ავტორი:

აფხაზ კრიმინალებს შორის გავლენებისთვის ბრძოლა გრძელდება - რას ვერ იყოფენ ბარცბა და "თენგულიაშ სუხუმსკი"?

აფხაზ კრიმინალებს შორის გავლენებისთვის ბრძოლა გრძელდება - რას ვერ იყოფენ ბარცბა და "თენგულიაშ სუხუმსკი"?

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ქურდული გარჩევები გრძელდება. რამდენიმე დღის წინ, სოფელ ქვემო ეშერაში, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს ადგილობრივ ე.წ. კანონიერ ქურდს, თენგიზ ლაკერბაიას, იგივე, "თენგულიაშ სუხუმსკის". "ჰონდა ფიტის" მარკის ავტომანქანას, საიდანაც აფხაზი კრიმინალის მანქანას ესროლეს, მოგვიანებით, ცეცხლი წაუკიდეს და სოხუმის ცენტრში, ცეცხლმოკიდებული დატოვეს.

მასში ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა ჯავშანჟილეტი, კალაშნიკოვის სისტემის ავტომატი და დიდი ოდენობით მჭიდები აღმოაჩინეს. 21 ნოემბრის ღამეს, ორმხრივი სროლისას დაიჭრა ქვემო ეშერას მცხოვრები, როლანდ ყოლბაია, რომელიც ე.წ. სოხუმის რესპუბლიკის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ფოტო: ekhokavkaza

ცნობისთვის, თენგიზ ლაკერბაიას მკვლელობა პირველად არ უცდიათ, გასულ წელს, როდესაც ის იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს და 4,5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, სხვა პატიმრებმა მას სახეში ადუღებული ზეთი შეასხეს. საბოლოოდ, 2020 წლის მაისში დაკავებული, ე.წ. კანონიერი ქურდი, მიმდინარე წლის ივლისში გაურკვეველი პირობებით გაათავისუფლეს.

თენგიზ ლაკერბაია, იგივე, "თენგულიაშ სუხუმსკი"

ადგილობრივების თქმით, "თენგულიაშ სუხუმსკი" აფხაზეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კრიმინალის, რაულ ბარცბას, იგივე "პიზას" მოწინააღმდეგეთა ბანაკშია და დიდი ალბათობით, როგორც ადრინდელი შემთხვევების, ასევე, ბოლო ინციდენტის უკანაც ბარცბა დგას.

"ბარცბა უფრო ადგილობრივი მასშტაბის ქურდია, თენგულიაშ სუხუმსკი კი, პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის ქართულ კრიმინალურ კლანში საკმაო გავლენებით სარგებლობს და არც ბარცბას აძლევს საშუალებას, რეგიონი სრულ მმართველობაში ჰქონდეს, რაც გუდაუთელ კრიმინალს ძალზე აღიზიანებს. ამიტომაც ხან სად ჩაუსაფრდებიან მისი კლანის წევრები "თენგულიაშ სუხუმსკის", ხან სად, მაგრამ ლაკერბაიას თითქოს ცხრა სიცოცხლე აქვს, ყოველთვის გადარჩა. ეტყობა, ან ძალიან ფრთხილობს, ან ბარცბას ჰყავს არაპროფესიონალი ქილერები", - წერენ ადგილობრივები სოციალურ ქსელებში.

რაულ ბარცბა, იგივე "პიზა"

მათივე თქმით, კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის მორიგი დაპირისპირება, ამჯერად მაინინგის ბიზნესის გამო გამწვავდა. ბარცბა რეგიონალურ პოზიციებს არ თმობს, რასაც თენგულაშ სუხუმსკი და მისი კლანის წევრები არ ეპუებიან.

"ახლა მთავარია, რით დასრულდება გუდაუთელი "პიზასა" და მისი მოწინააღმდეგე კლანის კიდევ ერთხელ გააქტიურება იმის დასამტკიცებლად, რომ აფხაზეთი, თავისი ბიზნესშემოსავლებით მათი კონტროლის ქვეშ უნდა იყოს და ქვეყნიდან არაფერი გავიდეს.

აშკარაა, ბარცბა რისკავს, ვინაიდან ბოლო წლებში ისეთ პერსონებს დაუპირისპირდა, როგორიცაა, ალხაზ აგრბა, იგივე "ალხაზ გუდაუტსკი", თემურ გვასალია, იგივე "მაკოლია", თემურ ახუბა და თენგიზ ლაკერბაია, იგივე "თენგულიაშ სუხუმსკი"... ისინი ქართველ ე.წ. კანონიერი ქურდების კლანად ითვლებიან.

იმისთვის, რომ ბარცბამ თავისი გავლენები გაიმყაროს და ლიდერობა დაამტკიცოს შემოსავალი სჭირდება, ამ მხრივ კი, მას ზურგიდან უტევენ "თენგულიაშ სუხუმსკი" და მისი გუნდი, რომლებიც ძალიან დაინტერესებული არიან, როგორც საკურორტო სეზონის შემოსავლით, ასევე, აფხაზეთში ძალზე პოპულარული კრიპტოვალუტით, რის გამოც, მთელი ზამთრის განმავლობაში დენის გარეშე მოგვიწევს ყოფნა. ჩვენი ხელისუფლება კი ცდილობს ე.წ. კანონიერ ქურდებს შორის შუღლი ჩამოაგდოს და ასე დაასუსტოს ისინი, ან უფრო ძლიერის მხარე დაიკავოს" - წერს ინტერნეტმომხმარებელი დავით გუდაუთსკი.

"არც ერთი კრიმინალის მხარდამჭერი არ ვარ, საერთოდაც, ისეთ დროზე ვოცნებობ, როდესაც ყველანი ციხეში აღმოჩნდებიან, დაახლოებით, ისე, როგორც ეს სააკაშვილმა თავისი მმართველობის დასაწყისში გააკეთა, მაგრამ ბარცბას აშკარად მეტისმეტი მოსდის, ბარემ თავი აფხაზეთის უგვირგვინო, გვირგვინიან მეფედ გამოაცხადოს" - წერს აფხაზი სამოქალაქო აქტივისტი ვერა თხაგუში.