ავტორი:

"ფოტოგრაფი, რომელიც უკანონოდ და ცრუ ბრალდებით დაიჭირა სააკაშვილმა, დღეს სააკაშვილის სასამართლოს იღებს" - გია აბდალაძე

"ფოტოგრაფი, რომელიც უკანონოდ და ცრუ ბრალდებით დაიჭირა სააკაშვილმა, დღეს სააკაშვილის სასამართლოს იღებს" - გია აბდალაძე

"ისტორიული კადრი! ფოტოგრაფი, რომელიც უკანონოდ და ცრუ ბრალდებით დაიჭირა სააკაშვილმა დღეს სააკაშვილის სასამართლოს იღებს", - წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში დაკავებული გია აბდალაძე. დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ამ საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე მუშაობს, სწორედ მას გულისხმობს საკუთარ პოსტში გია აბდალაძე.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2011 წლის 7 ივლისს ფოტოგრაფები დააკავა, მათ ჯაშუშობაში ადანაშაულებდნენ. დაკავებული იყვნენ ევროპის პრესფოტოს სააგენტოს ფოტოგრაფი ზურაბ ქურციკიძე, ყოფილი პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე, “პრაიმ ტაიმის” ფოტორეპორტიორი ნათია გედენიძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის ფოტოგრაფი გია აბდალაძე.

პროკურატურამ ე.წ ფოტოგრაფების საქმე 2016 წელს გახსნა. უწყების განცხადებით ფოტოგრაფების: გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძე და ირაკლი გედენიძე გამოგონილი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს და მათ ხელისუფლება 26 მაისის აქციის დაშლის აქტიური გაშუქების გამო გაუსწორდა.

კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი, უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს. საქმეზე ასევე ბრალდებულია ალექსანდრე მუხაძე, რომელიც იძებნება.

ირაკლი გედენიძე ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე ილაპარაკა დაპატიმრების შემდეგ ციხეში გადაყვანის თაობაზე.

"2-3 დღის შემდეგ, ბადრაგმა გამიყვანა ადმინისტრაციულში. დევნოზაშვილი მითხრა დამეწერა, რომ 2008 წლის ომში გადაღებულ ფოტოებს და ჯარის გადაადგილების გეგმებს ვითომ ქურციკიძეს ვაძლევდი. ამაზე უარი განვაცხადე, ძალიან ცუდად გავხდი და გადამიყვანეს საკანში. ეს ხდება მას შემდეგ, რაც აღიარებითი უკვე მიცემული მაქვს. საკანშიც ძალიან ცუდად ვიყავი და გადამიყვანეს საავადმყოფოში", - განაცხადა გედენიძემ.

გედენიძე ყვებოდა, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი შვილების სიცოცხლით და ოჯახის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გამოქვეყნებით ემუქრებოდა და აიძულებდა ეღიარებინა გამოგონილი ჯაშუშობის ბრალდება.