იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, იმისთვის, რომ მოზრდილი მოსახლეობის 60% აიცრას, დამატებით 700 000-მა ადამიანმა უნდა გაიკეთოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.
როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, თუ აღნიშნული ტემპი შენარჩუნდება, მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის მოცვა 5 თვეში იქნება შესაძლებელი.
"ამ ტემპის შენარჩუნებისას, საქართველო მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის მოცვას მიაღწევს 5 თვეში. 5 თვე ძალიან ბევრია. ყველაზე მთავარი ამოცანა და ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული, რომ როგორმე მოვახერხოთ ამ ტემპის გაზრდა. მაჩვენებელი, რომელიც ახლა გვაქვს მნიშვნელოვნად განსხვავდება 15 ნოემბრამდე არსებული ციფრებისგან. მაშინ 2-3 ათასი იყო, ახლა საშუალოდ 11 ათასი გახდა. კარგია, მაგრამ არ არის საკმარისი", - აღნიშნავს ჩხაიძე.