ავტორი:

"ეს მორიგი სიმღერის ჩაწერა არ ყოფილა. ზურასთვის ვმღეროდი" -  მუსიკოსმა გოგა მესხმა ზურა დოიჯაშვილს  მისივე ჰიტი მიუძღვნა

"ეს მორიგი სიმღერის ჩაწერა არ ყოფილა. ზურასთვის ვმღეროდი" -  მუსიკოსმა გოგა მესხმა ზურა დოიჯაშვილს  მისივე ჰიტი მიუძღვნა

პანდემიის გამო ისე აქტიურად ვეღარ უწევს საქმიანობა, რადგანაც კონცერტები, ფესტივალები, გასტროლები ფაქტობრივად, აღარ ტარდება. ამიტომ, მუსიკოსი გოგა მესხი, კოლეგების მსგავსად, ხანდახან და ისიც შეზღუდულად თუ ახერხებს ამა თუ იმ სივრცეში გამოსვლას.

"რთული სიტუაციაა, ყველას გვიჭირს, დღეს თუ შეძლებ და შენი პროფესიით რაიმეს გააკეთებ, ხვალინდელ დღეზე საფიქრალი გაქვს, - რა ქნა... ჩვენს სფეროში ბევრი ადამიანია რთულ მდგომარეობაში. ცუდი ის არის, რომ არავინ იცის, ეს მძიმე ვითარება როდემდე გაგრძელდება და სადამდე "გაქაჩავს“ ჩვენი სფერო ამ აუტანელ სიტუაციას,“ - გვეუბნება მუსიკოსი, რომელსაც არაერთ ცნობილ კონკურსში, ფესტივალში მიუღია მონაწილეობა. ის ასევე თბილისის სიმფონიური ორკესტრის შემსრულებელია...

"პანდემიამდე სხვანაირად იყო ყველაფერი. თბილისის სიმფონიურ ორკესტრში ვატო კახიძესთან ვარ, ხშირად გვქონდა კონცერტები, ქვეყნიდან გასვლა, ხან ფესტივალი. პარალელურად კლუბში, ან - რესტორანში გვქონდა ხოლმე სამუშაო. ძალიან აქტიურად ვიყავი ყველაფერში ჩართული... თითქმის ორი წელია, არაფერი ხდება.

საერთოდ ისეთი პერიოდია, კონტაქტებსაც კი ვერიდებით, რადგან კოვიდი არავის ინდობს. ბოლო დროს ამ ინფექციის გარეშეც ბევრი ადამიანის სიცოცხლე დავკარგეთ, რამაც დიდი მწუხარება და სევდა მოიტანა,“ - ამბობს მომღერალი, რომელმაც ამ რთულ მდგომარეობაში მაინც მოახერხა და მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაცვლილ მეგობარს, მომღერალ ზურა დოიჯაშვილს მისივე უკვდავი ჰიტი მიუძღვნა.

გოგამ ქართველი მსმენელისთვის საყვარელი და უბერებელი სიმღერა - "მელიქიშვილის გამზირი“ ჩაწერა, რომელზეც ვიდეორგოლიც გადაიღო.

ამ თემაზე კი Ambebi.ge-ს ესაუბრა.

- "მელიქიშვილის გამზირის“ ამ ახალი, თქვენეული ვერსიის შექმნის იდეა როგორ გაჩნდა?

- ზურას გარდაცვალებამ გული ყველას ძალიან დაგვწყვიტა, დაგვასევდიანა... შემდეგ ჩემს ახლო მეგობარს, ლერი რობაქიძეს იდეა გაუჩნდა და მითხრა, - კარგი იქნებოდა, დოიჯა გაგეხსენებინაო. მე მისი ხსოვნის წინაშე ამაზე უკეთესს რას გავაკეთებდი?!

რაც შეეხება ჩემი და დოიჯას ურთიერთობას, ფაქტობრივად, მის ხელში გავიზარდე. ის როგორც ჩემი ახლო მეგობარი, ასევე ჩემი მშობლების მეგობარი იყო. რაღაცნაირად მინდოდა, ჩემი მხრიდან მის მიმართ სიყვარული და სითბო გამომეხატა.

მართლა სხვა ადამიანი იყო, ის ჩვენი მხრიდან ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებს. კი, დიდი სიყვარულით ვიხსენებ მას, რადგანაც პირველ რიგში ზურა ადამიანი იყო.

