრიანს" რომ არ უნდა დაჯერება კი სამწუხაროდ ასეა ებრაული წყევლასავით : " შენი არ იცოდე და სხვისი არ გჯეროდესო".
მთავარია ახლა გვიან არ იყოს, აი ეს არის მთავარი!", - წერს თაკო ჩარკვიანი.
შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელის გიორგი ჩალაძის განცხადებით, გორის სამხედრო ჰოსპიტლის შიდა ეზოში, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პალატის ფანჯრებთან დგას მანქანა, რომელიც ასხივებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს, რაც ადამიანის ფსიქიკურ შეშლილობას, ჯანმრთელობის მოსპობას და სიკვდილს იწვევს. ის მოუწოდებს სახალხო დამცველს და დიპლომატიურ კორპუსს, შეისწავლონ ფაქტი და მოახდინონ უმკაცრესი რეაგირება.
"ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ფანჯარასთან დგას მანქანა, რომელიც ასხივებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს. ეს არის ე.წ. სისტემა კუპოლი, ან „გუმბათი“, რისი გამოსხივებაც მინიმუმ 100 მეტრის რადიუსზე სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის ყველა გარშემომყოფს, იწვევს სისხლის გათეთრებიდან დაწყებული, ფსიქოლოგიური აშლილობით დამთავრებული", - აღნიშნავს ჩალაძე.