ავტორი:

გერმანიაში 3-პარტიული კოალიცია შედგა: კანცლერად - ოლაფ შოლცი, საგარეო საქმეთა მინისტრად - ანტირუსული განწყობის ანალენა ბერბოკი - როგორ აისახა შეთანხმებაში საქართველოსთან ურთიერთობა?

გერმანიაში 3-პარტიული კოალიცია შედგა: კანცლერად - ოლაფ შოლცი, საგარეო საქმეთა მინისტრად - ანტირუსული განწყობის ანალენა ბერბოკი - როგორ აისახა შეთანხმებაში საქართველოსთან ურთიერთობა?
  • ფოტოკოლაჟზე მარცხნიდან მარჯვნივ: "თავისუფალი დემოკრატი" ქრისტიან ლინდნერი, სოციალ-დემოკრატი ოლაფ შოლცი და "მწვანეთა პარტიის" ლიდერი ანალენა ბერბოკი

გერმანიაში ანგელა მერკელის მმართველობის ეპოქა დასრულდა: სამმა გერმანულმა პარტიამ - სოციალ-დემოკრატებმა, თავისუფალმა დემოკრატებმა და "მწვანეებმა“ ქვეყნის ახალი კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ მოილაპარაკეს, რომლის ლიდერი სოციალ-დემოკრატი ოლაფ შოლცი იქნება. კოალიციას ხატოვნად "შუქნიშანი“ უწოდეს, მასში შემავალი პარტიების პოლიტიკური ფერების მიხედვით: წითელი, ყვითელი, მწვანე.

როგორც ცნობილია, 2021 წლის 26 სექტემბერს გამართული ბუნდესტაგის (პარლამენტის არჩევნების) შედეგად მიღებული ხმების რაოდენობით სოციალ-დემოკრატებმა პირველი ადგილი დაიკავეს, მე-2 - ქრისტიან-დემოკრატებმა, მე-3 - "მწვანეებმა“ და მე-4 - "თავისუფალმა დემოკრატებმა“. და რადგან ანგელა მერკელის პარტიამ - "ქრისტიან-დემოკრატებმა“ - უარი განაცხადეს ახალ მთავრობაში შესვლაზე და ოპოზიციაში გადავიდნენ, სოციალ-დემოკრატებმა მოლაპარაკება გამართეს "მწვანეებთან“ და "თავისუფალ დემოკრატებთან“.

გერმანიის სამი პარტიის მიერ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების ფაქტი ნიშნავს, რომ ორპარტიული მმართველობის ეპოქა საბოლოოდ წარსულს ჩაბარდა: როცა ქვეყნის სათავეში ერთმანეთს ორი დიდი პოლიტიკური ძალა ცვლიდა - მემარჯვენე ცენტრისტული ბლოკი (ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური კავშირები) და მემარცხენე ცენტრისტული სოციალ-დემოკრატიული პარტია.

ანგელა მერკელი და ოლაფ შოლცი

ახლა გერმანელი და ევროპელი მიმომხილველების წინაშე კითხვა ჩნდება, რომელზეც ჯერჯერობით პასუხი გაცემული არ არის: რამდენად სტაბილური და უნარიანი იქნება მთავრობა, რომელიც მემარცხენე ცენტრისტებისგან (სოციალ-დემოკრატებისგან), მემარცხენეებისგან ("მწვანეებისგან“) და მემარჯვენე ლიბერალებისაგან (თავისუფალი დემოკრატებისგან) იქნება შედგენილი?

მოლაპარაკების შედეგად გერმანიის მთავრობის სავარაუდო შემადგენლობის კონტურები გამოიკვეთა. ასევე ცნობილი გახდა, თუ რომელი პარტია რომელ სფეროს გაუწევს კურირებას.

სოციალ-დემოკრატიული პარტიისათვის განისაზღვრა შემდეგი საპასუხისმგებლო თანამდებობები და სტრუქტურები: კანცლერი და მისი კანცელარია, შინაგანი და საგარეო საქმეები, თავდაცვა, მშენებლობა და საბინაო სფერო, შრომა და სოციალური უზრუნველყოფა, ჯანდაცვა, ეკონომიკური თანამშრომლობა; "მწვანეთა“ პარტიისათვის - ეკონომიკა და კლიმატი, საგარეო საქმეები, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა; თავისუფალი დემოკრატიული პარტიისათვის - ფინანსები, იუსტიცია, ტრანსპორტი, განათლება.

