ავტორი:

როგორ მივიღოთ ახალი წიგნები უსარგებლო მაკულატურის სანაცვლოდ?

როგორ მივიღოთ ახალი წიგნები უსარგებლო მაკულატურის სანაცვლოდ?

„მაკულიტერატურა“ გამომცემლობა „პალიტრა L”-ის პროექტია რომელიც 2012 წლიდან მიმდინარეობს. დაარსების დღიდან დღემდე 150 000 ხე გადაარჩინა განადგურებას და წარმოებისთვის გამოყენებას. ამაში კი თითოეული იმ ადამიანის წვლილია შეტანილი, რომელმაც მაკულატურა ჩააბარა. პროექტის მიზანია: შევინარჩუნოთ გარემო ძველს დავუბრუნოთ ახალი სიცოცხლე და უსარგებლო შევცვალოთ თქვენთვის სასარგებლო ახალი წიგნით.

ამ პროცესში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. სახლში ყველა ჩვენგანს მოეპოვება მაკულატურა - თაბახის ფურცლები, რვეულები, გაზეთები, წიგნები ყოველგვარი მხატვრული ღირებულების გარეშე, რომლებიც გადასაყრელად არის გამზადებული, მას აღარც გამოვიყენებთ და აღარც წავიკითხავთ, თუმცა შეგვიძლია, „მაკულიტერატურისთვის“ მიწოდებით ხეებიც ვიხსნათ და მათ ახალი დანიშნულებაც მოვუძებნოთ.

„მაკულიტერატურა“ ჩაბარებული მაკულატურის სანაცვლოდ მხოლოდ ახალ წიგნებს გვთავაზობს. მისი წარმომადგენლები განმარტავენ, რომ მათი წამოწყება ემსახურება როგორც ეკოლოგიაზე ზრუნვას, ისე წიგნის გავრცელების ხელშეწყობას - აბარებთ უსარგებლო მაკულატურას, სანაცვლოდ იღებთ თქვენთვის სასურველ და საინტერესო ლიტერატურას.

პროექტის მენეჯერის ანა ჯოჯუას თქმით, „მაკულიტერატურა“ მრავალ ოჯახს დაეხმარა პირადი ბიბლიოთეკის შექმნაში, გარდა იმისა, რომ გარემოს მიმართ ეკოდამოკიდებულებითაც გამოირჩევა:

„პროექტის მიზანია, შევინარჩუნოთ გარემო. უამრავი გამოუსადეგარი ქაღალდი, ჟურნალი, გაზეთი, წიგნი გროვდება სახლში, ბიბლიოთეკებში. მეორეული ქაღალდი კი გადამუშავდება, იქცევა ისევ ქაღალდად და უბრუნდება იმ ბაზარს, რომლისთვისაც ხე უნდა მოიჭრას. წიგნის მოყვარულებს ვაძლევთ საშუალებას, გაცვალონ უსარგებლო მაკულატურა მათთვის სასურველ და საინტერესო წიგნებში და ამით წვლილი შეიტანონ გარემოს დაცვაში,“ - აღნიშნავს ანა ჯოჯუა.

„მაკულიტერატურის“ წარმომადგენლებმა განგვიმარტეს, რომ ძველი წიგნების, ჟურნალების, გაზეთების, თუ სხვა მაკულატურის ჩაბარება შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ისე კომპანიებს და ორივე მათგანი სანაცვლოდ ახალ წიგნებს მიიღებს.

პროექტი დაწყების დღიდან უწყვეტად გრძელდება და ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მაკულატურის სანაცვლოდ ახალი წიგნები მიიღოს. მაკულატურის ჩაბარება შეგიძლიათ ყოველ დღე, კვირის გარდა, 10:00 - საათიდან 18:00 - საათამდე.

მისამართები:

თბილისი: წერეთლის 116, დიდუბე პლაზის ეზო. (ტელ: 599 88 82 26)

ქუთაისი: ავეჯის კომბინატი სულხან-საბას 2/ გუგუნავას.(ტელ: 599 04 77 32)