ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მიყვანის გადაწყვეტილება ხელისუფლებამ იძულებით, საერთაშორისო ზეწოლის შედეგად მიიღო" - ზაალ უდუმაშვილი

"მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მიყვანის გადაწყვეტილება ხელისუფლებამ იძულებით, საერთაშორისო ზეწოლის შედეგად მიიღო" - ზაალ უდუმაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასწრების გადაწყვეტილება ხელისუფლებამ იძულებით, საერთაშორისო ზეწოლის შედეგად მიიღო.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

"მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, დაესწრება დღევანდელ პროცესს, თუკი კიდევ რაიმე ფოკუსი არ აქვს ჩაფიქრებული ხელისუფლებას - არც ამას გამოვრიცხავთ. ხელისუფლება იძულებული გახდა პროცესზე მიხეილ სააკაშვილი მოეყვანა. ჩვენ ხომ ვნახეთ წინა სასამართლო პროცესები, დასწრების უფლება რომ არ მისცეს, ახლა იძულებული გახდა, მათ შორის იმ საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, რომელიც ხელისუფლებაზე მიმდინარეობს. ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყანა ითხოვდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მისცემოდა უფლება საკუთარი თავი დაეცვა პროცესზე, ამიტომ დღეს ეს იძულებითი ნაბიჯია და არა ის, რომ სამართლიანობა უნდა იყოს ქვეყანაში. არავის სჯერა ბიძინა ივანიშვილის სასამართლოსი და ამ სასამართლოს სამართლიანობის. ბევრი რამ არის დამოკიდებული ინდივიდუალურად მოსამართლეზე. სასამართლო სისტემა რომ მთლიანად მორჩილია ბიძინა ივანიშვილის, ეს ყველასთვის ცნობილია. დღეს კარგია, რომ მიხეილ სააკაშვილს მიეცემა უფლება საზოგადოებას მიმართოს. მიხეილ სააკაშვილი არ ელოდება სამართლიან სასამართლოს, მაგრამ ამ პროცესზე მას საშუალება მიეცემა, რომ საზოგადოებას მიმართოს და კიდევ ერთხელ მოუწოდოს იმ ბრძოლისკენ, რომელმაც, საბოლოო ჯამში, უნდა მიგვიყვანოს ვადამდელ არჩევნებამდე,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბრის საქმეზე დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს. მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში სავარაუდოდ, უკვე მიიყვანეს. პენიტენციური სამსახურის მანქანა, რომელიც ესკორტის თანხლებით გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა, თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე ცოტა ხნის წინ მივიდა.