სხვათა შორის, თუ გავითვალისწინებთ გერმანიის პოლიტიკურ და ეკონომიკურ წონას ევროკავშირში, გარკვეულწილად სწორედ გერმანიის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე იქნება დამოკიდებული მთელი ევროკავშირის პოლიტიკაც.

  • მაინც როგორი ჩანს გერმანიის საგარეო პოლიტიკის კონტურები?

მხოლოდ ეროკავშირთან ერთად... მცირე ცვლილებებით

კანცლერობის კანდიდატი ოლაფ შოლცი, ისევე როგორც სხვა პარტიების ლიდერები, საარჩევნო კამპანიის დროს საგარეო პოლიტიკაზე ცოტას ლაპარაკობდნენ და თუ მაინც რაიმეს ამბობდნენ, იგივე კურსის დეკლარირებას ახდენდნენ, რასაც მანამდე ქრისტიან-დემოკრატი ანგელა მერკელი ახორციელებდა. ოლაფ შოლცის მთავარი თეზისი ასეთია: "გერმანიამ ევროკავშირთან შეთანხმებული საერთო საგარეო პოლიტიკა უნდა გაატაროს“.

ამასთანავე, მომავალი მთავრობის სავარაუდო წევრების პოზიციებს თუ გავაანალიზებთ, აშკარაა, რომ საბოლოო ჯამში რაღაც ცვლილებები, ალბათ, მაინც მოხდება: პროგნოზების მიხედვით, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს "მწვანე“ ქალბატონს ანალენა ბერბოკს ჩააბარებენ, რომელსაც რუსეთი, რბილად თუ ვიტყვით, "გულზე არ ეხატება“. ფრაუ ანალენას ამისთვის ორი მიზეზი აქვს: პირველი - "მწვანეები“ პრინციპული საგარეო პოლიტიკის გატარების მოთხოვნით გამოდიან, რომელიც დასავლურ ფასეულობებს ეფუძნება - ადამიანის უფლებების და სამოქალაქო თავისუფლებების დაცვას; მეორე - "მწვანეები“ ტრადიციულად ბუნების დამცველები არიან, ეკოლოგიური პოლიტიკის გატარების მომხრენი. მათთვის მიუღებელია რუსული გაზის მილსადენები "ჩრდილოეთის ნაკადები“.

ანალენა ბერბოკი

  • "აღმოსავლეთის ფრონტი უცვლელია“?!

ა) რუსეთი

მე-20 საუკუნის ცნობილი გერმანელი მწერლის ერიხ მარია რემარკის წიგნის სახელწოდების ("დასავლეთის ფრონტი უცვლელია“) ინტერპრეტაციას თუ მოვახდენთ, შეიძლება ვთქვათ, რომ გერმანიის ახალი მთავრობის საგარეო პოლიტიკის "აღმოსავლეთის ფრონტი“ უცვლელი იქნება. "აღმოსავლეთის ფრონტში“ ვგულისხმობთ, რუსეთს, რომელიც პრუსიისა და ოტო ფონ ბისმარკის დროიდან მოყოლებული, გერმანელებისათვის საკმაო თავსატეხს წარმოადგენს.

გერმანელი მიმომხილველები მოსკოვის მიმართ ბერლინის კურსის სერიოზულ ცვლილებას არ ელოდებიან. არავისთვის დასამალი არაა, რომ გერმანელი სოციალ-დემოკრატები ადრე მოსკოვის მიმართ უფრო მეგობრულად განწყობილად ითვლებოდნენ, ვიდრე ქრისტიან-დემოკრატები, მაგრამ ბოლო წლებში მოსკოვის პოლიტიკის გამო გერმანელი პოლიტიკოსებისათვის რთული გახდა რუსეთისადმი მეგობრობის გამომჟღავნება ან მოქმედება ლოზუნგით - "ჩვეულებრივი ბიზნესი“ ("business as usual").

ოლაფ შოლცი, რომელიც შეიძლება უკვე გერმანიის კანცლერად ჩავთვალოთ, უფრო განსხვავებულად იქცევა, ვიდრე მისი ყოფილი პარტიული შეფი გერჰარდ შრედერი, რომელიც 21-ე საუკუნის დასაწყისში რუსეთს "სრულფასოვანი დემოკრატიის“ მქონე ქვეყნად მიიჩევდა, შემდეგ კი, 2016 წელს იმავე "დემოკრატიული“ ქვეყნის სახელმწიფო კომპანიის "გაზპრომის“ თანამშრომელი - გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის მენეჯერი გახდა, 2017 წელს კი დაწინაურდა - ნავთობ-გაზის უმსხვილესი კომპანიის "როსნავთობის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.

კოალიციურ შეთანხმებაში გაკრიტიკებულია რუსეთის ხელისუფლება, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების მიმართ რეპრესიებს ახორციელებს, ზღუდავს ადამიანის უფლებებს. იმავდროულად გათვალისწინებულია, რომ გაუქმდეს სავიზო რეჟიმი 22 წლამდე რუსი ახალგაზრდებისათვის.

ბ) უკრაინა და ბელარუსი

კოალიციური შეთანხმების მიხედვით, გერმანია შეეცდება დაეხმაროს უკრაინას განახლებადი ენერგეტიკის განვითარებაზე, ხელი ააღებინოს რუსეთს ანტიუკრაინულ ქმედებებზე და ძალისხმევა მიმართოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე. მაგრამ ერთია - რა არის ჩაწერილი სამმხრივ დოკუმენტში და მეორეა - რა სურს უკრაინას, ანუ რას მოსთხოვს კიევი ბერლინს რუსეთთან მიმართებით.

რა თქმა უნდა, უპირველესად საკითხი ეხება რუსული გაზის ტრანზიტს უკრაინის ტერიტორიაზე და გერმანიის მიერ ვალდებულების შესრულებას.

როგორც ცნობილია, აშშ-რუსეთის ლიდერების ჟენევის შეხვედრის წინ კანცლერი ანგელა მერკელი ვაშინგტონში ჯო ბაიდენს მოელაპარაკა, რომ აშშ "ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობას ხელს არ შეუშლიდა, ხოლო თავის მხრივ გერმანია რუსეთს დაითანხმებდა ევროპის მიმართულებით გაზის ტრანზიტზე უკრაინის ტერიტორიის გავლით. მაგრამ რამდენად შეასრულებს გერმანიის ახალი კოალიციური მთავრობა და კანცლერი ოლაფ შოლცი თავისი წინამორბედის დაპირებას?

უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის უკვე გაუჩნდა ეჭვები და ამიტომ ამას წინათ მომავალ კანცლერს დაპირება შეახსენა, - უკრაინის ენერგოუსაფრთხოება თქვენ უნდა უზრუნველყოთო. მან ასევე მოითხოვა, რომ ბერლინმა ზეწოლა მოახდინოს მოსკოვზე, რათა დონბასის საკითხზე შეხვედრა გაიმართოს "ნორმანდიის ფორმატის“ ჩარჩოებში.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, არ არის გამორიცხული, რომ ოლაფ შოლცს "ყელში ამოუვიდეს“ უკრაინის მუდმივი წუწუნი და მაშინ, როცა გერმანიას თავისი პრობლემებიც ბევრი აქვს, უკრაინის საკითხის მნიშვნელობა "ჩამოალაბორანტოს“.

რაც შეეხება ბელარუსს, გერმანიის კოალიციური მთავრობა მხარს უჭერს ოპოზიციის მოთხოვნას ქვეყანაში ახალი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისა და ყველა პოლიპატიმრის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ბერლინი ასევე არ იწონებს პუტინ-ლუკაშენკოს დაახლოებას. იმ შემთხვევაში, თუ ბელარუსის ხელისუფლება თავის კურსს არ შეცვლის, მაშინ გერმანია შეეცდება მინსკის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ გამოცხადებული სანქციები გაამკაცროს.

