ავტორი:

"მოყოლილი აქვს, როგორ რეკავდა, "ევროვიზიაზე" ჩვენს მომღერლებს რა ვარცხნილობა უნდა ჰქონოდათ. ის არ იცოდა, 7 ნოემბერს მთელი დღე თარეში რომ იყო?!" - ალეკო ელისაშვილი სააკაშვილზე

"მოყოლილი აქვს, როგორ რეკავდა, "ევროვიზიაზე" ჩვენს მომღერლებს რა ვარცხნილობა უნდა ჰქონოდათ. ის არ იცოდა, 7 ნოემბერს მთელი დღე თარეში რომ იყო?!" - ალეკო ელისაშვილი სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილმა შეგვახსენა, რომ არ შეცვლილა და არანაირი სინანული არ აქვს, - ამის შესახებ დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის შეფასებით, ფაქტია, რომ სააკაშვილს არაფერზე გულწრფელი ბოდიში არ მოუხდია.

"მან ხელიდან დიდი შესაძლებლობა გაუშვა, რომ პოლიტიკურად და ადამიანურად სწორი პოზიციით წარმდგარიყო, რადგან სინანული ღირსებაა. არაფერი ჰქონდა სანანებელი, მაგრამ რაღაცებს დავით აღმაშენებელი ნანობდა, ვინც რეალურად ქართული სახელმწიფო შექმნა. რაც ჩაიდინა, მიხეილ სააკაშვილი მას შეცდომებს და გადაცდომებს უწოდებს.

“იმედში” რომ შევარდა, დალეწეს და დაამტვრიეს, ჟურნალისტებს რომ სცემეს და გაქცეულებს რეზინის ტყვიებს ესროდნენ, ეს შეცდომაა?! ვალერი გელაშვილს ჯერ ქონება რომ წაართვეს და სპეცრაზმელებმა დღისით-მზისით რომ სცემეს, ეს შეცდომა და გადაცდომაა?! მას შესაძლებლობა ჰქონდა, სინანული გამოევლინა და ამით თავის თავს ავნო პოლიტიკურადაც და ადამიანურადაც. მიხეილ სააკაშვილს პუტინი ებრძვის თუ კიმ ჩენ ინი, არ ვიცი, მაგრამ ამდენი წლის შემდეგ რომ ამბობ, სინამდვილეში გირგვლიანის საქმე არ არსებობდა და მოიგონესო, ახალგაზრდა ბიჭს მისი პრეზიდენტობის დროს წამებაში სული ამოხადეს და ამ დანაშაულს მთელი სახელმწიფო ხელს აფარებდა, სტრასბურგმა კი თქვა, გაოგნებული ვარ, როგორ ორგანიზებულად აყალბებდით საქმესო, ამის შემდეგ ამბობ გირგვლიანის საქმე არ არსებობდაო! როგორ შეიძლება, ირინა ენუქიძის ხსოვნას ბოდიში ახლა მაინც არ მოუხადოს?!

რაც შეეხება 7 ნოემბერს, მისი განცხადება იმ ოპერიდან არის, რომ ახალაიებს არ იცნობს, ორჯერ შეხვდა. დღეს გავიგეთ, რომ თურმე ვანო მერაბიშვილი წარმართავდა ყველაფერს და თავად ტელევიზორიდან უყურებდა. ამის ვის სჯერა?! თავის პირით აქვს მოყოლილი, როგორ რეკავდა, "ევროვიზიაზე" ჩვენს მომღერლებს ვის რა ვარცხნილობა უნდა ჰქონოდა. ის არ იცოდა, 7 ნოემბერს მთელი დღე თარეში რომ იყო?! ჯარი რომ გამოიყვანეს ეს არ იცოდა და მერაბიშვილის ბრალი იყო?! ხელის შეწმენდა სცადა", - განაცხადა ელისაშვილმა.