ავტორი:

"ნუ გამხდით იძულებულს, რომ ეს ზომები გამოვიყენო" - ხმაური და კამათი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე (ვიდეო)

"ნუ გამხდით იძულებულს, რომ ეს ზომები გამოვიყენო" - ხმაური და კამათი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე (ვიდეო)

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხმაურით მიმდინარეობს.

დაპირისპირება ადვოკატების შუამდგომლობას მოჰყვა, რომლებიც საქმის ორი პროკურორის, გიორგი მუჯირისა და და არჩილ ტყეშელაშვილის აცილებას ითხოვენ. სააკაშვილის ადვოკატები პროკურორებს მიკერძოებულობასა და საქმის პოლიტიზირებაში ადანაშაულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ბრალდებამ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და განმარტა, რომ აღნიშნული შუამდგომლობა "სრული სამართლებრივი აბსურდია და არ უნდა დაკმაყოფილდეს“.

დაცვისა და ბრალდების მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უკვე თითქმის ნახევარი საათია გრძელდება.

საქმის განმხილველმა მოსამართლემ, ბადრი კოჭლამაზაშვილმა პროცესზე მხარეებს სიმშვიდისა და კონსტრუქციულობისკენ მოუწოდა.

როგორც მან აღნიშნა, მოსამართლის მითითება პროცესზე წესრიგის დასაცავად, არის სავალდებულოდ გასათვალისწინებელი.

"მინდა ერთი განცხადება გავაკეთო - მოგმართოთ ორივე მხარეს, როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს და მოგიწოდოთ, რომ მაქსიმალურად შეეცადოთ პროცესი კონსტრუქციულ გარემოში წარიმართოს. იყავით მაქსიმალურად კორექტულები, დაიცავით პროცესზე ქცევის წესები და პატივი ეცით ერთმანეთს. იცით თქვენ, რომ პოლემიკას, განცხადების გაკეთებასა თუ რეპლიკას აქვს თავისი დადგენილი წესი და ყოველგვარი ამ წესის დარღვევა იწვევს პროცესზე წესრიგის დარღვევას. ისიც იცით, რომ წესრიგის დაცვის მიზნით, მოსამართლის მითითებები არის სავალდებულო, სხვა შემთხვევაში და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, მე შემიძლია, რომ კანონით გათვალისწინებული ზომები გამოვიყენო და ნუ გამხდით იძულებულს, რომ ეს ზომები გამოვიყენო.

ხედავთ, რომ სასამართლო მაქსიმალურად მობილიზებული და მოტივირებულია იმისთვის, რომ პროცესი კონსტრუქციულ გარემოში წარიმართოს, თუმცა, ამაში ხელი უნდა შემიწყოთ მხარეებმაც. გასაგებია, რომ სასამართლო პროცესი არის კონსტრუქტების მართვის პროცესი, მაგრამ ეს უნდა იყოს იმგვარად, რომ არ იყოს ზღვარი დარღვეული, გამიჭირდეს მოწოდების გარეშე თქვენი დაწყნარება და იძულებული გავხდე რაღაც საპროცესო ზომები გამოვიყენო. ამისთვის მე მონდომებული და მოწოდებული არ ვარ,“- განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

ნახეთ ვიდეო: