ქართველი ექიმი თამაზ გვილია უკვე მრავალი წელია სამხრეთ აფრიკაში მოღვაწეობს. იგი ამბობს, რომ იქ მაღალ დონეზე გამართული ჯანდაცვის სისტემაა და ქვეყანაში საუკეთესო მეცნიერებიც ჰყავთ.
თამაზ გვილია გვესაუბრება, თუ როგორ წარმატებულად მართა ქვეყანამ პანდემია და ამბობს, რომ ახალ შტამზე იქ არანაირი შიშის საფუძველი არ არის.
- სამხრეთ აფრიკაში ამჟამად ძალიან ნორმალური ვითარებაა, არავითარი შიში და დაძაბულობა არ იგრძნობა. ახალი შტამზე რომ ასეთი აჟიოტაჟი ატყდა, ძალიან გაკვირვებული ვარ, რატომ არის ასეთი წუხილი სხვა ქვეყნებში ან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ. ჩემგან სულ სამი საათის სავალია, სადაც ეგ შტამი პირველად დაფიქსირდა და ჩვენამდე ინფორმაცია არც მოსულა. ჯერ მაგ შტამზე ბევრი ინფორმაციები არც არის, პრეტორიაში დაიწყეს კვლევა და ერთადერთი რა ინფორმაციაც სამედიცინო პერსონალს მოგვაწოდეს, ეს ფორმა ძალიან მსუბუქად მიმდინარეობს. პაციენტების უმრავლესობა სახლში მკურნალობს და ქართულ საინფორმაციოებს რომ ვუყურებ, გაკვირვებული ვამბობდი, საქართველოში ჰგონიათ რომ მეტი იციან ამ ახალ შტამზე, ვიდრე აქ-მეთქი. "დელტა" ბევრად უფრო საშიში ფორმაა, ვიდრე "ომიკრონი" და ხანდახან ვფიქრობ, რომ მსოფლიოში ვიღაცებს სჭირდებოდათ ეს აჟიოტაჟი..
- მოსახლეობა აცრილია?
- დღემდე სამხრეთ აფრიკაში აცრილია თითქმის მესამედი, 28%. 60 მილიონი მოსახლეა, დაინფიცირდა 2 მილიონ 900 ათასი, აქედან 89 ათასი გარდაიცვალა... . პროვინციაში, სადაც ვარ, 6 მილიონ მოსახლეზე 4800 გარდაცვლილია...
- რომელი წლიდან იმყოფებით სამხრეთ აფრიკაში?
- 2010 წლიდან 2019 წლის ჩათვლით სამხრეთ აფრიკაში, დედაქალაქში - იოჰანესბურგში ვიმყოფებოდი, 2020 წელს გადავედი ქალაქ პიტერსბურგში (ქალაქი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ტრანსვაალის პროვინციაში)... ქალაქ პიტერსბურგის აკადემიური საავადმყოფოს, ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი გახლავართ. ამ ქვეყანაში მუშაობა კი იმიტომ მსურდა, რომ ტრავმა-ქირურგია სამხრეთ აფრიკაში ყველაზე კარგად არის განვითარებული. სამხრეთ აფრიკაში სამედიცინო სფეროში მუშაობა საინტერესოა. სამედიცინო თვალსაზრისით ძალიან განვითარებული ქვეყანაა, ყველაფერი მაღალ დონეზეა და ექიმის შრომის დაფასებაც შესაბამისი.
- როგორც ყველა ქვეყანა, კოვიდმა სამხრეთ აფრიკაც მნიშვნელოვნად დააზარალა...
- სამხრეთ აფრიკაში 55 მილიონია ქვეყნის მოსახლეობა ოფიციალურად. არაოფიციალურად ბევრად მეტს ამბობენ, რადგან ქვეყანაში დიდია არალეგალთა რიცხვი და ამიტომაც მოსახლეობას 60 მილიონს და მეტს ვარაუდობენ. აქ დღემდე ვირუსით 89 ათასი ადამიანი გარდაიცვალა, რაც ცოტა არ არის და პირიქით უზარმაზარი ტრაგედიაა... სხვა ქვეყნებთან შედარებით არის პროცენტულად უფრო ნაკლები გარდაცვლილი, თორემ რასაკვირველია, ძალიან დააზარალა...
თავიდან ძალიან კარგად მართავდნენ, შემდეგ აიწია დაინფიცირებულთა რიცხვმა. ვფიქრობ, აქაურ მთავრობას ძალიან კარგი მრჩეველები ჰყავს, იმდენად თანმიმდევრული ნაბიჯები გადადგეს. მაგალითად, შეზღუდვებში შედიოდა ალკოჰოლის აკრძალვა, რადგან ჰოსპიტალებში მეტი ადგილი გაეთავისუფლებინათ. საკმაოდ მაღალია კრიმინალის დონე და უმეტესი შემთხვევები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ხალხის გამო ხდება. ამიტომაც რამდენიმე თვის განმავლობაში ალკოჰოლის აბსოლუტურად ყველა მაღაზია დაიკეტა.
