ავტორი:

რა შეზღუდვები უწესდება ონლაინ სათამაშო ბიზნესს და ვის აეკრძალება მასში მონაწილეობა?

რა შეზღუდვები უწესდება ონლაინ სათამაშო ბიზნესს და ვის აეკრძალება მასში მონაწილეობა?

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განმარტა, თუ ვის შეეზღუდება ონლაინთამაშებში მონაწილეობის მიღების უფლება.

"იგეგმება ერთიანი ასაკობრივი ზღვარის შემოღება, რომელიც არის 25 წელი. ის გავრცელდება როგორც ონლაინსათამაშო ოპერატორებზე, ასევე ე.წ. ხმელეთის სათამაშო ოპერატორებზე. ეს იქნება ერთიანი ასაკობრივი ზღვარი ყველასთვის. ბუნებრივია, ასაკობრივი ზღვარი არ გავრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. ასევე განისაზღვრება პირთა წრე, რომელსაც შეზღუდული ექნება სათამაშო ბიზნესში მონაწილეობის მიღება. ამის ადმინისტრირებას შემოსავლების სამსახური განახორციელებს. კერძოდ, სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა შეზღუდული ექნებათ სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებიც სახელმწიფოსგან დახმარებას იღებენ, საჯარო მოხელეებს, პირებს, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმით, ასევე გათვალისწინებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით ოჯახის წევრის მიმართვის შემთხვევაში, აღნიშნულ სიაში მოხვდნენ დამატებითი პირები. ჯამში, საქართველოს ერთ მილიონამდე სრულწლოვან მოქალაქეს შეეზღუდება სათამაშო ბიზნესში მონაწილეობის მიღება, როგორც მომხმარებელს. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს დამატებით კონტროლის მექანიზმების შემოღებას იმისთვის, რომ ეფექტურად მოხდეს ამის ადმინისტრირება, რომელსაც შემოსავლების სამსახური განახორციელებს. განისაზღვრება რიგი რეგულაციები, ეს ეხება როგორც ადმინისტრაციის წესს, ასევე თანხის შეტანისა და გამოტანის წესს მოთამაშის ანგარიშზე. ეს დაიშვება მხოლოდ რეგისტრირებულ პირზე. ასევე შეიზღუდება ერთი მოთამაშიდან მეორე მოთამაშეზე გადარიცხვის შესაძლებლობა, რაც საშუალებას მოგცემს, ეფექტურად მოხდეს აღნიშნული რეგულაციების შესრულება“,-განაცხადა ხუციშვილმა.

მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე განმარტა, რომ სათამაშო ბიზნესის შესახებ სრულად შეიზღუდება სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებ-გვერდებზე რეკლამის განთავსება.

"რეკლამის ნაწილში სრულად შეიზღუდება სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებ-გვერდებზე რეკლამის განთავსება. სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება, რაც მთელ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა. ასეთ დროს არ ხდება რომელიმე ტიპის თამაშის რეკლამირება“,-განაცხადა ხუციშვილმა.

მან აღნიშნა, რომ სათამაშო ბიზნესის გამო, უცხოეთში თანხის გადარიცხვის თაობაზე შეზღუდვა დაწესდება.

"საგადასახადო მომსახურების პროვაიდერებს დაეკისრებათ ვალდებულება, არ დაუშვან მათ მიერ დაშვებული საგადასახადო ბარათით უცხო ქვეყნის სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი კომპანიის სასარგებლოდ გადახდების განხორციელება, რაც დამატებით შეზღუდვის მექანიზმია იმისთვის, რომ უფრო ეფექტურად მოხდეს აღნიშნული რეგულაციების განხორციელება. აღნიშნული პაკეტი უკვე მომზადებულია საკანონმდებლო დონეზე, კანონში ცვლილების პროექტიც და საქართველოს პარლამენთან უკვე დავიწყებთ მუშაობას აღნიშნულ კანონპროექტზე“,-განაცხადა ხუციშვილმა.