ამ სიმღერაზე და შემდეგ უკვე ვიდეორგოლზე ყველამ სულით და გულით იმუშავა, რადგანაც დოიჯა მათთვის მნიშვნელოვანია.

- ცოტა სხვა ვერსიაა, ტექსტის ნაწილი ოდნავ გადაკეთებული - ლექსი უფრო ზურაზეა... ამ ყველაფერზე ალბათ ნებართვა სიმღერის ავტორისგან აიღეთ, ხომ?

- ახალი ვერსიის ჩაწერის ნებართვა მუსიკის ავტორმა, კომპოზიტორმა ზურა მანაგაძემ მოგვცა. ლექსის გადაკეთების უფლება კი, მურმან ლებანიძის შვილმა. მოგეხსენებათ, ეს ბატონი მურმანის ლექსია.

- კადრში მუსიკოსი კაკო ვაშალომიძე ჩნდება, ასევე მხატვარი ნონა გიუნაშვილი, რომლის ქვიშაში შესრულებული ნახატები ვიდეორგოლს თავიდან ბოლომდე მიჰყვება. ნამუშევარი ფაქტია, რომ სევდიანია...

- დიახ, ტექსტი სევდიანი გახდა, რითაც ზურას არყოფნას ვეხმიანებით. სიმღერა როკის ელემენტებს შეიცავს. კლიპი გადაიღო ჩემმა ორმა მეგობარმა - ბექა გაჩეჩილაძემ და ბექა შაკაშვილმა. ნონა გიუნაშვილმა კი, როგორც უკვე ახსენეთ, ყველაფერი დახატა და ფაქტობრივად, ასე შეიქმნა მთელი ვიდეოს გამოსახულება. არანორმალურად ნიჭიერი ადამიანია. ლექსში ცვლილება ნანა ცინცაძემ შეიტანა. გიორგი ცხვარიაშვილმა საყვირზე დაუკრა. ჩაიწერა ზურა მახნიაშვილის სტუდიაში და არის ზაზა წურწუმიას ვერსია.

- თქვენთვის ემოციურად რას ნიშნავდა ამ სიმღერაზე მუშაობა?

- სანერვიულო და საპასუხისმგებლო საქმე იყო. შეიძლებოდა, ჩემი ჩანაფიქრი საზოგადოებას ისე არ მიეღო, როგორც მე მინდოდა. ეს ჩემი მორიგი სიმღერის ჩაწერა არ ყოფილა. ზურასთვის ვმღეროდი, ყველამ, ვინც ვიდეორგოლი ნახა და მოისმინა, დადებითად მიიღო, რაც ძალიან მახარებს. ხომ ვამბობ, დოიჯა ყველას ძალიან უყვარდა. პრაქტიკულად არ მსმენია, რომ მასზე ვინმეს ცუდი ეთქვა.

- როცა ეს სიმღერა ზურას სიცოცხლეში გესმოდათ, მაშინ რა ემოცია გქონდათ?

- 36 წლის წინ დაიწერა, მაშინ დაბადებულიც არ ვიყავი. ამაზე არავინ დავობს, რომ ყველა დროის ერთ-ერთი დიდი ჰიტია. შეიძლება ითქვას, რომ ქართული ესტრადის ერთ-ერთი ბრილიანტია. სიმღერამ დროს გაუძლო.

ჩემთვის ამ ახალი ვერსიის შეფასება პროფესიონალებისგან მნიშვნელოვანი და სასიხარულო იყო. არაერთმა მუსიკოს-შემსრულებელმა მოიწონა, მათ შორის, ძველი თაობის წარმომადგენელმა და არ დაინანა დადებითი სიტყვები. რაც მახარებს ისაა, რომ ისეთმა დიდმა მუსიკოსმა, როგორიც კაკო ვაშალომიძეა, მითხრა, - რაც გამიკეთებია, ეს ერთ-ერთი საუკეთესოა, მომწონს და მიხარია, რომ ეს სიმღერა გავაკეთეთო. თბილად შემეხმიანა რომა რცხილაძე, მაესტრო გელა ფარჩუკიძე. ეს კი იმის თქმის საშუალებას მაძლევს, რომ ნამუშევარი გამოგვივიდა.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/6w0tsbg7sQ8" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>