ავტორი:

"მორიგი "გადაგდება" დააანონსა ირაკლი კობახიძემ" - ხატია დეკანოიძე

"მორიგი "გადაგდება" დააანონსა ირაკლი კობახიძემ" - ხატია დეკანოიძე

მორიგი “გადაგდება” დააანონსა კობახიძემ, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც თუ საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება მიღებული, პროპორციული სისტემის შესახებ ჩანაწერი, ისე როგორც ჩანაწერი ბარიერის კუთხით, 2024 წლიდან უნდა ამოქმედდეს.

დეკანოიძის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება, მცირე პარტიებს პოლიტიკური პროცესის მიღმა დატოვებს.

"ოცნების” რიტორიკა პოლარიზაციაზე ძალიან სასაცილოა, რაც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც ესმით კარგად.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების ჩაგდება, რაც შედარებით მცირე პარტიებს საერთოდ პოლიტიკურ პროცესის მიღმა ტოვებს მაღალი - პოლარიზაციის ყველაზე აშკარა ხელშეწყობაა. მორიგი “გადაგდება” დააანონსა კობახიძემ“, - წერს ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუკი კონსტიტუციაში რაიმე ცვლილება ამოქმედდება საარჩევნო ბარიერთან და პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ეს 2024 წლიდან უნდა ამოქმედდეს და რიგგარეშე არჩევნებზე არ გავრცელდეს. კობახიძის თქმით, მისი პოზიციაა, რომ ამოსაღებია არსებული ჩანაწერი “მომდევნო არჩევნები“, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტშია ასახული.

ინფორმაციისთვის, პარლამენტმა, პირველი მოსმენით, კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილი ცვლილებები სექტემბერში მიიღო.

პირველი მოსმენით მიღებული კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტით, ცვლილება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ნორმები დროებითი ხასიათის იქნება და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს.

პროექტის მიხედვით, პარლამენტის მომდევნო ორი არჩევნების საფუძველზე, პარლამენტის წევრთა მანდატები იმ პოლიტიკურ პარტიებზე განაწილდება, რომელიც ხმების 2%-ს მიიღებს. საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, ხოლო ე.წ. გაუნაწილებელი მანდატები უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებს დარჩება.

ამავე ცვლილებებით, მიმდინარე და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა ოთხზე ნაკლები არ უნდა იყოს.