დ) საქართველო - "აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ჩარჩოებში

კოალიციურ შეთანხმებაში გარკვეულწილად ასახულია გერმანია-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის პერსპექტივაც, თუმცა ჩვენი ქვეყანა მოხსენიებულია მხოლოდ "აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ჩარჩოებში - ევროკავშირთან ინტეგრაციის ხელშეწყობის თვალსაზრისით. როგორც სამმხრივ დოკუმენტშია ნათქვამი, მნიშვნელოვანია, რომ "აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის მონაწილე ქვეყნებმა გააგრძელონ რეფორმები სამართლისა და ეკონომიკის სფეროებში. ამ ქვეყნების მიერ დემოკრატიული პრინციპების ერთგულებას საკვანძო მნიშვნელობა აქვს ბერლინის ურთიერთობაში აღმოსავლელ პარტნიორებთან.

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ გერმანიის ახალი მთავრობა კვლავ ყურადღებას დაუთმობს თავისი კავკასიური პოლიტიკის განვითარებას, კერძოდ, საქართველოსთან ტრადიციული მეგობრული ურთიერთობის გაფართოებასა და განმტკიცებას როგორც პოლიტიკის, ასევე ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში. რა თქმა უნდა, მხედველობაშია მისაღები გერმანიის მომავალი კანცლერის დამოკიდებულება რუსეთთან, აგრეთვე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის ანალენა ბერბოკის ანტირუსული და ანტიპუტინური განწყობა.

როგორც გერმანის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების (DGAP) ბერლინელი ექსპერტი სარა პაგუნგი ამბობს, არ არის გამორიცხული, რომ "მწვანეები“ ყურადღებას მიაქცევენ არა მარტო რუსეთს, არამედ აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს: "შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოხდება პრიორიტეტების შერევა - მოსკოვიდან სხვა დედაქალაქებისკენაც“.

აქვე ვიტყვით, რომ თითქმის საერთოდ არ არის მონაცემები იმაზე, თუ რამდენად იცნობს საქართველოს თვითონ ფრაუ ანალენა ბერბოკი და მისი მომავალი გარემოცვა. ალბათ, ერთი მხრივ, გერმანიის ელჩს საქართველოში ჰუბერტ ქნირშს და მეორე მხრივ - საქართველოს ელჩს გერმანიაში ლევან იზორიას მნიშვნელოვანი ძალისხმევა მოუწევთ საქართველოს ინტერესების წარმოჩენისათვის გერმანიის საგარეო პოლიტიკური უწყების ახალი ხელმძღვანელის წინაშე.

  • კიდევ ვინ რომელ პოსტს ჩაიბარებს...

ფინანსთა მინისტრის პოსტზე არჩევა-დანიშვნის კანდიდატია "თავისუფალი დემოკრატი" ქრისტიან ლინდნერი. იგივე პარტიიდან იქნებიან იუსტიციისა და ტრანსპორტის მინისტრებიც - მარკო ბუშმანუ და ფოლკერ ვისინგი.

რაც შეეხება ძალოვან უწყებებს - შინაგან საქმეთა, თავდაცვის სამინისტროებს, მათ არჩევნებში მეტი ხმების მიმღები სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები უხელმძღვანელებენ. მათ ხელში იქნება სოციალური სფეროც - ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროები. მშენებლობის მინისტრის პოსტზეც სოციალ-დემოკრატი დაინიშნება.

რადგან ჯანდაცვა და სოციალური სფერო ვახსენეთ, აქვე ვიტყვით, რომ ახალ მთავრობას დაგეგმილი აქვს საათში მინიმალური ანაზღაურების გაზრდა დღევანდელი 9,6 ევროდან 12 ევრომდე 2022 წელს. გამორიცხულია პენსიების შემცირება და საპენსიო ასაკის ცვლილება, რომელიც ამჟამად 67 წელს შეადგენს.

