ავტორი:

ვაქცინაცია საქართველოში - შეცდომები, წახალისება, ნდობა და "კორონავირუსული პოლიტიკის" მოტივები

ვაქცინაცია საქართველოში - შეცდომები, წახალისება, ნდობა და "კორონავირუსული პოლიტიკის" მოტივები

ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების დინამიკის მიუხედავად, მთავარი თემა ისევ კორონავირუსსა და მის საწინააღმდეგო ვაქცინაციას უკავშირდება. როგორც აცრილთა რაოდენობით, ასევე გარდაცვლილთა მაჩვენებლებით, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უარეს მდგომარეობაში ვართ.

შესაძლოა, ამ დარგის სპეციალისტებს გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა გააჩნდეთ, თუმცა იმაში, რომ გამოსავალი ვაქცინაციის მასშტაბურობაშია, ყველა თანხმდება. ამ მოსაზრების ჭეშმარიტებას ფაქტებიც მოწმობს...

საქართველოში სრულად აცრილი ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 34% -ია. ჰოსპიტალიზებულებში აუცრელთა რიცხვი 94,4%-ია, გარდაცვლილებში კი - 98.96%. ეს მონაცემები საკმაოდ ბევრს ამბობს.

როგორც არ უნდა ვისაუბროთ სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე, სახელმწიფოს ამ საკითხში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია.

  • პირველი ნაბიჯები

პანდემიის საწყის პერიოდს, როცა საქმე მკაცრი შეზღუდვების დაწესებას შეეხებოდა, ერთი შეხედევით, საქართველოს მთავრობა ეფექტიანად უმკლავდებოდა, თუმცა ცხადი იყო, რომ ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის აქტიური კამპანია თავიდანვე უნდა წარმართულიყო.

ვაქცინის ირგვლივ ე.წ. ფეიკნიუსების გავრცელება ჯერ კიდევ მის შემოტანამდეც დაიწყო, რასაც შესაბამისი პასუხი აუცილებლად უნდა გასცემოდა. თუნდაც სამართლებრივ დონეზე შესაძლებელი იყო მსგავსი ინფორმაციისთვის გარკვეული სასჯელის შემოღება, როგორც ეს თუნდაც, საფრანგეთში მოხდა.

გარდა ამისა, პროცესის დაწყებისთანავე სახელმწიფო თანამდებობის პირების მხრიდან მასში მონაწილეობა სწრაფად ვერ განხორციელდა, მაგალითად, დღემდე არ ვიცით, სრულყოფილად აცრილია თუ არა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. ის ერთი დოზით აიცრა, შემდეგ დაემართა კოვიდინფექცია, რის შემდეგაც გავიდა ყველა გონივრული ვადა იმისთვის, რომ ხელახალ აცრაზე ეფიქრა...

იქმნებოდა შთბეჭდილება, რომ ვაქცინაციის პროცესის პირველი ეტაპი მხოლოდ სურვილსა და კეთილ ნებას მიანდეს და ინსტიტუციურად მასში აქტიურად არ ერეოდნენ.

ამის შემდეგი ეტაპი იყო ვაქცინაციის მსურველ ადამიანებში "ფაიზერის“ მიმართ უფრო სანდო აზრის ჩამოყალიბება. ისინი სწორედ სასურველი მედიკამენტის შემოტანას ელოდნენ. მისი დაგვიანებით კი მნიშვნელოვანი დრო დაიკარგა.

რა თქმა უნდა, დიდი სირთულე შექმნა "ასტრაზენეკას“ შემოტანის შემდეგ, ახალციხეში ექთნის გარდაცვალებამ. ამ სამწუხარო ამბავმა ანტივაქსერული განწყობები გაამძაფრა. ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო იმისთვის, რომ ტრაგედიას მასშტაბური შფოთი არ მოჰყოლოდა და მომხდარის მიზეზები ზუსტად განემარტათ საზოგადოებისთვის.

  • შეზღუდვები

როგორც იქნა, საქართველოს მთავრობამ "მწვანე პასპორტის" კონცეფცია შეიმუშავა, ის 1-ლი დეკემბრიდან შევიდა ძალაში, თუმცა ცხადია, რომ მას ჯერ მინიმალური ეფექტი ექნება. ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს:

1. მისი მოქმედების არეალი საკმაოდ შეზღუდულია;

2. ის შეეხება მათაც, ვინც კორონავირუსი უკვე გადაიტანა (უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში), რაც უფრო იმას ნიშნავს, რომ ანტივაქსერები ასე ეცდებიან, სასურველი "ლეგიტიმაცია“ მიიღონ;

3. ამ მიმართულებით უფრო აქტიური ქმედებები იყო საჭირო. პირველ რიგში, არც გეგმა არ გვიხილავს, რომ "მწვანე პასპორტის“ საჭიროება ეტაპობრივად გაიზრდება.

