"ლუი ვიტონის" 41 წლის არტდირექტორი, რომელიც სიმსივნეს 2 წელი ებრძოდა, გარდაიცვალა

"ლუი ვიტონის" 41 წლის არტდირექტორი, რომელიც სიმსივნეს 2 წელი ებრძოდა, გარდაიცვალა

ვირჯილ აბლო, ლუი ვიტონის დიზაინერი და Off-White-ის ბრენდის დამაარსებელი, კვირას გარდაიცვალა. სამწუხარო ამბავი, აბლოს ოფიციალურ "ინსტაგრამგვერდზე:, რამოდენიმე საათის წინ გავრცელდა. ლუი ვიტონის არტდირექტორი 41 წლის იყო.

"ინსტაგრამის" პოსტში ვკითხულობთ:

"ორი წლის განმავლობაში, ვირჯილი ვაჟკაცურად ებრძოდა სიმსივნის აგრესიულ ფორმას, გულის ანგიოსარკომას. მას ბევრი არასასიამოვნო პროცედურის გავლა მოუწია დაავადებასთან ბრძოლისას, მიუხედავად ამისა, პარალელურად მოდის ინდუსტრიაში დაუღალავ შრომას ისევ აგრძელებდა.“

ვირჯილ აბლო, "ლუი ვიტონის“ შექმნიდან მოყოლებული, კომპანიაში პირველი ფერადკანიანი სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. მანვე დაარსა საკულტო ლეიბლი "Off-White”. დიზაინერმა "ლუი ვიტონისთვის“ მუშაობა 2018 წლის მარტიდან დაიწყო და მისი დამსახურებით, ბრენდისადმი ინტერესი ახალგაზრდა თაობაშიც გაღვივდა, რადგან მისი მამაკაცის ხაზის კოლექციები უმაღლესი მოდისა და ქუჩის სტილის ჩაცმულობას აერთიანებდა, სცდებოდა მხატვრულ საზღვრებს და გენდერულ ნორმებისთვის გამოწვევა იყო.

ვირჯილ აბლოს შექმნილი ტანსაცმლიდან, ბევრი გამხდარა ხალხისთვის სალაპარაკო თემა, ერთ-ერთი ასეთი იყო ნაქარგი წინსაფარი, რომელიც ტიმოთი შალამეს 2019 წელს, "ოქროს გლობუსის" დაჯილდოებაზე ემოსა.

ცნობილი დიზაინერის გარდაცვალების ამბავს შოუბიზნესის ბევრი წარმომადგენელი შეხვდა მწუხარებით, მათ შორის იყო ჰეილი ბიბერიც, რომლის საქორწინო კაბის ავტორი სწორედ ვირჯილ აბლოა. მოდელმა ინსტაგრამის პოსტში დაწერა, თუ რაოდენ მნიშნელოვანი როლი ეკავა დიზაინერს მის ცხოვრებაში და მადლობა გადაუხადა მას.

ვირჯილ აბლომ მუსიკალურ ინდუსტრიაშიც დაიმკვიდრა სახელი: ხშირი კოლაბორაციები ჰქონდა კენიე ვესტთან, იყო რეპერის დიზაინის სააგენტოს კრეატიული ხელმძღვანელი და ვირჯილის დიზაინითაა შექმნილი კენიე ვესტის რამდენიმე ალბომის ყდა. ვირჯილი ასევე იყო დიჯეი და მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ხშირად იწვევდნენ. როგორც ხელოვანი და ავეჯის დიზაინერი, ის "მერსედეს ბენცთან“ და "იკეასთან“ თანამშრომლობდა.

კენიე ვესტი და ვირჯილ აბლო. 2019 წ.

ვირჯილ აბლოს ოჯახი განადან არის, თავად დიზაინერი, ილინოისში დაიბადა 1980 წელს. მან სამოქალაქო საინჟინრო საქმე შეისწავლა, მოგვიანებით კი არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობდა ვისკონსინის უნივერსიტეტში. დიზაინერი ფიქრობდა, რომ მოდის ინდუსტრიაში გადანაცვლებას, მისმა ტრადიციულმა მულტიდისციპლინურმა განათლებამ ჩაუყარა საფუძველი.

აბლო Time Magazine-ის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში მოხვდა 2018 წელს, ხოლო 2019 წელს, ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მისი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

დიზაინერი გარდაცვალებამდე მაიამის მოდის ჩვენებისთვის ემზადებოდა, რაც ქალაქში "ლუი ვიტონის" ახალი მაღაზიის გახსნას უნდა დამთხვეოდა.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა