"მაქვს ოცნება, პატარა კრედიტი გამოვიტანო და სასტუმრო გავაკეთო" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოდან წასვლის შემდეგ, მის ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა საჭმლის ფულიც კი არ ჰქონდა.
"ჩვენ მოვედით ცარიელ ქვეყანაში, ავავსეთ ის და წავედით ცარიელები. სანდრა და ჩემი შვილი ნიკუშა ცხოვრობენ იმ სახლში, რომელიც ჩვენ გვაჩუქა მამამისმა ედუარდმა.
ყვარელში ვერ დავამთავრე ის, რაც მინდოდა და აუცილებლად დავამთავრებ. მაქვს ოცნება, პატარა კრედიტი გამოვიტანო და 40-ნომრიანი სასტუმრო გავაკეთო, მაგრამ დღეს რაც არის, ყველას შეგიძლიათ წახვიდეთ და ნახოთ.
იყო დრო, როდესაც წავედი საქართველოდან, მართლა საჭმლის ფულის პრობლემა მქონდა და ეს დედაჩემმა კარგად იცის, მერე დავიწყე ლექციების კითხვა და ბოლო წლებში, უკრაინაში, ვაღიარებ, რომ ასე კარგად არასდროს არ ვყოფილვარ, იმიტომ რომ როგორც იქნა, სახელმწიფომ და ბიზნეს-სექტორმა ჩემი გამოცდილება დააფასა სათანადოდ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.