ავტორი:

"მარნეულის "კაპეზე“ ერთ დღეში 500 დოლარი გამოდის, ივანიშვილის "სტავკაა“ - თავისი სასტუმრო "პარაგრაფის“ ფასი დაადო" - გიგი უგულავა

"მარნეულის "კაპეზე“ ერთ დღეში 500 დოლარი გამოდის, ივანიშვილის "სტავკაა“ - თავისი სასტუმრო "პარაგრაფის“ ფასი დაადო" - გიგი უგულავა

მარნეულის "კაპეზე“ ერთ დღეში 500 დოლარი გამოდის, ივანიშვილის "სტავკაა“ - თავისი სასტუმროს "პარაგრაფის“ ფასი დაადო მარნეულის "კაპეზეს“ - ხელისუფლება რაც უფრო გაწელავს ზამბარას, ეს ზამბარა მით უფრო მტივნეულად მოხვდება ცხვირში,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს მისი სასამართლო სხდომის შემდეგ განუცხადა, სადაც მას 3 ათასლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

როგორც უგულავამ აღნიშნა, ხელისუფლება დაკავებითა და დაჯარიმებით სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკოსების დაშინებას ცდილობს.

"სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო, დიდი ხანია ტანდემში ერთიან რეჟიმს წარმოადგენენ. ნოტარიალურ კანტორად არიან გადაქცეულები. 3 ათასი ლარი 48 საათზე რომ გავყოთ, მარნეულის "კაპეზე“ 1500 ლარი გამოვიდა. კარგი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს ფასი გამოიყვანეს. ხუმრობა რომ გვერდზე გადავდოთ, ხელისუფლება ცდილობს, დაჯარიმებებით, დაკავებებით, დააშინონ სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. აბსოლუტური სიბრიყვეა. რაც მეტს დაიჭერენ და რაც მეტი იქნება ასეთი ბრუტალური მოქმედებები, საზოგადოების პასუხი იქნება შესაბამისი. რაც უფრო გაწელავს ხელისუფლება ზამბარას, ეს ზამბარა მით უფრო მტივნეულად მოხვდება ცხვირში“,- განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 3000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდა. უგულავა სამართალდამცველებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.