ავტორი:

3 ოპერაცია და სიცოცხლის ახალი შანსი - 26 წლის მამაკაცი მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევას გადაურჩა

3 ოპერაცია და სიცოცხლის ახალი შანსი - 26 წლის მამაკაცი მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევას გადაურჩა

მუცლის ღრუს დახურული ტრავმა, ელენთისა და თირკმლის დაზიანება, მოტეხილობები, შინაგანი სისხლდენა… ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა, ჰემორაგიული შოკის, სუნთქვის მწვავე უკმარისობისა და დაზიანებების სირთულის გათვალისწინებით, სიცოცხლის კიდევ ერთი, ძვირფასი შანსი მიეცა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 26 წლის მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანა. პაციენტის ინტუბაცია დაუყოვნებლივ მოხდა. ის მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს და საოპერაციო ბლოკში მოათავსეს. როგორც ქირურგი პაპუნა შონია განმარტავს, დაზიანებების სიმძიმიდან გამომდინარე, საჭირო გახდა მარცხენამხრივი ნეფრექტომია (მარცხენა თირკმლის ამოკვეთა), წვრილი ნაწლავის ჯორჯლის მთლიანობის აღდგენა, პანკრეასის კუდის, ელენთისა და განივი კოლინჯის რეზექცია, შემდგომ კი - კოლოსტომის ფორმირება.

პირველმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. 1 კვირის შემდეგ პაციენტი სამკურნალოდ კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, სადაც მოტეხილი ფრაგმენტების წარმატებული ფიქსაცია განხორციელდა. მის მკურნალობას თორაკოქირურგი გიგა ფარფალია მეთვალყურეობდა.

საბოლოოდ, რიგით მესამე, რეკონსტრუქციული ოპერაცია ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ჩატარდა, სადაც ქირურგებმა - პაპუნა შონიამ და გიგა ფარფალიამ ნაწლავის მთლიანობის აღდგენა (კოლოსტომის ლიკვიდაცია) შეძლეს. დღეს კი ახალგაზრდა მამაკაცი თავს ჯანმრთელად გრძნობს და ცხოვრებას სრულფასოვანი წესით განაგრძობს.