დაგეგმილია გერმანიის მოქალაქეობის მიღების გაიოლება: არ იქნება აუცილებელი წინანდელ მოქალაქეობაზე უარი, ანუ დაიშვება ორმაგი მოაქალქეობა. ასევე გამარტივებულია გერმანიის პასპორტის მიღების პირობაც - საკმარისი იქნება გერმანიის ტერიტორიაზე 5 წლით ცხოვრება და არა 8 წლით, როგორც დღესაა. გარდა ამისა, იმ მიგრანტებს, რომლებიც კანონმორჩილები იქნებიან, კოალიციური მთავრობა ბინადრობის უვადო უფლების მიცემას პირდება და ა.შ. ლეგალიზებული იქნება მარიხუანას მოხმარება და მისი გაყიდვა სპეციალიზებულ მაღაზიებში.

  • კლიმატის სამინისტრო!?

კოალიციური პროგრამის ერთ-ერთ მთავარ პუნქტს კლიმატის ცვლილებების შედეგებთან ბრძოლა წარმოადგენს - 2030 წლისათვის გერმანიაში მთლიანად დაიხურება ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურები, ხოლო 2040 წლისათვის - ბუნებრივი გაზით სარგებლობა. ასევე 2030 წლისათვის აღარ იმოძრავებენ ბენზინზე და დიზელის საწვავზე მომუშავე ავტომობილები. თუმცა არავინ იცის, შესრულდება თუ არა ეს მოთხოვნა - გერმანიის ახალი მთავრობა ხომ თავის უფლებამოსილებას მხოლოდ 2025 წლამდე განახორციელებს.

მთავრობაში, სავარაუდოდ, შეიქმნება ახალი სტრუქტურა - კლიმატის დაცვის სამინისტრო (ან ეკონომიკის სამინისტრო გაფართოვდება და მას დაემატება სიტყვები "კლიმატის დაცვის“). მინისტრის ან მისი მოადგილის თანამდებობას "მწვანეთა“ პარტიის თანათავმჯდომარე რობერ ხებაკი დაიკავებს.

ანალენა ბერბოკი და რობერ ხებაკი

ქვანახშირის ენერგეტიკის ლიკვიდაციასთან ერთად, კლიმატის დათბობასთან ბრძოლის ფარგლებში, ახალ კოალიციურ მთავრობას სურს, რომ ენერგეტიკაში განახლებადი ენერგოწყაროების წილი 80%-მდე გააფართოვოს (გასული წლის 45%-თან შედარებით), ხოლო ელექტრომობილების რაოდენობა ქვეყნის გზებზე 2030 წლისათვის 15 მილიონამდე გაზარდოს. ასევე ეკოლოგიური თვალსაზრისით, შემცირდება ტვირთების გადაზიდვა სატვირთო ავტომანქანებით და თვითმფრინავებით და პირიქით - გაიზრდება რკინიგზით.

გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლის ჩარჩოებში გერმანიის ტერიტორიის 2% დაეთმობა ქარის გენერატორების მშენებლობას, ხოლო ყოველი ახალმშენებლობის (კორპუსების) სახურავზე მზის ბატარეები დამონტაჟდება.

  • შემდეგ რა?

გერმანიის კანონმდებლობის შესაბამისად, ვიდრე მთავრობა მუშაობას დაიწყებს, მანამდე პარტიების ლიდერებს შორის მიღწეული კოალიციური შეთანხმება, ანუ მომავალი მთავრობის პროგრამა მთლიანობაში სამივე პარტიამ უნდა მოიწონოს. სოციალ-დემოკრატებისა და "თავისუფალი დემოკრატების" კონფერენციების ჩატარება 4-5 დეკემბერს არის დაგეგმილი, "მწვანეები“ კი მხოლოდ პარტიის წევრებს გამოჰკითხავენ.

კანცლერის არჩევა ბუნდესტაგში 8 დეკემბერს არის დაგეგმილი. იმავე დღეს ახალ კანცლერს და მის მინისტრებს თავიანთ თანამდებობებზე გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი დანიშნავს და მათგან ფიცს მიიღებს. სავარაუდოდ, იმავე დღესვე ფედერალური კანცლერის უწყებაში ანგელა მერკელი საქმეებს ოლაფ შოლცს გადასცემს.

ავტორი: სიმონ კილაძე