ავტორი:

რომელ ტესტს მივანიჭოთ უპირატესობა „მწვანე პასპორტის“ ფარგლებში

რომელ ტესტს მივანიჭოთ უპირატესობა „მწვანე პასპორტის“ ფარგლებში

კოვიდ-19-ის ტესტებზე მოთხოვნა საქართველოში 1-ელი დეკემბრიდან კერძო სექტორში, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ქვეყანაში ახალი რეგულაციები და ე. წ. „მწვანე პასპორტი“ შემოდის. შედეგად, ნებისმიერი ადამიანი, საქართველოს მოქალაქე თუ სტუმარი, დახურულ სივრცეებსა და მთელ რიგ ობიექტებში შესვლას მხოლოდ კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემდეგ შეძლებს. ამისათვის პირს ან გადატანილი უნდა ჰქონდეს კოვიდი, ან სრულად იყოს აცრილი, ან ჰქონდეს ბოლო 24 საათში გაკეთებული ანტიგენით კვლევის დასკვნა, ან – ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR კვლევის დასკვნა. მათთვის, ვინც 1-ელ და მე-2 კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს, რჩება ანტიგენი და PCR კვლევა.

ამის შესახებ, აღნიშნულ სიტუაციაში, ტესტირების რომელ მეთოდს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა, ლაბორატორია „ევიდენსის“ ხელმძღვანელს, ხატია მიქაბერიძეს ვესაუბრეთ:

„კვლევის ყველა მეთოდს თავისი ადგილი და დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. „მწვანე პასპორტის“ ფარგლებში ძირითადად ჩვენ ვსაუბრობთ ჯანმრთელ მოსახლეობაზე, რომელსაც კვლევა სჭირდება ობიექტებზე შესასვლელად. შესაბამისად, აქ მომხმარებელი ალბათ რამდენიმე ფაქტორს მიაქცევს ყურადღებას - ფასს, პასუხის მიღების სისწრაფეს, აღების კომფორტს და ვალიდურობის ვადას, ანუ რამდენი ხნის განმავლობაში ისარგებლებენ ჩატარებული კვლევის პასუხით. ჩვენ მოვუწოდებდით, რომ არ უგულებელყონ სანდოობაც, რადგან თითოეული დროულად გამოვლენილი და იზოლირებული პაციენტი ნიშნავს გავრცელების შეფერხებას, რაც ასე მნიშვნელოვანია დღევანდელ პირობებში.

გავყვეთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს და განვიხილოთ, რა არჩევანი აქვს დღეს მომხმარებელს:

ფასისა და პასუხის მიღების სისწრაფის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, სწრაფი ე. წ. ანტიგენ-ტესტი ლიდერობს. დღეს მისი ფასი 25-45 ლარის ფარგლებშია და მომხმარებელი პასუხს 15-30 წთ-ში მიიღებს. მის უარყოფით მხარეებში უნდა ჩავთვალოთ ვალიდურობის მცირე ვადა, მხოლოდ 24 სთ, ასევე აღების დისკომფორტი და შედარებით ნაკლები სანდოობა, განსაკუთრებით, უსიმპტომო პაციენტებში.

აღების კომფორტის მხრივ, პაციენტებისთვის სავარაუდოდ უპირატესი იქნება PCR კვლევა ნერწყვით. თუმცა, აქაც გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორები. ამ კვლევის პასუხს რამდენიმე საათი ჭირდება, ფასი დაახლოებით 80-110 ლარის ფარგლებშია და მისი სანდოობა ცხვირ-ხახის ნაცხის კვლევასთან შედარებით ნაკლებია. მის პასუხზე შეიძლება გავლენა იქონიოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორებიცაა საკვები, სასმელი, თამბაქო, რომ აღარაფერი ვთქვათ პირის ღრუს სავლებებზე და ა. შ. მოქმედების ვადა ანტიგენთან შედარებით მეტია და 72 საათს შეადგენს.

და ბოლოს - PCR კვლევა ცხვირ-ხახის ნაცხით, რომელიც დღეს კვლავ რჩება ოქროს სტანდარტად კოვიდ-19-ის დიაგნოსტიკაში. მისი ვალიდურობა 72 საათია, გამოირჩევა მაღალი სანდოობით და ფასი დღეს საქართველოში სხვადასხვა ფაქტორების მიხედვით 40-დან 350 ლარამდე მერყეობს.

რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია მომხმარებლის საჭიროება კონკრეტულ სიტუაციაშიც - ზოგი ყოველ დღე სტუმრობს სხვადასხვა ობიექტს, ზოგი უფრო იშვიათად, ზოგს სწრაფად სჭირდება პასუხი, ზოგი ნაკლებად ჩქარობს. შესაბამისად, მომხმარებელი ალბათ ზემოთმოყვანილი ფაქტორებისა და კონკრეტული სიტუაციის მიხედვით გააკეთებს არჩევანს. საბედნიეროდ, ამ მხრივ არჩევანი დღეს საქართველოში ნამდვილად გვაქვს.

ჩვენი ლაბორატორიის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ სწრაფი ანტიგენ-ტესტის ფასი ჩვენთან 25 ლარია. ცხვირ-ხახის ნაცხის PCR კვლევა, რომლის პასუხსაც მომხმარებელი 24 საათის განმავლობაში მიიღებს, 40 ლარი ღირს, ხოლო, თუ პასუხი სწრაფად სჭირდებათ, გავცემთ 1 საათში და ასეთი კვლევის ფასი 120 ლარი გახლავთ. გვყავს მობილური ბრიგადებიც და გამოძახებისას ჩამოთვლილი PCR კვლევები, შესაბამისად, 75 და 150 ლარი ღირს.

ჩვენი აზრით, აქტიური ადამიანებისთვის, დღევანდელი მოცემულობით „მწვანე პასპორტის“ ფარგლებში, ცხვირ-ხახის ნაცხის PCR კვლევის ჩატარება საუკეთესო გამოსავალია როგორც ფასის, ასევე სანდოობისა თუ კომფორტის თვალსაზრისით - მის გამოყენებას მომხმარებელი 3 დღის განმავლობაში შეძლებს,“ - ამბობს „ევიდენსის“ ხელმძღვანელი, ხატია მიქაბერიძე.

NS