აქ იმდენად კანონმორჩილი მოსახლეობაა, აბსოლუტურად ყველა ნიღაბს ატარებს. ქუჩაში რომ დგას ვინმე და მოწყალებას ითხოვს, მასაც კი ვერ ნახავთ ნიღბის გარეშე...რომ ამბობენ, აფრიკაში სულ ცხელა და ეს უწყობს ხელს ვირუსის ნაკლებად გავრცელებასო, ასე არ არის. ზამთარში შეიძლება თბილისში უფრო მაღალი ტემპერატურა იყოს, ვიდრე იოჰანესბურგში. უბრალოდ, აქ ძალიან მშრალი ჰავაა და საშუალო ტემპერატურა 20-25 გრადუსია. ზამთარში იშვიათად თოვს, მაგრამ ელექტროღუმელის ანთება გვიწევს, რადგან ცივა.
- ჯანდაცვის სფეროში რა კეთდებოდა ვირუსის სამართავად სხვა ქვეყნებისგან განსხვავებულად?
- როგორც მოგახსენეთ, ძალიან კარგად იყო გამართული ჰოსპიტალები... როგორც სხვაგან ხდებოდა, პაციენტებს აქ უბრალო ნიშნებით საავადმყოფოში არ აწვენდნენ. მათი მეთვალყურეობა სახლის პირობებში ხდებოდა. ძალიან ძვირადღირებულ წამლებს არ ყიდულობდნენ თუ მაინცდამაინც დიდ ეფექტს არ იძლეოდა. თავიანთი პროტოკოლები ჰქონდათ შექმნილი... მეც მომიწია მუშაობამ კოვიდპაციენტთა განყოფილებაში. ერთი პერიოდი ვირუსის მართვა შედარებით გართულდა და მაშინ ყველას გვთხოვეს დახმარება. ადგილზე ვნახე, რა კარგად ჰქონდათ ყველაფერი ორგანიზებული - პაციენტთა მოვლა, მიღება, გადანაწილება...
- ვაქცინაცია რამდენად დროულად დაიწყო?
- ვაქცინაცია 2021 წლის თებერვალში დაიწყეს და პირველად ექიმები აგვცრეს. სამ კვირაში ექიმების აცრა დასრულდა და შემდეგ ასაკოვნების აცრა დაიწყო. ჩვენ ჯონსონით აგვცრეს და მერე შემოვიდა ფაიზერი. აქ მხოლოდ ორი ვაქცინაა - ჯონსონი და ფაიზერი. მოსახლეობის აცრა ფაიზერით დაიწყო და მე მაგალითად, აქ ანტივაქსერი არ შემხვედრია, არც გამიგონია, ვინმე აცრას ეწინააღმდეგებოდეს.
- პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, სავალდებულო აცრას არ დავუშვებო...
- ხელისუფლების ცოტა მეტი სიმკაცრე ისევ ხალხისთვის აჯობებდა... სავალდებულო აცრა არც სამხრეთ აფრიკაშია, მაგრამ ერთი ანტივაქსერიც არ მინახავს და საქართველოში ბევრია აცრის წინააღმდეგი. აცრა პირველი საშუალებაა ვირუსისგან დაგვიცვას და გადაცემის გზები შეზღუდოს... ნიღაბიც აუცილებელია და როგორც მოგახსენეთ აქ ყველა ატარებს, მიუხედავად იმისა, რომ ღია სივრცეში სავალდებულო არ არის.
სამხრეთ აფრიკის მედიცინა სახელგანთქმულია მსოფლიოში და ებოლა, ან სხვა ვირუსები რაც კი ვრცელდებოდა, აქაური მეცნიერები იყვნენ ვაქცინის დამგეგმარები. გახსოვთ, ებოლა რამდენად საშიში ვირუსი იყო და მის დამარცხებაში სამხრეთ აფრიკელმა მეცნიერებმა უზარმაზარი წვლილი შეიტანეს. ახლა საერთოდ "ფაიზერის" ვაქცინის გამოშვებას, წარმოებას იწყებს სამხრეთ აფრიკა. ასე განაცხადა აქაური ჯანდაცვის სიტემის წარმომადგენელმა და თუ არ ვცდები, დაიწყეს კიდეც. გასაკვირი არაფერია, მოგეხსენებათ ეს ილონ მასკის ქვეყანაა. აქედან წავიდა და მის მიღწევებზე დღეს საუბარი აღარ არის.