"7 ნოემბერზე რაც სააკაშვილმა თქვა, ეს მინიმუმ მის მორალურ ბრალეულობას არ გამორიცხავს", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის გამოსვლით ფუნდამენტურად ახალი არაფერი გაუგია და მისი გამოსვლა იმ ადამიანებისკენ იყო მიმართული, ვისაც მისი უდანაშაულობის ისედაც სჯეროდა.
"ეგეც რომ მართალი იყოს, რომ 7 ნოემბრის მოვლენებს პრეზიდენტი სახლიდან უყურებდა, მგონი ტელევიზორიდანაც ჩანდა, რომ ამ პროცესში ყველაფერი კარგად არ იყო, იქიდანაც შეიძლებოდა ჩარევა და პროცესის შეჩერება. ამიტომ ყველაფერი რომ დავიჯეროთ, რაც მან თქვა, ეს მგონი მინიმუმ მორალურ ბრალეულობას არ გამორიცხავს, სამართლებრივზე სასამართლო მსჯელობს.
რაც შეეხება მისი გამოსვლის ზოგად მიმოხილვას, მთელი ეს გამოსვლა იყო პოლიტიკური და მიმართული იყო ხალხის მხარდაჭერის მოპოვებისკენ. არ ვიცი ასეთი რიტორიკა რამდენად დამაჯერებელია ხალხისთვის, რომ ცოტათი სასამართლოს ნაწილში შეგვეშალა და მერე აქეთ გაგვასამართლა ამ სასამართლომ, დანარჩენს ყველაფერს კარგად ვაკეთებდით და არ მოგენატრათ ის დროს, როცა ყველაფერი წინ მიდიოდა?!- ეს ჩემი აზრით ბევრი ადამიანისთვის არ იქნება დამაჯერებელი და ვისთვისაც დამაჯერებელია, იმისთვის აქამდეც დამაჯერებელი იყო.
ამიტომ მგონია, რომ ამ გამოსვლით ფუნდამენტურად ახალი არაფერი გაგვიგია. სააკაშვილის ეს მიმართვა მიმართულია არა იმ ადამიანებისკენ, რომლებმაც რამე უნდა აპატიონ, რადგან პატიება ადვილი არ არის, ალბათ უფრო იმ ადამიანებისკენ არის მიმართული და მათი რწმენაში გამყარებისკენ, რომლებსაც სააკაშვილი დამნაშავე არ ჰგონიათ", - განაცხადა ხვიჩიამ.