ავტორი:

"ირაკლი PCR ტესტის პასუხით მოვა... არ გვაინტერესებს მისი შეხედულებები ვაქცინაზე" - რას ამბობენ კლუბში, სადაც ფირცხალავა კონცერტს გეგმავს

"ირაკლი PCR ტესტის პასუხით მოვა... არ გვაინტერესებს მისი შეხედულებები ვაქცინაზე" - რას ამბობენ კლუბში, სადაც ფირცხალავა კონცერტს გეგმავს

უკვე მეორედ ანტივაქსერების მიტინგს თბილისში ირაკლი ფირცხალავა შეუერთდა. რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის მომღერლის გამოჩენა რუსთაველზე, ანტივაქსერების მიტინგზე სოციალურ ქსელში გაღიზიანების მიზეზი გახდა. ფირცხალავა კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა, მას რუსეთიდან სპეციალურად გამოგზავნილიც კი უწოდეს. ასევე ურჩევდნენ, რომ უკან დაბრუნებულიყო იმ ქვეყანაში, სადაც წლების მანძილზე ცხოვრობდა.

რეალურად კი ამ ნაბიჯით მომღერალი ძალიან ამაყობს და "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე აქციაზე გადაღებულ ფოტოებს და ვიდეოებს აქვეყნებს და წერს, რომ ქართველმა ხალხმა ღვთის მადლით თვალები გაახილა და საფრთხე გააცნობიერა. მომღერალი ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ძირითადად ანტივაქსერული შინაარსის ვიდეოებს აქვენებს.

ირაკლი ფირცხალავას აქციაზე გამოსვლის შემდეგ, სადაც მომღერალმა მწვანე პასპორტები გააპროტესტა, სოციალურ ქსელში გავრცელდა ერთ-ერთი კლუბის ანონსი, რომელშიც მომღერალი შაბათს კონცერტს გამართავს.

მოგეხსენებათ, 1 დეკემბრიდან ძალაში შევიდა მწვანე პასპორტების კანონი, რომლის მიხედვითაც ადამიანი გასართობ ადგილზე ვერ შევა, თუ არ იქნება ორჯერადად აცრილი ან არ ექნება პისიარ ტესტის პასუხი, რომელიც ბოლო 72 საათში ჩაიტარა.

Ambebi.ge კლუბ "ლენდმარკის" დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს ნინა ასათიანს დაუკავშირდა და ჰკითხა, როგორ მოხვდებოდა აუცრელი ირაკლი ფირცხალავა შაბათს საკუთარ კონცერტზე, რადგან მას არ აქვს "მწვანე პასპორტი".

ნინა ასათიანი:

- ჩვენ ვატარებთ კონცერტს და არ გვაინტერესებს მისი შეხედულებები პოლიტიკასა და ვაქცინაზე. ჩვენ ყველა სტუმარს ექნება წარმოდგენილი "კოვიდ პასპორტი". ირაკლის და იმ სტუმრებს ვისაც არ ექნებათ სხვა და სხვა მიზეზების გამო, ადგილზე ჩვენთან იქნება ლაბორატორია და მათ გაუკეთდებათ სწრაფი ტესტი, რომელიც სისტემაში აიტვირთება.

- ირაკლი ფირცხალავა მხოლოდ ტესტის გავლის შემდეგ შეძლებს კონცერტზე გამოსვლას?

- დიახ, 1 დეკემბრიდან შესულ ახალ რეგულაციებს, ჩვენ ზედმიწევნით ვიცავთ. საერთოდ, როდესაც დიდი ღონისძიება გვაქვს, ყოველთვის ადგილზე მოგვყავს ლაბორატორია და სტუმრებს სწრაფ ტესტს ვუკეთებთ. ამჟამად დაახლოებით 5 სტუმარია, ვისაც არ აქვს "კოვიდ პასპორტი" და მათ გავუკეთებთ სწრაფ ტესტს. ირაკლიმ, როგორც თავად მითხრა, პისიარ ტესტის პასუხით მოვა.

ჩვენი ინფორმაციით, ირაკლი ფირცხალავა უკვე ორი წელიწადია, რაც საქართველოში კერძოდ კი ბათუმში ცხოვრობს, თუმცა მისი "ინსტაგრამის" გვერდიდან ჩანს, რომ შვილებთან ერთად ხშირად მოგზაურობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში.

ირაკლი ფირცხალავა შვილებთან ერთად ქანდაში

Ambebi.ge-ს წყარო უყვება, რომ ფირცხალავა ბათუმში ერთ-ერთ ახალაშენებულ კორპუსში ცხოვრობს და საქართველოში მას შემდეგ გადმოსახლდა, რაც პანდემია დაიწყო.

ირაკლი ფირცხალავა, რომელსაც მოსკოვში უბრალოდ ირაკლის უწოდებენ, 1977 წლის 13 სექტემბერს მოსკოვში დაიბადა. მომღერლის მამა ნიკოლოზ ქსნელაშვილი საქართველოში ცნობილი გინეკოლოგია. მშობლები მისი დაბადებიდან მალე დაშორდნენ და მომღერალი დედის გვარზეა.

წარმატებული მუსიკალური კარიერის პარალელურად მომღერალი დაოჯახებას არ ჩქარობდა, თუმცა მოგვიანებით მისი გული მსახიობმა სოფია გრებენშიკოვამ მოიგო, 2010 წელს კი წყვილმა იქორწინა.

"ოჯახი თავიდან ძალიან ბედნიერი ჩანდა, შეეძინა ორი შვილი - საშა და ილია, თუმცა წყვილი მაინც დაშორდა. მოგვიანებით რუსულ მედიაში მომღერალმა აღიარა რომ დაშორების მიზეზი ეჭვიანობა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ დაშორდნენ, წყვილს მაინც უყვარს ერთმანეთი,“ - წერს რუსული მედია.