ავტორი:

ეპიდსიტუაცია სკოლებში და კორონავირუსი - რა პასუხები აქვს განათლების მინისტრის მოადგილეს აქტუალურ კითხვებზე

ეპიდსიტუაცია სკოლებში და კორონავირუსი - რა პასუხები აქვს განათლების მინისტრის მოადგილეს აქტუალურ კითხვებზე

როგორი ვითარებაა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით და რა პრევენციული ზომები ტარდება ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, რამდენი სკოლა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე და რა შემთხვევაში იხურება კლასი ან სკოლა? - ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე.

- როგორი ვითარებაა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების მხრივ?

- დინამიკას თუ შევხედავთ, ეპიდსიტუაცია ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო გუშინ და გუშინწინ. დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლებისა და საკლასო ოთახების რაოდენობა ცოტათი შემცირებულია, ასევე შემცირებულია იმ მშობლების რიცხვი, ვისაც სურდა თავიანთი შვილები დისტანციურ გაკვეთილებზე გადაეყვანა. ეს იმის მაჩვენებელია, რომ მათ სურთ, შვილებმა საკლასო ოთახში მიიღონ განათლება და არა - ვირტუალურად, ასევე ამით გამოხატავენ ნდობას იმ გარემოს მიმართ, რა გარემოც ხვდება მოსწავლეს - ყველა სკოლა აღჭურვილია შესაბამისი რესურსით, ყოველ დილით მოსწავლეების სკრინინგი ხდება, არის დეზობარიერი, ანტისეპტიკური საშუალებები, დაცულია დისტანცია. ამის მონიტორინგი ხდება რესურსცენტრების მხრიდან, ამ პროცესში ჩართული სამინისტროს თანამშრომლები სკოლებს რეკომენდაციებს აძლევენ.

- რამდენი სკოლა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე?

- ბოლო მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე გადასულია 5542 მოსწავლე. ეს ის მოსწავლეები არიან, რომელთა მშობლებმაც დისტანციური გაკვეთილები აირჩიეს, თუმცა ეს რაოდენობაც შემცირებულია, წინა კვირაში მათი რიცხვი 6592 იყო. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, დღეის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე გადასულია 132 სკოლა და 317 საკლასო ოთახი.

- რა შემთხვევაში იხურება კლასი ან სკოლა?

- როცა სკოლის მოსწავლეს ან თანამშრომელს დაუდასტურდება კოვიდინფექცია, სკოლა მაშინვე უნდა დაუკავშირდეს ადგილობრივ ჯანდაცვის ცენტრს, მიაწოდოს ინფორმაცია და ამის შემდეგ, უშუალოდ, ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრი აძლევს რეკომენდაციას სკოლას, თუ როგორ იმოქმედოს. როგორც ნახეთ, სტატისტიკურად, ჯერ ერთი კლასი იხურება გარკვეული დროის განმავლობაში და თუ ერთ შემთხვევას სხვაც დაემატება და ინფექციის გავრცელების რისკი მაღალი იქნება, იხურება სკოლაც. ამ გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო არ იღებს, ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე მოქმედებს სკოლა.

- და მათივე რეკომენდაციით უბრუნდებიან მოსწავლეები სასწავლო პროცესს?

დიახ, ისინი საზღვრავენ რამდენი ხნით დაიკეტოს საკლასო ოთახი ან სკოლა და როდის გაიხსნას.

- სასწავლო დაწესებულებებში მასწავლებლების ინფიცირების მაჩვენებელი უფრო მაღალია თუ მოსწავლეების?

- უფრო ზრდასრულების ინფიცირების მაჩვენებელია მაღალი, ვიდრე მოსწავლეების.

- ამ ეტაპისთვის რამდენი მასწავლებელი და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელია ვაქცინირებული?

- სასწავლო დაწესებულებაში დასაქმებული ადამიანების 70% ვაქცინირებულია.

