ავტორი:

"ამ სასამართლოს სისტემის შემქმნელმაც კი აღიარა მისი უბადრუკობა... თქვენ მაინც ჯიუტად აგრძელებთ მის უვადოდ ჩაბეტონებას" - ანა ნაცვლიშვილი

"ამ სასამართლოს სისტემის შემქმნელმაც კი აღიარა მისი უბადრუკობა... თქვენ მაინც ჯიუტად აგრძელებთ მის უვადოდ ჩაბეტონებას" - ანა ნაცვლიშვილი

"ამ სასამართლოს სისტემის შემქმნელმაც კი აღიარა მისი უბადრუკობა, მაგრამ თქვენ ამ სასამართლოს რეინკარნაციასა და მის უვადოდ ჩაბეტონებას მაინც ჯიუტად აგრძელებთ! - აღნიშნული განცხადებით “ქართული ოცნების“ უმრავლესობას პოლიტიკურ ჯგუფ “ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა მიმართა.

ნაცვლიშვილი პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მოსმენისა და არჩევის პროცესს გამოეხმაურა და მას “არალეგიტიმური პროცესი“ უწოდა.

“რა უნდა იყოს იმაზე მეტი პოზიტიური დღის წესრიგი, ვიდრე სასამართლო რეფორმის გატარებაა. სასამართლოთი ხომ ყველა სარგებლობს - თქვენი მომხრეები, ჩვენი მომხრეები და ის ადამიანებიც, ვისაც პოლიტიკა საერთოდ არ აინტერესებს, მაგრამ აინტერესებთ, რომ როცა უსამართლოდ დაიჩაგრებიან, სასამართლოში ჰქონდეთ მისასვლელი და იქედან სამართალი წამოიღონ. პროცესი იმდენად არალეგიტიმურია, რომ მას ევროკავშირმა დემარში გამოუცხადა და პროცესში მონიტორინგისთვისაც კი არ ჩაერთო - მასში მონაწილეობდით როგორც მსახიობები. აშშ-მა თქვა, რომ ეს არის მორიგ ჯერზე უდიდესი იმედგაცრუება და დიდი შანსი, რასაც ქვეყანა ხელიდან უშვებს. არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციამ პროცესის მონიტორინგისგანაც კი თავი შეიკავა, არა თუ პროცესში ჩართვისგან, რომ კითხვები დაესვა. “საქართველოს ეროვნულმა პლატფორმამ“ - არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესმა ჯგუფმა, რომელიც არის პირდაპირი ხიდი საქართველოსა და ევროკავშირს შორის სამოქალაქო სექტორში, პროცესის შეჩერებისკენ მოგიწოდათ. მეტი ვინ უნდა გითხრათ?! - არ მოიძებნება ერთი ადამიანი, არა თუ ორგანიზაცია არც ამ ქვეყანაში და არც ქვეყნის გარეთ, ვინც დაწერს და იტყვის, რომ პროცესი ლეგიტიმურია და მიგვიყვანს ტაძრამდე. ყველა შინ თუ გარეთ გეუბნებათ - შეაჩერეთ სასამართლოს საბოლოო დამარხვა, მაგრამ არა - ჯიუტად მიდიხართ აქეთკენ!“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მან საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა, რომ დაიწყოს “ლელოსა“ და “რეფორმების ჯგუფის“ მიერ მომზადებული და პარლამენტში წარდგენილი პროექტი სასამართლო სისტემის რეფორმის შესახებ, ასევე დაიწყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა, რაც ნაცვლიშვილის თქმით, ხელოვნურად და მიზანმიმართულად არის შეჩერებული.