ავტორი:

"მე რომ მიმალვა მდომებოდა ან გაქცევა, 5-6 საათი დრო მქონდა ამისთვის...“ - რა განაცხადა ზურაბ ზვიადაურმა სასამართლოზე?

"მე რომ მიმალვა მდომებოდა ან გაქცევა, 5-6 საათი დრო მქონდა ამისთვის...“ - რა განაცხადა ზურაბ ზვიადაურმა სასამართლოზე?

ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დღეს თელავის რაიონულმა სასამართლომ სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

საქმე 16 აგვისტოს წინანდლის ტყეში მომხდარ მკვლელობას ეხება. ზურაბ ზვიადაურთან ერთად გირაოთი გაათავისუფლეს კიდევ ერთი ბრალდებული ჯაბა ჯანგირაშვილი. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზურაბ ზვიადაურს 50 000-ლარიანი გირაო, ჯაბა ჯანგირაშვილს კი 5 000 - ლარიანი გირაო შეეფარდა.

სასამართლოზე პროკურორმა ვარაუდი გამოთქვა, რომ შესაძლებელი იყო ბრალდებულს მიმალვა ეცადა, რის საპასუხოდაც ძიუდოისტმა სასამართლო დარბაზში სიტყვა წარმოსთქვა:

"გარდაცვლილების მიყვანიდან, ალბათ 5-6 საათი ვიყავი გაჩერებული საავადმყოფოს ეზოში. შემდეგ, მეგობრის მანქანაში ჩავჯექი, დავტოვე ეზო და გავედით ერთი საათი მაინც ვიარეთ. მერე მივედი პოლიციაში და მომხდარზე ვისაუბრე.

როდესაც გავიგე, რომ მესამე პირი გარდაიცვალა, პოლიციას მე თვითონ დავუძახე და ვუთხარი, რომ ეს ჩემი ჩადენილია, იარაღი აქ არის-მეთქი. ამას ხალხი ესწრებოდა. მე რომ მიმალვა მდომებოდა ან გაქცევა, 5-6 საათი დრო მქონდა ამისთვის...“ - განაცხადა ზვიადაურმა.

სოფელ წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორი ვლადიმერ ბექიშვილის განცხადებით, მათ მხარი დაუჭირეს, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა ყოფილიყო გამოყენებული.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ბრალდება.

"დღეს თელავის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე, მამუკა წიკლაურმა განიხილა ბრალდებულ ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა. დღეს უწევდათ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვების მიზანშეწონილობაზე მსჯელობა. ბრალდების მხარემ მხარი დაუჭირა, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოყენებულიყო პატიმრობა, რაც დასაბუთებული იყო. მიგვაჩნია, რომ მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება მიზანშეწონილი იყო, თუმცა, მოსამართლემ მკვლელობაში ბრალდებული პატიმრობიდან გაათავისუფლა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. არ ვეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას. მიგვაჩნია, რომ აბსოლუტურად საფუძვლიანად ჰქონდა მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული“, - განაცხადა ბექიშვილმა.

მისი თქმით, სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევა კვლავ გრძელდება. როგორც პროკურორი აღნიშნავს, საქმესთან დაკავშირებით კიდევ უნდა დაიკითხონ მოწმეები და ჩვენება მისცენ.