- რა კეთდება საიმისოდ, რომ უფრო მეტი ვაქცინირებული თანამშრომელი იყოს და უფრო უსაფრთხო გახდეს სწავლის პროცესი?

- მოგეხსენებათ, ვაქცინაცია სავალდებულო არ არის. ამიტომ ჩვენი მიზანია, მათი ცნობიერება უფრო მეტად გაიზარდოს, ამაში უამრავი ორგანიზაცია გვიჭერს მხარს, ამის ძალიან კარგი მაგალითია “იუნისეფის” ღონისძიებები, რომლებიც მუდმივად ტარდება და რომელშიც ჩვენც ჩართულები ვართ, პირადად, მეც ვმონაწილეობდი რამდენიმე მათგანში, არაერთი ღია ეთერი გავაკეთეთ, ჩავრთეთ ექიმები, რომლებიც საუბრობდნენ ვაქცინაციის შესახებ და პასუხს სცემდნენ კითხვებს... თუმცა, მაინც დარჩა 30%, ვინც არ არის ვაქცინირებული, და მათი უმრავლესობა რეგიონებშია.

- 1 დეკემბრიდან "მწვანე პასპორტები“ ამოქმედდება. იქნება თუ არა სავალდებულო სასწავლო დაწესებულებებში?

- "მწვანე პასპორტი“, ამ ეტაპზე, არ განსაზღვრავს სკოლაში მისვლა-არმისვლის საკითხს. ჯერ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

- რა პრევენციული ზომები ტარდება ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად?

- ეპიდსიტუაციამ უფრო ნათლად დაგვანახა სკოლის მოვლის საჭიროება, ამ მიმართულებით გაწერილია ყველა პროცედურა - როგორ უნდა მოხდეს დასუფთავება არა მარტო იმ შემთხვევაში, როცა კოვიდინფექცია დაფიქსირდება, არამედ - ზოგადად. მაგალითად, თუ სკოლაში ორი ცვლაა, არის ხანგრძლივი შესვენება, რომ დამლაგებლებმა სველი წესით დაალაგონ სკოლა და მოასწრონ სივრცის განიავება მეორე ცვლის მოსწავლეების მისვლამდე. დამლაგებლებს ევალებათ, ყველა დასვენების შემდეგ საპირფარეშოების დასუფთავება, ასევე შესასვლელში, დერეფნებში, ყველა სართულზე, საკლასო ოთახებში არის სადეზინფექციო ხსნარები. წესებს ყველა იცავს. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მშობლებმა გააპროტესტეს მოსწავლეების მიერ პირბადის ტარება, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, თავიანთი ინიციატივით გაუკეთეს შვილებს პირბადე...

- რაც შეეხება პირბადეს, მოსწავლეს არ გაუჭირდება მათემატიკის ან ბიოლოგიის გაკვეთილზე პირბადის ხმარება, მაგრამ ფიზკულტურის გაკვეთილზე...

- რთულია, ამ ნაწილში ყველაზე მეტად გვიჭირს, ამიტომ მოსწავლის ძალიან დიდი ფიზიკური დატვირთვა არ ხდება, ასევე გუნდური თამაშების ნაწილშიც შეზღუდულნი ვართ, იმიტომ, რომ დისტანცია უფრო მეტად იყოს დაცული.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო - თუ გვინდა, რომ სასწავლო პროცესი გაგრძელდეს და არა მარტო ამიტომ, იმისთვის, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე დავიცვათ, ჯანდაცვის მსოფლიო და სხვადასხვა ორგანიზაცია მიგვითითებს, რომ ვაქცინაცია მნიშვნელოვანია ჩვენი გადარჩენისთვის. ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავ ყველას, დავიცვათ ყველა წესი. ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას და ვთხოვ, რომ გავიაზროთ ვაქცინაციის საჭიროება, ჩვენი სიცოცხლე რომ დაცული იყოს.