ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილი მოხარულია, რომ შესაძლებლობა მიეცა ქართველი ხალხისთვის მიემართა... 2 დეკემბერს გასამართ სასამართლო სხდომაშიც ვითხოვთ მის მონაწილეობას" - ადვოკატი

"მიხეილ სააკაშვილი მოხარულია, რომ შესაძლებლობა მიეცა ქართველი ხალხისთვის მიემართა... 2 დეკემბერს გასამართ სასამართლო სხდომაშიც ვითხოვთ მის მონაწილეობას" - ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი მოხარულია, რომ გუშინ, სასამართლოში ქართველი ხალხისთვის მიმართვის შესაძლებლობა მიეცა.

როგორც "ინტერპრესნიუსთან“ საუბარში საძაგლიშვილი განმარტავს, მიხეილ სააკაშვილთან 2 დეკემბერს დანიშნულ სასამართლო პროცესთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყოფილ პრეზიდენტს პროცესებზე დასწრება კვლავ სურს.

"ბუნებრივია, ჩვენ შევეხეთ გუშინდელ სასამართლო სხდომას და მოხარულია, რომ შესაძლებლობა მიეცა ქართველი ხალხისთვის მიემართა. მიუხედავად ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემებისა, მან ყველა ძალა მოიკრიბა იმისთვის, რომ ნორმალურ რეჟიმში შეძლებოდა და გადაეცა ქართველი საზოგადოებისთვის სათქმელი. რაც შეეხება 2 დეკემბერს გასამართ სასამართლო სხდომას, აქაც ვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობას, ილუზია არ გვაქვს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება ობიექტური და მიუკერძოებელი იყოს და დადგინდეს ის, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური მოტივაციით იდევნება. ამის მიუხედავად, ჩვენ ვითხოვთ, თუნდაც, უსამართლო სასამართლოს უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას, სააკაშვილმა ამ საქმის განხილვაში მონაწილეობა უნდა მიიღოს“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

კითხვაზე, იმის გათვალისწინებით, რაც გუშინ სასამართლოს გარე პერიმეტრზე ხდებოდა, მისცემენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში დასწრების უფლებას, საძაგლიშვილი აცხადებს, რომ ამაზე "წინასწარ ვერ ისაუბრებს“.

"მოლოდინებზე საუბარი არ მინდა, რადგან ეს შეიძლება ფუჭი აღმოჩნდეს, "ქართული ოცნების“ ხელისუფლება საკმაოდ არათანმიმდევრულად და არაადეკვატურად იქცევა. არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუმცა, ბუნებრივია, ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ადამიანის ძირითადი უფლებაა არამხოლოდ შიდა კანონმდებლობით, არამედ საერთაშორისო კანონმდებლობით, მონაწილეობა მიიღოს საკუთარი საქმის განხილვაში. გუშინ, სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე პროტესტი, რომელიც მშვიდობანი იყო, რადგან სიტუაციის დაძაბვა პოლიციელების მხრიდან ხდებოდა, თავად პოლიცია იქცეოდა პროვოკაციულად, გარკვეულ ინციდენტებს ჰქონდა ადგილი, თუმცა, საერთო ჯამში, ეს იყო მშვიდობიანი საპროტესტო აქცია“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.