ავტორი:

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პრემიერები ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდნენ - რა ინფორმაციას ავრცელებს მთავრობის ადმინისტრაცია?

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პრემიერები ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდნენ - რა ინფორმაციას ავრცელებს მთავრობის ადმინისტრაცია?

ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრები, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტის პრეზიდენტ დევიდ მარია სასოლის შეხვდნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღინიშნა ევროპარლამენტის მხარდაჭერის როლი ასოცირებული ტრიოს ფორმატის ჩამოყალიბებაში, რისთვისაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტი გააგრძელებს ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მხარდაჭერას ევროპული ინტეგრაციის გზაზე, დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროცესში, რაც ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის მნიშვნელოვანია. შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა ქვეყნების საერთო მისწრაფებებსა და გამოწვევებზე, ტერიტორიების ოკუპაციასა და ჰიბრიდულ საფრთხეებზე.

საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის დეკლარაციაში ასოცირებული ტრიოს პრიორიტეტების ასახვის მნიშვნელობას, რათა ახალი შესაძლებლობები გაეხსნას პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციის გზაზე.

ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან სამი სახელმწიფოს პოლიტიკური, ეკონომიკური და დარგობრივი ინტეგრაციის ახალ შესაძლებლობებზე, თანამშრომლობის გაფართოებაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა დაკავშირებადობა, მათ შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ განზომილებებში, სავაჭრო და ეკონომიკური ინტეგრაციის, კლიმატის ცვლილებების, რეგიონული უსაფრთხოების, ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების მიმართულებით. პრეზიდენტ დევიდ მარია სასოლისთან შეხვედრის დაწყებამდე, ირაკლი ღარიბაშვილმა, დენის შმიგალმა და ნატალია გავრილიცამ, ევროპარლამენტის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერები გააკეთეს.

როგორც ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ იკისრეს ვალდებულება, კომპლექსური რეფორმების გზას დასდგომოდნენ, რათა საკანონმდებლო და მარეგულირებელი ნორმები თანხვედრაში მოეყვანათ ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კიევში ხელმოწერილი ერთობლივი მემორანდუმის შემდეგ ბათუმში გაფორმებული ლიდერთა დეკლარაციის საფუძველზე, ასოცირებული ტრიო შეთანხმდა, რომ ერთმანეთთან თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით გააგრძელებენ.

„შვიდი წლის წინ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველ, თავისუფალ სავაჭრო სივრცეს მოიცავს, ჩვენმა სახელმწიფოებმა იკისრეს ვალდებულება, კომპლექსური რეფორმების გზას დასდგომოდნენ, რათა საკანონმდებლო და მარეგულირებელი ნორმები თანხვედრაში მოეყვანათ ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ეს ვალდებულება დღეს კიდევ უფრო მტკიცედ გვაქვს გაცნობიერებული.

ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ფარგლებში, სამივე ჩვენგანს შეგვიძლია საკუთრივ ჩვენი მიღწევებისგან სარგებლის მიღება, ხოლო გამოწვევებთან - ერთობლივი ძალებით გამკლავება.

კიევში ხელმოწერილი ერთობლივი მემორანდუმის, შემდეგ კი ბათუმში გაფორმებული ლიდერთა დეკლარაციის საფუძველზე, ასოცირებული ტრიო შევთანხმდით, რომ ერთმანეთთან თანამშრომლობას გავაგრძელებთ სხვადასხვა მიმართულებით - ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი, თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესაბამისად, რათა ერთიანი ძალისხმევით სრული სარგებელი მივიღოთ ამ შეთანხმებებიდან",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.