აქვე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ პირბადის გამოუყენებლობაზე დაკისრებული ჯარიმების გაუქმება მოსახლეობის შეგნების ამაღლებას ვერ ეხმარება და მსგავსი ნაბიჯის გადადგმა მართებული არ იყო.

  • წახალისება

რაც შეეხება წახალისებას, ამ მეთოდმა შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ პენსიონერების შემთხვევაში გაამართლა (ისინი ვაქცინის გაკეთების შემთხვევაში, ფულად დანამატს იღებენ), ამან აცრის მსურველი პენსიონერების რიცხვი მნიშვნელოვნად გაზარდა. ანალოგიურს ვერ ვიტყვით ლატარიაზე, რომელმაც, პრაქტიკული შედეგები ვერ მოგვცა. აღსანიშნავია, რომ ჩვენთან ლატარია შემოიღეს მაშინ, როდესაც დასავლურ ქვეყნებში მსგავსმა პრაქტიკამ, ფაქტობრივად, უშედეგოდ ჩაიარა, გაურკვეველია, რატომ არ იქნა ეს გამოცდილება შესწავლილი და გაანალიზებული?!

  • ვაქცინაციის პოლიტიკური მოტივები

ისე ხდება, რომ არჩევნები და პოლიტიკური კონტექსტი ჯანმრთელობაზე წინ დგება, მეტიც, ხელისუფლება, რომელიც მასობრივი თავყრილობის თავშეკავებისკენ მოგვიწოდებდა, თავად გახდა გრანდიოზული მიტინგის ორგანიზატორი. გარდა ამისა, იგივე "მწვანე პასპორტის" უფრო ადრე ამოქმედებაც, დიდი ალბათობით, ამომრჩველის ლოიალობის მოსაპოვებლად არ მოხდა არჩვნებამდე.

  • "სამი მუშკეტერი"

რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც განსაზღვრავენ ჯანდაცვის პოლიტიკას - სამწუხაროდ, ისე ჩანს, რომ გადაწყვეტილებების მისაღებად მათ საკმარისი წონა არ აქვთ. აშკარაა, რომ პანდემიის საწყის ეტაპზე მათ მეტად უსმენდნენ.

რა თქმა უნდა, ყველა ხედავს რომ "სამ მუშკეტერად“ მოხსენიებული ადამიანები ძალიან ბევრს შრომობენ და ფაქტობრივად, 2 წლის განმავლობაში ამოსუნთქვის საშუალება არ ჰქონდათ, თუმცა გარკვეულ საკითხებზე კიდევ უფრო პრინციპული პოზიციის გამოხატვა ურიგო არ იქნებოდა.

  • ნდობა

რა თქმა უნდა, ნდობის საკითხი მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ქართული სახელმწიფოსა და სხვადასხვა ინსტიტუტების მიმართ, ეს ნაკლებად არსებობს და ამას მწარე გამოცდილება განაპირობებს. რაც შეეხება ყველაზე ავტორიტეტულ, ეკლესიას - ვაქცინაციაზე მათი პოზიცია ერთმნიშვნელოვანი არ ყოფილა. რა თქმა უნდა, მათი მხრიდან აკრძალვის მსგავსი მოწოდება არ გახმაურებულა (ცალკეული სასულიერო პირების გარდა), თუმცა უფრო თავისუფალ არჩევანზე იყო ხაზგასმა და არა რაიმე ფორმით წახალისებაზე. არადა ვხედავთ, რომ ეს საკმარისი არაა...

ასეა თუ ისე, დრო აღარ ითმენს, გარდაცვლილთა დღიური მაჩვენებელი ძალიან მაღალია და ყველას თავისი ფუნქციის გააზრება სჭირდება. მხოლოდ პირადი პასუხისმგებლობა საკმარისი რომ იყოს, მაშინ კანონის აღსრულება არც სხვა საკითხების შემთხვევაში იქნებოდა სავალდებულო.

ავტორი: ღვთისავარ ანათაძე