ავტორი:

"ჩემს შვილს ეკლესია შეაძულეს... ბევრმა სასულიერო პირმა დაგვწყევლა, მარიამი რომ ჯვრისწერის გარეშე გათხოვდა, ეს იყო დიდი პროტესტი" - პეტრე კოლხი

"ჩემს შვილს ეკლესია შეაძულეს... ბევრმა სასულიერო პირმა დაგვწყევლა, მარიამი რომ ჯვრისწერის გარეშე გათხოვდა, ეს იყო დიდი პროტესტი" - პეტრე კოლხი

პეტრე კოლხი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და მედიაშიც ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი სასულიერო პირია. რამდენიმე თვის წინ პეტრე კოლხმა ოჯახისგან მოშორებით, მარტო ცხოვრება არჩია და ერთაწმინდაში დასახლდა. როგორც ამბობს, გადაწყვეტილების მიზეზი ის არის, რომ მარტო ყოფნა სჭირდებოდა.

თუმცა სასულიერო პირის თქმით, ოჯახი მის წასვლას ვერ შეეგუა და დროის დიდ ნაწილს, მისი შვილები სწორედ ერთაწმინდაში, მამასთან ატარებდნენ.

"ვერ შეეგუა ოჯახი. ვერც მარტო ვერ ვარ, უმეტესად იქ არიან ჩემი შვილები. არ გამომივიდა გაქცევა. მეც ჩამოვდივარ და ისინიც ჩამოდიან. ან სად შეიძლება გაექცე 6 შვილს? მარტო ყოფნა მიყვარს, რადგან ბევრს ვწერ. ერთაწმინდაში ყოფნა ძალიან დამეხმარა არამხოლოდ წიგნის გამოცემაში, ლექსების წერაშიც. უკეთესად ვლოცულობ.

ხშირად საკუთარი თავისგანაც გავდივარ. არ მიყვარს ერთი და იგივე სიტუაცია. ნინო (მეუღლე) ჩემზე ძლიერია, პედაგოგია და ხმაურს მიჩვეულია სკოლაშიც, სახლშიც. მე ბავშვების ჭიჭყინს დიდად ვერ ვიტან, ვიღლები, ფსიქიკა ადვილად მეღლება და მერე ვერაფერს ვაკეთებ, ძალიან რთულია მრავალშვილიან ოჯახში სიმშვიდე შეინარჩუნო. მყავს 2 გოგონა და 4 ბიჭი" - ამბობს პეტრე კოლხი "ფარულ კონვერტში" საუბრისას.

სასულიერო ასევე ისაუბრა მისი ჩაცმის სტილზე და აღნიშნა, რომ ანაფორებს ცნობილი დიზაინერები უკერავენ, თუმცა ამაში მისგან თანხას არ იღებენ.

"მიყვარს კოპწიაობა. მე რომ მომაკერეს წოდება, რომ "ბრენდომანი" ვარ, ამაზე საპრეტენზიო არაფერი მაქვს, მაგრამ ჩემზე ნაკლებად არ უყვართ ჩაცმა, იმათ ვისიც ნაკლებად ჩანს. ეს პიჯაკი ნანა მელქაძემ შემიკერა, ანაფორა დათუნა სულიკაშვილმა. ავთანდილი შარვალს მიკერავს ხოლმე. ვფიქრობ ადამიანი, რომელიც მოუწესრიგებელია, ის არც საკუთარ თავს სცემს პატივს და არც საზოგადოებას. ფეხსაცმელებს ხან ვყიდულობ, ხან ვიკერავ. დიდი გარდერობი მაქვს, მაგრამ ყველაფერი ჩემმა შვილებმა წამართვეს. რომ ამბობენ, რომ სათვალეების დიდი კოლექცია მაქვს, ასე არ არის. სათვალეები მაქვს 12 ცალი. მაქვს 6 ანაფორა, მანანა მანიასთან ვიკერავ, თანხას არ მართმევს" - ჰყვება სასულიერო პირი.

მან ასევე ისაუბრა ქალიშვილთან დაკავშირებითაც, რომელიც წლების წინ ფოტოს გამო კრიტიკის ქარცეცხლში გაახვიეს.

"2013 წელი იყო. ოჯახთან ერთად წალენჯიხაში ვისვენებდი. პირველად მოუნდა მარიამს, ჩემთვის ეთხოვა, რომ შენს დადებულ ფოტოს მეტი ნახვა ექნება და იქნებ დამიდო ფოტო შენს "ფეისბუქზეო". მდინარესთან იყო სველი ტუნიკით. მეორედ მოსვლა ატყდა. ერთი თვე ყველა ბრუნვაში გვატრიალებდნენ მთელ ოჯახს. მათ შორის ის სასულიერო პირები, რომლებმაც თავადაც არ იცოდნენ მათი შვილები რას აკეთებდნენ. არც არასდროს ვეტყვი ამას მათ.

იმდენი გაუკეთეს ჩემს შვილს, რომ ეკლესია და ანაფორა შეაძულეს... ბევრჯერ უთქვამს ჩემთვის, გაიხადე ანაფორა და წამოდი ამ სიბნელიდანო. ბევრმა სასულიერო პირმა დაგვწყევლა კიდეც, ამის გამო ბოდიშიც არ მოუხდიათ. ჩემს შვილს გული მოუკლეს. ამიტომ ასეთი ფარისევლებისგან აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს ეკლესია.

მარიამი ჩემსავით რევოლუციური სულის ადამიანია და ის თავის სათქმელს ყოველთვის იტყვის. ის გათხოვდა ისე, რომ ჯვარი არ დაიწერა. ეს უკვე დიდი პროტესტი იყო იქიდან გამოყოლილი. უყვართ ერთმანეთი, ანგელოზივით შვილი ჰყავთ. ეს ის თემაა, რომელზეც დღეს ბოლოჯერ ვსაუბრობ" - ამბობს პეტრე კოლხი.