ავტორი:

ბესიკ თამლიანს პატიმრობა შეეფარდა, რის გამოც ის შიმშილობას იწყებს

ბესიკ თამლიანს პატიმრობა შეეფარდა, რის გამოც ის შიმშილობას იწყებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 29 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ ბესიკ თამლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძენ მიიღო.

მოსამართლის განცხადებით, ვლინდებოდა ძალადობრივი მოქმედების ფაქტი, რაც გათვალისწინებული ძალადობის ნიშნებზე მიანიშნებდა. მისივე თქმით, არსებობდა გარკვეული საფრთხეები და მომეტებულად, ხელახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. არსებული მოცემულობით კი პატიმრობა რელევანტურია, რათა საფრთხეები სრულად იყოს აღკვეთილი.

თავის მხრივ, ბესიკ თამლიანმა აღნიშნა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და შიმშილობას იწყებს.

„იძულებული გამხადეთ შიმშილობა გამომეცხადებინა, 55 დღეში თუ იქნება პროცესი, 55-ვე დღე ვიშიმშილებ”, - აღნიშნა ბესიკ თამლიანმა.

ცნობისთვის, ბესიკ თამლიანი 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დააკავეს. ის მანდატურებისთვის განკუთვნილი ჯიხურის სახურავზე იყო ასული. სამართალდამცავების მოწოდების მიუხედავად, თამლიანი არ ჩამოდიოდა, რის შემდეგაც უკვე სამართალდამცავებმა მისი ძალით ჩამოყვანა სცადეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლით წარედგინა, რაც ზეწოლით, ძალადობით ან მუქარით სახელმწიფო საზოგადოებრივი წესრიგის დამცავის მიმართ საქმიანობაში ხელშეშლას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამასთან, ბესიკ თამლიანი ბრალდებულია 20 ივნისის საქმეზე და ის თავისუფლებაში 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ იმყოფება. თამლიანს ბრალი ედება ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.