ავტორი:

"საზოგადოება დაინფიცირების შემთხვევების ზრდისთვის მზად უნდა იყოს" - რას ამბობს ჯანმო-ს წარმომადგენელი "ომიკრონ" შტამზე

"საზოგადოება დაინფიცირების შემთხვევების ზრდისთვის მზად უნდა იყოს" - რას ამბობს ჯანმო-ს წარმომადგენელი "ომიკრონ" შტამზე

აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებმა უნდა გააძლიერონ თავიანთი ჯანდაცვის სისტემები და სრულად აცრან მოსახლეობა იმისთვის, რომ დაინფიცირების შეთხვევების ზრდისთვის მოემზადონ, რაც შესაძლოა "ომიკრონ“ ვარიანტმა გამოიწვიოს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონალურმა დირექტორმა ტაკეში კასაიმ განაცხადა.

მისი თქმით, ახალი ვარიანტის გავრცელების შესაჩერებლად სასაზღვრო კონტროლი მხოლოდ დროის მოგების საშუალებაა.

"ახალი ვარიანტის გავრცელების შესაჩერებლად სასაზღვრო კონტროლი მხოლოდ დროის მოგების საშუალებაა, მაგრამ ყოველი ქვეყანა და საზოგადოება დაინფიცირების შემთხვევების ზრდისთვის მზად უნდა იყოს,“- აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ჯერჯერობით არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ საჭიროა ვირუსის მიმართ მიდგომის შეცვლა.

"ხალხი მხოლოდ სასაზღვრო ზომების იმედზე არ უნდა იყოს. მთავარია, მზად ვიყოთ პოტენციურად უფრო გადამდები ვარიანტებისთვის. ამჟამად არ არსებობს ინფორმაცია, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ მიდგომა უნდა შევცვალოთ", - აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, კორონავირუსის ახალი, "ომიკრონ“ ვარიანტით დაინფიცირების შემთხვევები, რომელიც პირველად სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა, მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალ ვარიანტს "შემაშფოთებელი ვარიანტის“ კლასიფიკაცია მიანიჭა. მეცნიერები იკვლევენ და აგროვებენ მონაცემებს იმის დასადგენად, არის თუ არა "ომიკრონ“ ვარიანტი უფრო გადამდები და იწვევს თუ არა ის დაავადების უფრო მძიმე ფორმას, ვიდრე კოვიდ 19-ის აქამდე გავრცელებული ვარიანტები.