"ქართული ოცნების" მხრიდან ადგილი აქვს მორიგ მცდელობას, რომ პარლამენტს და მთელ საზოგადოებას გადაახიოს უკვე შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულია,- ამის შესახებ ფრაქცია "ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, მას შემდეგ რაც "ქართული ოცნება" შარლ მიშელის დოკუმენტიდან გავიდა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მათთან დამატებით შეთანხმება მოხდა, რომ თუკი საკონსტიტუციო ცვლილებებიდან გენერალური პროკურორის დანიშვნის წესს ამოიღებდნენ, "ქართული ოცნება" საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერდა და ახლა ამ პირობის დარღვევასაც აპირებენ.
"ყველას კარგად გვახსოვს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტიდან "ქართული ოცნების" დემარშით გამოსვლის შემდეგ, "ქართულ ოცნებასთან" დამატებითი შეთანხმება მოხდა იმასთან დაკავშირებით, რომ მხარს დაუჭერდნენ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედებას დაბალი ბარიერით, თუკი ამოღებული იქნებოდა საკონსტიტუციო ცვლილებებიდან გენერალური პროკურორის დანიშვნის წესი. ეს იყო მათი კიდევ ერთი პირობა, რომელსაც როგორც ჩანს, კვლავ ცდილობენ, რომ დაარღვიონ. საოცრებაა, ეს თავმოყვარეობის თემაც არის. არსებობს ელემენტარული თავმოყვარეობა, რომელიც "ქართულ ოცნებას" საშუალებას არ უნდა აძლევდეს, რომ ასე ურცხვად კვლავ შეეცადოს დამატებითი შეთანხმების დარღვევას, რომელიც კომპრომისად ჩაითვალა. ამაზე დამატებით შევთანხმდით და იქ იყო ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფი, რასაც კეთილი ნების გამოვლენას უწოდებენ, ეს სინამდვილაში არის მათ მიერ აღებული ვალდებულება, რომელიც კიდევ ერთხელ აიღეს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან. რა ძალაა ეს, რომელსაც შეუძლია, თავისი აღებული ვალდებულებები ნებისმიერ დღეს გადახიოს?! რას ემსახურება ეს ყველაფერი?- ერთ დასკვნამდე მივდივარ, რომ ძალას, რომელსაც არ აღელვებს მის მიერ საჯაროდ აღებული ვალდებულებები და შეუძლია ის გადახიოს, რა მნიშვნელობა აქვს მასთან თანამშრომლობას რაიმე საკითხზე, თუ მათ შეუძლიათ, ასე ცვალონ თავიანთი პირობა და აღებული სიტყვა. "ქართულ ოცნებას" მოვუწოდებ, საზოგადოების წინაშე თავს ნუ შეირცხვენენ და ის, რაზეც ვალდებულება აიღეს და საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიღებულია, უნდა შეასრულონ. ის, რომ ეს გახადონ სავაჭრო საგანი და ეს იყოს ხრიკებისა და მანიპულაციების ობიექტი, არ გამოვა, რადგან ეს იქნება "ქართული ოცნების" მხრიდან ის ნაბიჯი, რომელიც დაამთავრებს საერთოდ ყველა ილუზიას, რომ ამ ძალასთან რაიმე საუბარს აზრი აქვს,"- განაცხადა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, "თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს მივიღებთ, პროპორციული სისტემის შესახებ ჩანაწერი, ისე როგორც ჩანაწერი ბარიერის კუთხით, უნდა ამოქმედდეს 2024 წლიდან“. როგორც მან აღნიშნა, მისი პოზიციაა, რომ ჩანაწერი "მომდევნო არჩევნები“, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტშია, ამოღებული იყოს.
"ამ ეტაპზე საერთოდ არ გრძელდება კანონპროექტის განხილვა. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებებზე. ჩვენ კარგად ვხვდებით, რომ არანაირი აუცილებლობა ამ ცვლილებების მიღების არ არსებობს, ის ბარიერი, რომელიც 2024 წლიდან ამოქმედდება, არის სრულად თავსებადი დემოკრატიულ სტანდარტებთან. ეს არის 5%-იანი ბარიერი, 2024 წლიდან ამოქმედდება ყველა შემთხვევაში სრულად პროპორციული სისტემა თავისი 5%-იანი ბარიერით. რაც შეეხება 2 %-იან ბარიერს, უკეთესია თუ არა ეს 5 %-იანზე, ამაზე არავითარი სიღრმისეული მსჯელობა არ ყოფილა, შეიძლება უარესიც არის. ყველა შემთხვევაში ჩვენ ვხვდებით, რომ ეს არის პატარა საჩუქარი, რომელიც შეიძლება გაუკეთდეს ოპოზიციას. ეს საჩუქარი მათ გაუკეთდებათ თუ არა, ეს ჩვენს კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული“,- განაცხადა კობახიძემ.