თითქოს, საკუთარი შვილის სწავლის დაფინანსება შეიძლება გამართლდეს იმით, რომ მისი შვილი არის ნიჭიერი და მას საიდუმლო ხარჯებით შეეძლო შვილის დაფინანსება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ წევრმა შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც პაპუაშვილი განმარტავს, ყოფილი პრეზიდენტის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან შეფასებები არ განხორციელებულა.
""შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მძიმე იყო განცხადებები ზოგიერთის მხრიდან და ზოგიერთის მხრიდან რეაგირების გარეშე ამ განცხადებების დატოვება. ვგულისხმობ, განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს საკუთარი შვილის სწავლის დაფინანსება შეიძლება გამართლდეს იმით, რომ მისი შვილი არის ნიჭიერი და მას საიდუმლო ხარჯებით შეეძლო მისი შვილის დაფინანსება. ეს რა თქმა უნდა, აბსურდია და კორუფციის ტიპური მაგალითია. სამწუხაროა, რომ გუშინ ამის გამართლება "ნაციონალური მოძრაობის“ და მათი პოლიტიკური პარტნიორების მხრიდან სხვადასხვა მიზეზით მოვისმინეთ. მათ შორის, მოვისმინეთ გამართლება თითქოს, შეეძლო ბიზნესმენებისგან დაფინანსება მოეთხოვა, როგორც ჩანს, ამ ადამიანებს ბიზნესის რეკეტი ნაკლებ დანაშაულად მიაჩნიათ. სამწუხაროდ, ვერანაირი რეაქცია ვერ მოვისმინეთ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც დაკავებული არიან კორუფციის გამოვლენის საკითხებით და ასევე დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლით. მათ ამ საკითხთან დაკავშირებით, იქნება ეს შვილის დაფინანსების საკითხი თუ სხვადასხვა კოსმეტიკური პროცედურები, რასაც ხალხის ფულით აფინანსებდა მიხეილ სააკაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან არანაირი რეაქცია არ მომისმენია. მას შემდეგ, რაც დეზინფორმაცია წავიდა მედიის საშუალებით და კორუფციის გამართლების მცდელობა, იმ ორგანიზაციებს, რომლებიც წესით დეზინფორმაციას უნდა ებრძოდნენ, არანაირი განცხადება ან კომენტარი არ გაუკეთებიათ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.