2 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ე.წ. პიჯაკების საქმეზე იმართება.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2014 წლის 13 აგვისტოს მთავარმა პროკურატურამ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე და მას დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, კერძოდ, 8.837.461 ლარის გაფლანგვას ედავება. გამოძიებით დადგინდა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, თეიმურაზ ჯანაშიას მეშვეობით, "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით, მიხეილ სააკაშვილის მიერ პირადი მიზნებისთვის ბიუჯეტის თანხის ხარჯვა შეინიღბა, როგორც ფარული ხარჯი.
"მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას შორის უკვე არსებული შეთანხმებისა და პრეზიდენტის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის საიდუმლო ფორმით გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი", - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში, რომელშიც დაწვრილებით არის ნათქვამი, რაში დახარჯეს თანხა.
გაზეთ "კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც მოცემულია ამ საქმის რამდენიმე მნიშვნელოვანი ეპიზოდი. გთავაზობთ ფრაგმენტებს სტატიიდან:
პროკურატურის განცხადებით, განკარგულებებით, რომელთაც ადევს გრიფი "საიდუმლო", სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს უკანონოდ დაევალა საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების, ასევე - მათი სტუმრების, როგორც ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ მგზავრობისა და ცხოვრების, კოსმეტიკური პროცედურების, კვების, სწავლის, საჩუქრებისა და სუვენირების, საყოფაცხოვრებო და სხვა ხარჯების დაფინანსება.
ადმინისტრაციამ და სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტომ წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის 20 მილიონი ლარი ისედაც გაიღო, მაგრამ როგორც უწყებაში ამბობენ, ეს მიხეილ სააკაშვილისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და სამი წლის განმავლობაში დამატებით კიდევ 9 მილიონი ლარი დაიხარჯა მისი პირადი და ახლობლების კომფორტისთვის. მუხლი, რომლის მიხედვით სააკაშვილს ბრალი წაუყენეს, გულისხმობს მითვისებასა და გაფლანგვას და 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
როგორც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საიდუმლო ხარჯებით ირკვევა, პრეზიდენტ სააკაშვილს ესპანეთიდან ჩამოყვანილი ჰყავდა მზარეული სერხიო კალდერონ ლატასა. ის 2010-2011 წლებში საქართველოში ცხოვრობდა და პრეზიდენტ სააკაშვილს ემსახურებოდა. მზარეულს მომსახურებისთვის ყოველთვიურად 7.500 დოლარს უხდიდნენ. ამის გარდა, მისთვის დაქირავებული ჰყავდათ თარჯიმანი, რომლის ყოველთვიური გასამრჯელო 3.410 ლარი იყო. მზარეულს ასევე უხდიდნენ სასტუმროს ხარჯს - ის სასტუმრო "კოპალაში" ცხოვრობდა. შემდეგ დაქირავებულ ბინაში გადაიყვანეს, ზუბალაშვილების ქუჩის #7-ში და ბინის ქირას, კომუნალურ ხარჯს, კვებას უნაზღაურებდნენ. მეტიც - სახელმწიფოს ბიუჯეტიდან იხდიდნენ მისი და მისი ქართველი თარჯიმნის საზღვარგარეთ მივლინების ხარჯსაც. ერთ-ერთი ასეთი ხარჯი სახელმწიფოს 5.694 ლარი დაუჯდა. დაფინანსდა ესპანეთში თარჯიმან სალომე რამიშვილის მივლინების ხარჯიც. ყოველთვიურ ხარჯებზე სპეციალური პატაკი იწერებოდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორ თემურ ჯანაშიას სახელზე. სწორედ ის ადებდა რეზოლუციას ბიუჯეტიდან ამ თანხების ჩამოწერას. ჩვენ ხელში აღმოჩნდა არაერთი ასეთი პატაკი, რომლებსაც აქვს გრიფი "საიდუმლო".
"მოგახსენებთ, რომ გაუთვალისწინებელი ფარული ხარჯების ასანაზღაურებლად ჩემზე რიცხული თანხიდან დღეისთვის გახარჯულია 5.694 ლარი. რომელთა დამადასტურებელი დოკუმენტები სიის მიხედვით პატაკს თან ერთვის. გთხოვთ თქვენს განკარგულებას სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოსადმი გახარჯული თანხის ჩამოწერის თაობაზე".
პატაკს ხელს აწერს პრეზიდენტის ოჯახის დაცვის განყოფილების დამხმარე მოსამსახურე თამარ სიხარულიძე (?!). პატაკს თან ერთვის გადახდის ქვითრები.
როგორც ჩანს, ოჯახის დაცვის განყოფილების დამხმარე მოსამსახურე თამარ სიხარულიძის ანგარიშზე იყო გარკვეული თანხა, რომელსაც ის საჭიროებისამებრ განკარგავდა და შემდეგ თანხის ჩამოწერას თემურ ჯანაშიას სთხოვდა. სიხარულიძე ჯანაშიას გაწეული ხარჯის შესახებ პატაკს ყოველთვე აბარებდა. ყველა ასეთ პატაკს გადახდილი ქვითრების ნუსხა Aან ასეთი შინაარსის დოკუმენტი ახლავს: "ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერებმა, მოქალაქე თამარ სიხარულიძემ, საქართველოში სტუმრად მყოფმა ესპანელმა სერხიო კალდერონ ლატასამ შევადგინეთ წინამდებარე აქტი იმაზე, რომ თამარ სიხარულიძემ თარჯიმან სალომე რამიშვილის თანდასწრებით სერხიო ლატასას გადასცა ოქტომბრის თვის მომსახურების ღირებულება 7.500 დოლარის ეკვივალენტი თანხა ლარში, 13.176 ლარი, რაზეც ხელს ვაწერთ".
ესპანელი მზარეულისთვის 2010-2011 წლებში სულ 191.643 ლარი გადაიხადეს.
როგორც მასალებით ირკვევა, სააკაშვილს სტილისტი ირანიდან ჩამოჰყავდა. 1979 წლის 27 ივლისს დაბადებული ალი კამალი ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეა. გამოძიების მტკიცებით, ალი კამალი სააკაშვილის პირადი სტილისტი იყო და წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდიოდა საქართველოში. ის, ძირითადად, რჩებოდა სასტუმრო "კოპალაში". დოკუმენტებით ირკვევა, რომ ყოველ ჩამოსვლაზე ის რამდენიმე დღე რჩებოდა საქართველოში. მის სასარგებლოდ გაწეული ხარჯი - სასტუმრო, ბილეთები და სხვა მომსახურება - 125.070 ლარია.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2011 წლის 24 აპრილს საქართველოში ჩამოვიდა ბელორუსი ახალგაზრდა ქალი კრისტინა ვუსავა. ორ დღეში, კერძოდ, 27 აპრილს, თბილისს ეწვივნენ მისი და და დედაც - ქსენია და ნატალია ვუსავები. გამოძიების მასალებში აღნიშნულია, რომ დები ქსენია და კრისტინა ვუსავები არიან სტრიპტიზის მოცეკვავეები, მოდელები, ესკორტგოგონები. მათ სასტუმროს მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში ბიუჯეტიდან 15.873 ლარი გადაიხადეს. გააგრძელეთ კითხვა