ვრცელდება ხმები, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირებაა და რომ სააკაშვილი ნიკა მელიას მოქმედებით უკმაყოფილოა. პარტიის ლიდერები ამ საკითხზე საუბარს თავს არიდებენ და კონფლიქტს გამორიცხავენ, მაგრამ ყველაფერი რომ რიგზე ვერ არის, ამ პარტიის გულმხურვალე მხარდამჭერების პოზიციითაც ჩანს. ისინი სოციალურ ქსელში არ ერიდებიან მელიას კრიტიკას და ამბობენ, რომ მან ორჯერ "მოახერხა" მასშტაბურ აქციებზე შეკრებილი ხალხის შინ გაშვება და საპროტესტო მუხტის განელება. ერთ-ერთი ვერსიით, ნიკა მელიას მწვავედ უპირისპირდება ვანო მერაბიშვილი და სააკაშვილსაც სწორედ ის განაწყობს მის წინააღმდეგ... ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტმა სანდრო თვალჭრელიძემ. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- რა ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში", არ ვიცი, თუმცა ფაქტების გაანალიზება შეიძლება... ვანო მერაბიშვილი იჯდა ციხეში, მოიხადა სასჯელი და გამოვიდა. ეგონა, დახვდებოდნენ როგორც გმირს, მაგრამ სწორედ ნიკა მელიას გამო მას, ფაქტობრივად, ზურგი აქციეს, პარტიაში არანაირი თანამდებობა არ მისცეს და თუ დღემდე გარკვეულ ჯგუფზე გავლენას ახდენს, ეს მისი პირადი დამსახურებაა და არა - შიდა პარტიული იერარქიის. რასაკვირველია, მას ნიკა მელია გულზე არ ეხატება და შეეცდება ჯერ პარტიაზე მისი გავლენის შემცირებას, საბოლოოდ კი - სულ ჩამოშორებას.
ამბობენ იმასაც, რომ თავმჯდომარეობიდან მისი გაშვება იგეგმება. ერთი შეხედვით, ეს შეიძლება უპრიანიც იყოს, რადგან მან ყველა არჩევნები წააგო, პარლამენტიდან გამოვიდა და თანაც წინ სასამართლო პროცესი ელის. ახლა ნიკა მელია ნაკლებად ხისტად იქცევა. მან დაინახა, რომ ამგვარი ხისტი მიდგომა არაფრის მომტანია. კი, იყვირებენ ქუჩაში, მაგრამ ამას შედეგი არ მოაქვს. ჩემი აზრით, მელია გაცილებით რეალურად აფასებს პოლიტიკურ პროცესებს. მან უკეთ იცის, როგორია დღევანდელი საზოგადოების განწყობა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილმა, ამიტომაც მისი პოზიცია უფრო რეალისტურია, მაგრამ, სავარაუდოდ, "ნაცმოძრაობის" ე.წ. რეაქციულ ფრთას ამის გაგება და დანახვა არ სურს. როგორ განვითარდება მოვლენები "ნაციონალურ მოძრაობაში", გაუგებარია. ეს ერთგვარი სასწორია, ან ერთი მხარე გადაწონის, ან - მეორე. რთული სათქმელია, ის პატარა ფოთოლი, რომელიც გადამწყვეტი იქნება, რომელ მხარეს დაეცემა. მოკლედ, პატარა ბიძგი უნდა, რომ ვითარება შეუქცევადი გახდეს... წაიკითხეთ სრულად