ალერგოლოგ-იმუნოლოგის გიორგი კამკამიძის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შტამი "ომიკრონი" უმრავლეს შემთხვევაში ვრცელდება იმ პოპულაციაში, რომელიც აცრილი არ არის.
როგორც მან მედიაჰოლდინგ "კვირაში“ აღნიშნა, "ომიკრონის" ვირუსით გამოწვეული ინფექცია შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს. მისი თქმით, ინფექცია "არ ხასიათდება ნერვული სისტემის დაზიანების ნიშნებით, როგორიცაა ყნოსვისა და გემოვნების გაუკუღმართება”.
"ჩვეულებრივი გაციებით მიმდინარე დაავადების სიმპტომები ახასიათებს. თუმცა, მეორე მხრივ, გავრცელების თვალსაზრისით ნამდვილად საყურადღებოა და ეფექტურად ვრცელდება, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში. ყურადღება უნდა გავამახვილოთ, რომ უმრავლეს შემთხვევაში ის ვრცელდება იმ პოპულაციაში, რომელიც აცრილი არ არის. ამიტომაც არის რომ ზუსტად ახალგაზრდებშია უფრო მეტად გავრცელებული.
რა საკვირველია, საქართველო მთლიანად დაცული ვერანაირად ვერ იქნება. ადრე თუ გვიან, ეს ვარიანტიც შემოაღწევს. ვირუსის ვარიანტების განსაზღვრა, იგივე სეკვენირების მეთოდი შედარებით ნაკლები პროპორციით ხდება. შეიძლება, საქართველოში არის კიდევაც ეს ვარიანტი, თუმცა, ჯერ არ ვიცით მის შესახებ.
ამ ვირუსთან დაკავშირებით რაიმე სერიოზულ პრობლემებს არ ველით, ჯერ საგანგაშო მონაცემები არ არის, რომ ავადობის მიმდინარეობას ამძიმებს, პირიქით, მონაცემები იმის შესახებაა, რომ შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა, ეფექტურად ვრცელდება”,- აღნიშნავს გიორგი კამკამიძე.